ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში სერიოზული ინტერესები აქვს, მაგრამ ეს
ინტერესები ვაშინგტონისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს. შეერთებული შტატების მიზნებია: სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში, „გაყინული“ კონფლიქტების ზონებში სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერა და სახელმწიფოს მართვის სისტემის სრულყოფა, აგრეთვე აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ინტეგრირება მსოფლიო თანამეგობრობასთან.
აშშ-ის პოლიტიკური კურსი სამხრეთ კავკასიაში
ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის მონაწილეობამ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში ხელი შეუწყო შესამჩნევ პოზიტიურ გარდაქმნებს რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში. მაგრამ ზოგიერთი ინიციატივა, რომლებსაც აშშ მხარს უჭერდა, ზედმეტად ამბიციური გამოდგა, რადგან ვაშინგტონმა, ჯერ ერთი რომ რეგიონის ქვეყნების წინაშე მდგარი პრობლემები ჯეროვნად ვერ შეაფასა და მეორე - ადექვატურ რესურსებს არ ფლობდა.
მომდევნო წლებშიც აშშ-ის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაზე ძველებურად ექნება გავლენა შეზღუდულ რესურსებს და რეგიონში არსებულ არახელსაყრელ პირობებს. ამასთან ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი დასახმარებლად, მათი საშინაოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ ვერ შეძლებს რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეცვლას და თუ ამას შეეცდება, მაშინ ვაშინგტონს მოუწევს რუსეთის დომინირებად როლთან დაპირისპირება...
შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიიდან არ უნდა წავიდეს, მაგრამ ვაშინგტონის წარმატება დამოკიდებული იქნება დაბალანსებულ მიდგომაზე - აღებულ ვალდებულებებზე და რეალურ შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიქეცეს სტრუქტურულ გარდაქმნათა ზღვრების ობიექტურ შეფასებას.
აშშ-ის გრძელვადიანი მიდგომა
აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ხუთ საბაზო პრინციპს უნდა ემყარებოდეს:
1) მთავარი ყურადღება კონფლიქტების თავიდან აცილებას უნდა დავუთმოთ. არ უნდა იქნეს დაშვებული გაყინული კონფლიქტების ესკალაცია და სამხედრო მოქმედებების განახლება. ესაა აშშ-ის პოლიტიკის უპირველესი და უმაღლესი პრიორიტეტი სამხრეთ კავკასიაში;
2) დემოკრატიული ფასეულობების დანერგვის დროს წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიზაციის პროცესს, მაგრამ ერთიანი რეგიონული მიდგომა შესაძლოა ეფექტური არ აღმოჩნდეს, რადგან აქაური სახელმწიფოები მოძრაობის სხვადასხვა ტრაექტორიაზე იმყოფებიან. ვფიქრობთ, ყველაზე პერსპექტიული იქნება დიფერენცირებული მიდგომა და თითოეული ქვეყნის განვითარების სპეციფიკის გათვალისწინება;
3) არ უნდა დავუშვათ ზედმეტი იმედები და მოლოდინები რეგიონის ქვეყნებისათვის. [უნდა გვახსოვდეს, რომ] ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან შედარებით, უფრო ნაკლები გეოპოლიტიკური პოზიციები აქვს. ვაშინგტონმა არ უნდა აღუთქვას რეგიონის ქვეყნებს ისეთი დახმარება მოსკოვის გავლენის საწინააღმდეგოდ, რასაც აშშ რეალურად ვერ განახორციელებს. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს და მის სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ.
4) უნდა დავტოვოთ ადგილი ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობისთვისაც. აშშ-ის მიზანია რეგიონის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა და სხვა რეფორმების გატარება, მაგრამ ვაშინგტონისათვის უმჯობესი იქნება თავისი ძალისხმევა ევროკავშირთან კოორდნირებით განახორციელოს;
5) რეალურად უნდა შეფასდეს რეგიონის სათბობ-ენერგეტიკული პოტენციალი და მისი როლი. წინა პერიოდში კასპიის ზღვის სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნებისათვის ზედმეტ მოლოდინებს აჩენდა. ასეთი მიდგომები გადასასინჯია.
(...)
საქართველო აშშ-ის პოლიტიკაში
2000-იანი წლების დასაწყისში, როცა აზერბაიჯანში (და სომხეთშიც) დემოკრატიული ცვლილებები საეჭვო გახდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორიენტირები შეცვალა და მეტი ყურადღება საქართველოს დაუთმო. საქართველო მიისწრაფვოდა იმ გზით ევრლო, რომელიც პოლონეთმა, რუმინეთმა და ბალტიის რესპუბლიკებმა გაკვალეს. საქართველოს „რუსული ორბიტიდან“ გამოსვლა სურდა, ამიტომ რეფორმების გატარება დაიწყო, ნატოში და ევროკავშირიში გაწევრიანების იმედით.
საბოლოო ჯამში, საქართველო აშშ-ის ფავორიტი სახელმწიფო გახდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელიც თავისი მეზობლებისაგან სულ უფრო განნსხვავდებოდა: აზერბაიჯანში ილჰამ ალიევი საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებით იყო დაკავებული, სომხეთში კი დემოკრატიული გარდაქმნები პრაქტიკულად შეჩერდა. იგივე ხდებოდა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა რეგიონში - ცენტრალურ აზიაშიც... ასეთ სიტუაციაში, ვაშინგტონის აზრით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც წინ სწორი მიმართულებით მიდიოდა. საქართველო შეერთებული შტატებისათვის საყვარელ ქვეყნად იქცა, რუსეთს კი პირიქით, თვალში ეკალივით ესობოდა. აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი მიიჩნევდა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის - „თავისუფლების სტრატეგიის“ მტკიცე მომხრე იყო, თუმცა სულ სხვაგვარად ფიქრობდა რუსეთი: მოსკოვის აზრით, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დასავლურ სტრუქტურებში უნდა შეჩერებულიყო, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების კონტექტში. მიუნჰენის უსაფრთხოების მაშინდელ კონფერენციაზე რუსეთი პრეზიდენტმა აშკარად გააფრთხილა ალიანსი რუსეთის საზღვრებს არ მიახლოებოდა და ახალი წევრები არ მიეღო. რამდენადაც საქართველო ყველაზე პოტენციური კანდიდატი იყო ნატოში მისაღებად, აშკარა იყო, რომელი სახელმწიფო იგულისხმა ვლადიმერ პუტინმა.
ევროატლანტიკური ექსპანსიისადმი რუსეთის დაპირისპირების უმაღლესი მომენტი გახდა 2008 წლის აგვისტო, როცა რუსეთის არმიამ, სწრაფი სამხედრო მოქმედების შედეგად, საქართველოს ჯარები დაამარცხა. რუსეთ-საქართველოს ომი გახდა აშშ-ის პოლიტიკის ევოლუციისა და მისი „შემობრუნების პუნქტი არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის მიმართაც. კრემლის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აქციამ აჩვენა, რომ რუსეთი უკვე აღარ მოითმენს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გავლენის გაძლიერებას თავის საზღვრებთან ახლოს და რომ ამიერიდან რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანება რუსეთი აღარ დაუშვებს. კრემლმა ასევე მიანიშნა, რომ მზადაა ისევ ძალა გამოიყენოს, თუ რომელიმე მისი უშუალო მეზობელი რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას შეეცდება. ფაქტია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არ იყვნენ რუსეთთან საომრად, ნატოს აღმოსავლური ექსპანსიასთან დაკავშირებით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გამო.
რადგანაც არცერთი მხარე არ აპირებდა გაცხადებული პოზიციიდან უკანდახევას, საქართველო „ჰაერში გამოკიდებული“ დარჩა: ერთი მხრივ, თბილისი ინარჩუნებდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას და მას მუდამ ეუბნებოდნენ, ნატოს კარი მისთვის ღიაა და მიღების საკითხი კვლავ განიხილებაო, მეორე მხრივ კი ალიანსში მისი გაწევრიანების შანსი უახლოეს მომავალში პრაქტიკულად ნულოვანი იყო.
აშშ-ის პოლიტიკის ასეთი აშკარა ჩიხის გამო სამხრეთ კავკასიამ ვაშინგტონისათვის ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა: აზერბაიჯანთან ურთიერთობა გართულდა ილჰამ ალიევის ავტორიტარული მმართველობის გამო, ხოლო სომხეთი, რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის გამო, ამერიკისათვის დასაყრდენად ვერ გამოდგებოდა. საქართველოსთან ურთიერთობა დამუხრუჭდა იმდენად, რამდენადაც ვაშინგტონს არ სურდა რუსეთთან კონფრონტაციაზე წასვლა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იმპულსის შესუსტებამ მოამზადა ნიადაგი, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლელი პოლიტიკური ლიდერის როლი აშშ-დან ევროკავშირზე გადასულიყო. ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი იუნსტრუმენტი ამ რეგიონში გახდა ასოცირების შეთანხმება, რომელიც იმ ქვეყნებს, რომლებიც მას ხელს აწერენ, ევროკავშირში გაწევრიანებას არ პირდება, მაგრამ ხელს უწყობს მათ უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრირებას და პოლიტიკურ კავშირებს ევროკავშირთან, რეფორმების გატარების სანაცვლოდ. ასოცირების შეთანხმებისადმი ყველაზე მეტ ყურადღებას საქართველო და სომხეთი იჩენდნენ, აზერბაიჯანი კი გულგრილად უყურებდა.
2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდგომ აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში გამოიხატებოდა სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში და არა რაიმე მნიშვნელოვანი „გარღვევითი“ ქმედებით. წარუმატებელი გამოდგა ვაშინგტონის დიპლომატიური ინიციატივა სომხეთ-თურქეთის შერიგების თაობაზე (ე.წ. „ციურიხის ოქმები“). ამის შემდეგ აშშ-მა მთავარი ყურადღება დაუთმო ახალი კონფლიქტის თავიდან აცილებას თბილისსა და მოსკოვს შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის გაგრძელებას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოსადმი დახმარების გაწევას ახალი ხელისუფლების პირობებში (მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში), აზერბაიჯანელი მოსახლეობის დახმარებას სულ უფრო ავტორიტარული რეჟიმთან ურთიერთობაში და რეგიონში მეტ-ნაკლებად ყოფნის შენარჩუნებას, რომელიც ავღანეთის სამხედრო მოქმედებათა თეატრთან კავშირს უზრუნველყოფდა.
(...)
დასკვნა
ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში სერიოზული ინტერესები აქვს, მაგრამ მათგან არცერთი არ ითვლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. შეერთებულმა შტატებმა რეგიონის ქვეყნებთან აქტიური კონტაქტები უნდა შეინარჩუნოს, მხარი უნდა დაუჭიროს საშინაოპოლიტიკურ გარდაქმნებს და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. სამივე სახელმწიფოს აქვს საკუთარი საშინაო და საგარეო პრობლემები. ყველა შემთხვევაში მათი გადაჭრა უნდა მოხდეს უფრო ევოლუციური, ვიდრე რევოლუციური გზით. ამიტომაც აშშ-ის პოლიტიკა რეგიონში გამიზნული უნდა იყოს ტრასფორმაციული პროექტების ძიებისა და მათი რეალიზებისათვის და არა მათი მხარდაჭერისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
აშშ-ის მცდელობებმა რეგიონში სერიოზული ცვლილებების ინიცირების მიზნით მოლოდინები არ გაამართლა და საეჭვოა, მომავალში ახალი მცდელობებიც წარმატებული იყოს. პრინციპი „ნელა იარე და უფრო მეტს მიაღწევ“ ოპტიმალური რჩება და სავსებით შეესაბამება როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მდგომარეობას, მათ მოთხოვნებს, ასევე აშშ-ის ინტერესებს რეგიონში
ავტორები: ევგენი რუმერი, რიჩარდ სოკოლსკი და პაულ სტრონსკი

















