„დასავლეთის ნეოლიბერალური ექსპანსიის ავანტიურა თანდათანობით აჩენს თავის
სამწუხარო შედეგებს. სახეზეა ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობა. ამ ავანტიურის არნახული მაგალითი კი პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მოჩანს - უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე. ახალი ფაქტებისა და მოვლენების კვალობაზე თანდათან ნათელი ხდება, თუ როგორ გვაიძულებდნენ 2000-იან წლებში დაგვეჯერებინა და „გადაგვეყლაპა“ ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული რევოლუციიების“ სატყუარა“, - წერს თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ („რესპუბლიკა“). სტატიის ავტორი - ჯეიდა კარანი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„ამ თვალსაზრისით ყველაზე ტრაგიკომიკური მოვლენები მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და „აშშ-ის კაცს“ კავკასიაში.
საქართველო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი 2004-2013 წლებში მართავდა, აშშ-ის ადმინისტრაციის ანკესს წამოეგო და 2008 წელს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება მოისურვა, თუმცა რუსეთის არმიის წინააღმდეგობას წააწყდა. რუსეთის ჯარები თითქმის თბილისამდე მივიდნენ, შემდეგ უკან დაიხიეს, მიხეილ სააკაშვილი კი საუკუნოდ შევიდა ისტორიაში „ჰალსტუხის მღეჭავი ლიდერის“ სახელით.
რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილისათვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის დასრულება არასასიამოვნო იყო. იგი კორუფციაში დაადანაშაულეს, მაგრამ მისთვის 2014 წელს უკრაინაში დაწყებული რევოლუცია ერთგვარი „მაშველი რგოლი“ აღმოჩნდა: იგი ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში მიიწვია, ჯერ თავშესაფარი მისცა, შემდეგ კი გუბერნატორადაც დანიშნა. მოგვიანებით, როცა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო ოლიგარქებთან კავშირში ამხილა, იგი ქვეყნიდან გააძევეს.
მიხეილ სააკაშვილი ისე იქცევა, რომ მისი ისტორია კაცობრიობის კუთვნილებად შეიძლება ჩავთვალოთ: იგი პიარის დიდოსტატია, თვითმკვლელობის ინსცენირებაც კი მოაწყო პირდაპირ ეთერში. საბოლოო ჯამში იგი კარგად შეფუთეს და პოლონეთში გაუშვეს.
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში კიევის რესტორანში მისი დაკავების კადრებიც გამოაქვეყნა.
მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რამ გვაინტერესებს: რატომ გააძევეს მიხეილ სააკაშვილი სწორედ მაშინ, როცა სასამართლოში მაიდნის დროს მომხდარი მასობრივი მკვლელობების საქმე იხილება? იმიტომ, რომ იგი ახლოს იცნობდა მკვლელობის შემსრულებლებს - ქართველ სნაიპერებს, რომლებიც ხოცავდნენ როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციის სპეცრაზმელებს, ანუ „ბერკუტის“ წევრებს.
გასული წლის ბოლოს საქართველოს არმიის ყოფილმა მეომრებმა ალექსანდრე რევაზიშვილმა, კობა ნერგაძემ და ზალოგი კვარაცხელიამ სამი წლის წინანდელ ისტორიაზე იტალიურ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრეს. ისინი ჰყვებიან, რომ თუ როგორ ჩაიყვანა ისინი კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა მამუკა მამუკელაშვილმა, როგორ იგეგმებოდა გადატრიალება, როგორი ინსტრუქტაჟი გაუწია მათ ამერიკელმა ინსტრუქტორმა და ა.შ.
ქართველმა სნაიპერებმა ხალხი დახოცეს, მათი სამოქმედარი კი ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვას მიაწერეს, რომლებსაც „რუსეთუმეებს“ უწოდებენ.
უკრაინის დღევანდელი მძიმე მდგომარეობა თვალნათლივ მიუთითებს მომხდარის შედეგებზე. 2014 წლის რევოლუცია, წინა „ნარინჯის რევოლუციისაგან“ განსხვავებით (რომელმაც საკუთარი თავი მოჭამა), ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს ყველაფერი სახეზეა: ხელისუფლება, რომელიც ნეონაცისტებთან თანამშრომლობს, ოლიგარქია, რუსოფობია, დონბასის პრობლემა... ეს ყველაფერი კიევს ამერიკისაგან გულუხვი დახმარების მიღების საშუალებას აძლევს.
უკრაინის ამბები მსოფლიო მასმედიაში „დემოკრატიული რევოლუციის“ ლეიტმოტივით შუქდება, მაგრამ სინამდვილეში იქ პროდასავლური ადმინისტრაცია შეიქმნა. ჰოდა, ქვეყნის მდგომარეობაც მისი შედეგია.

















