ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა ექსპერტ ლუკ კოფის ანგარიში, რომელიც ამავე
ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა (მასში ნახსენებია 1918 წელიც), საქართველო მიერ ნატოსთან ინტერგირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა უარი ეთქვა დასავლეთთან კავშირების გამყარებაზე. „საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო გახდა იმედის ნაპერწკალი რთულ რეგიონში. საქართველოში შედგა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, თავისუფალი და ღია არჩევნების გზით. ქვეყანამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, რათა ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოეხდინა. აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, დაეხმაროს მას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, – წერს ამერიკელი ექსპერტი.
ანგარიშის ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს 2018 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ავტორი წერს, რომ აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი, რაც რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.
ამავე დროს, როგორც ლუკ კოფი აღნიშნავს, „ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ. „ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება“, – ნათქვამია Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

















