რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა გაზეთ
«КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტს ელენე ჩერნენკოს და თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრა. იგი განსაკუთრებით შეეხო რუსეთის ინტერესებს და აღნიშნა, თუ სად გადის მოსკოვისათვის „წითელი ხაზები“, რომელიც დასავლეთმა არ უნდა დაარღვიოს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებსს ინტერვიუდან:
------
„[1980-იანი წლების ბოლომდე სსრ კავშირსა და დასავლეთს შორის] გამალებული შეიარაღება მისაღებ გეოპოლიტიკურ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ორივე მხარისათვის იყო პირობითი ხაზი ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულებას შორის და მოქმედებდნენ პრინციპით: „შენ თუ მარცხნიდან შეიარაღდებდი, არც მე არ ჩამოგრჩები და მარჯვნიდან შევიარაღდები“. საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა გამალებულ მილიტარიზმს ვერ გაუძლო და წელი მოსწყდა. ცხადია, „ვარსკვლავურმა ომებმა“ და სხვა ხრიკებმაც გარკვეული როლი შეასრულეს, მაგრამ არა გადამწყვეტი. საბჭოთა კავშირი უფრო იმიტომ დაიშალა, რომ ქვეყანამ, მისმა ელიტამ ვერ შეიგრძნო დროულად ცვლილებათა აუცილებლობა, ხოლო როცა გააცნობიერა, გარდაქმნა უკვე სხვა გზით [უკონტროლოდ] განვითარდა.
(...)
დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პირობებში, არანაირი წესები აღარ არსებობს. ნატოსათვის არსად არაა ისეთი ხაზები, რომელიც „წითელ მიჯნებად“ ითვლება. თუ ჩვენ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ თითქოსდა რუსეთს ევროატლანტიკურ რეგიონში არანაირი ინტერესები არ აქვს, მაშინ ნატოსათვის „წითელი ხაზი“ რუსეთის ფედერაციის საზღვარი იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ რეგიონში ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონიერი ინტერესები, იქ არიან რუსები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცებ საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ. არსებობს კულტურული, ისტორიული, ოჯახური მჭიდრო კავშირები. რუსეთს აქვს უფლება დაიცვას თავის თანამემამულეთა ინტერესები - მით უმეტეს იმ დროს, როცა ზოგიერთ ქვეყანაში მათზე დევნა ხორციელდება, როცა შევიწროვება ხდება, როგორც, მაგალითად, უკრაინაში.
(...)
„წითელი ხაზი“ იყო საქართველოშიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, თავისი ბრძანებით გადააბიჯა. სამხრეთ ოსეთში რუსი, ოსი და ქართველი მშვიდობისმყოფლები იდგნენ. საქართველომ თავისი მშვიდობისმყოფლები აბსოლუტურად პროვოკაციული და არალეგიტიმური შეტევის წინ რამდენიმე საათით ადრე გაიყვანა.
რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. რუსეთს აქვს თავისი „წითელი ხაზები“. ვფიქრობ, დასავლეთში სერიოზული პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ რუსეთის მიერ მონიშნულ „წითელ ხაზებს“ პატივი უნდა სცენ ისე, როგორც ეს „ცივი ომის“ დროს ხდებოდა.

















