„საქართველოს და რუსეთს, შვეიცარიის დახმარებით, სეპარატისტული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები გავლით,
ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა სურთ. ეს ერთგვარი დიპლომატიური ტრიუკია“, - ნათქვამია შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ან-დორით ბოის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
კავკასიის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ირგვლივ სიტუაცია თითქმის ათი წლის განმავლობაში არ იცვლება (...). თბილისსა და სოხუმ-ცხინვალს შორის შექმნილი ნაპრალი გადაულახავია. საქართველო უარს აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე (...). რუსეთი უარყოფს, რომ ის კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა და მოქმედებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ, რომლებიც დიქტატორმა იოსებ სტალინმა საქართველოს მიაკუთვნა”, - წერს ჟურნალისტი.
[2008 წლის აგვისტოში მომხდარი] სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევის შემდეგ, რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ორი „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა და „იმ დროიდან მოყოლებული, ორივეს მფარველობს. ეს მძიმე დარტყმაა საქართველოსთვის, რომელმაც არჩევანი დასავლური ინტეგრაციის - ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გააკეთა, რუსეთთან ვასალური ურთიერთობის ნაცვლად“, - აღნიშნავს ავტორი.
ასეთი ურთიერთდამოკიდებულების ფონზე თბილისიდან გავრცელებული ახალი ამბავი საკმაოდ გასაკვირია: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance – SGS-სთან იმ ტვირთების მონიტორინგის თაობაზე, რომლებიც საქართველო-რუსეთს შორის შექმნილ სამ საბაჟო პუნქტში გაივლის, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის აზრით, შეთანხმების პირობების პრაქტიკული რეალიზება საკმაოდ უხერხული და დელიკატური საკითხია, რომელიც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ასე მაგალითად, 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე ტვირთების მოძრაობას გააკონტროლებს საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით (სწორედ ამ ორმხრივი დოკუმენტის საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება შვეიცარიულ კომპანიასთან) და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყო დარჩენილი, საკონტროლო პუნქტების დასახელების ნაცვლად მხოლოდ მათი გეოგრაფიული კოორდინატებია მითითებული.
„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ალბათ, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, თავიანთ უფლებებს შელახულად ჩათვლიან, როცა მათ ტერიტორიაზე ტვირთების კონტროლს შვეიცარული კომპანია დაიწყებს“, - ვარაუდობს ავტორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დამატებითი საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტები მხოლოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში იმუშავებენ, ანუ როცა რუსეთთან საზღვარზე ამჟამად მოქმედი „ზემო ლარსი“ საბაჟო პუნქტი ამინდის გამო დაიხურება. სხვათა შორის, ეს გზა რუსეთთან სომხეთის დამაკავშირებელ ერთადერთ მაგისტრალს წარმოადგენს.
„ამასთან, საშინაოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სატრანზიტო დერეფნების საკითხი საკმაო უხერხულობას უქმნის. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ამგვარი ნაბიჯი საფრთხის შემცველია. ისინი მიიჩნევენ, რომ [საბაჟო პუნქტების დაარსება] სეპარატისტული რესპუბლიკების დე-ფაქტო აღიარებად და რუსეთის კიდევ ერთ გამარჯვებად იქნება მიჩნეული“, - ხაზს უსვამს ავტორი.
გარდა ამისა, საქართველოს მეზობელი და სომხეთის დაუძინებელი მტერი აზერბაიჯანი ფიქრობს, რომ ახალი სატრანზიტო გზა ერევნისათვის სასარგებლო იქნება და ამიტომ საქართველოზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს. კავკასიაში სწრაფად და იოლად არაფერი არ წყდება“, - ასკვნის ავტორი.

















