„ახალი 2018 წელი საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისათვის
წარუმატებლად დაიწყო. ამის მიუხედავად, იგი გულგატეხილი მაინც არ არის. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მიხოს უკრაინაში ყოფნისათვის მცირე დრო რჩება“-ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспий»-ს მიერ ალი მეჯიდლის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
ორიოდე დღის წინათ კიევის სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს უარი უთხრა თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ხელისუფლებას უკვე სრული უფლება იგი საქართველოს გადასცეს.
საინტერესო დამთხვევაა: კიევის სასამართლოდან ორი დღეც არ იყო გასული, რომ თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (დაუსწრებლად) იმის გამო, რომ მან, პრეზიდენტობის პერიოდში, დამნაშავეები შეიწყალა, თუმცა ეს ქმედება მისი, როგორც ქვეყნის მეთაურის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენდა. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრემ, უკრაინის ეროვნული პოლიციის ექს-ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ პროკურატურის ბრალდებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოდ მიიჩნია: „მე ასეთი აბსურდული ბრალდებები მეტად არსად მინახავს და არ გამიგონია. როგორ შეიძლება პრეზიდენტი თავისი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებისათვის გაასამართლო?“.
(...)
რასაკვირველია, უკრაინისა და საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები აპელაციას ექვემდებარება. შესაბამისად, თუ ერთი თვის განმავლობაში კიევის სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ ექსტრადიციის გაჭიანურების შესაძლებლობა - ისინი უმაღლეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ საგრძნობ მხადაჭერას უკრაინულ საზოგადოებაში, ოფიციალურ კიეისათვის უკიდურესად არასასიამოვნო იქნება შემდგომ განვითარებული პროცესები - მასობრივი აქციები, დემონსტრაციები და ა.შ.
რაც შეეხება ოფიციალურ თბილისს, ისე ჩანს, რომ არც მას არ აწყობს მაინცდამაინც ექს-პრეზიდენტის საქართველოში ჩაყვანა. ძნელია არ დაეთანხმო მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს, რომ პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლების ეჭვქვეშ დაყენება მართლაც არასწორია.
ერთი სიტყვით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სიტუაციაში - როგორც კიევისათვის, ისე თბილისისათვის - ნელი მოქმედების ნაღმს წარმოადგენს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორივე მხარე შეეცდება მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორებას - სადღაც დასავლეთში გაძევებით.
--------
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის განაჩენის გამოტანის თაობაზე მასალები გაავრცელეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო სააგენტოებმა - ამერიკულმა Associated Press-მა, ფრანგულმა France Presse-მ, ბრიტანულმა Reuters-მა და სხვებმა. იგივე ინფორმაციები გამოქვეყნდა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების დღევანდელ, 6 იანვრის გაზეთებში.

















