„სანამ სხვა ჭკუის სწავლებას დაუწყებდეს, ყველამ ჯერ საკუთარი მოვალეობები უნდა
შეასრულოსო“, - ეს გამონათქვამი აფორიზმების კრებულიდან კი არ ამოგვიღია, არამედ სერჟ სარგსიანის ახალთახალი მორალური შეგონებაა ერევნის უნივერსიტეტში შეხვედრის დროს, საიდანაც სომხეთის ლიდერი თბილისში გაემგზავრა და ქართველი ხელმძღვანელებისათვის სახელმწიფო ბიზნესის მართვის ხელოვნებაში ლექციის ჩატარებას შეეცადა" - ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის, «Minval»-ის მიერ ტოფიკ აბასოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
გარეშე დამკვირვებელმა რომ სერჟ სარგსიანის სენტენციებს მოუსმინოს სომხეთთან ურთიერთობის ვითომდა სარგებლიანობაზე, შეიძლება დაიჯეროს და აღფრთოვანდეს მისი ორგანიზაციული და წინასწარმეტყველური უნარებით. პირდაპირ კავკასიელი ლი კუანიუ გეგონება, რა... მაგრამ ვინც საქმის კურსშია და კარგად ერკვევა სამხრეთ კავკასიის ამბებში, ახსნა არ დაჭირდება იმისთვის, თუ რა თვისებებითაა „დაჯილდოებული“ სომხეთის მეთაური, რომელმაც უკვე თავი გამოიჩინა გეოპოლიტიკურ ბანდიტიზმში და ახლა სხვებს საბაზრო ჯუნგლებში ორიენტირებას ასწავლის.
საქართველოს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას სერჟ სარგსიანმა თავისი ქვეყნის ეკონომიკური განბლოკვის ვარიანტები განიხილა და თან ეუბნებოდა - „ნახეთ, რა მაგარი შესაძლებლობები გვაქვს, ირანთან თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზი) გავხსენით, ქართული პროდუქციის გაყიდვა ჩვენი დახმარებით ირანშიც შეგიძლიათ და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზარზეცო“. აშკარაა, სომხეთის პრეზიდენტმა როგორღაც მოახერხა ქართველების გულის მოგება და შეძლო გიორგი კვირიკაშვილისაგან დადებითი პასუხის მიღება: „სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, მაგრამ ეს გარემოება თბილისსა და ერევანს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის ხელშემშლელი არ არისო“.
გაგიკვირდება, როცა ასეთ განცხადებას მოისმენ იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომელსაც ეკონომიკური დივერსიფიცირების მცირე შესაძლებლობები აქვს და მხოლოდ სიტყვებით ჟონგლიორობას ცდილობს. გასაგებია, რომ სომხეთის პრეზიდენტი საოქმო ფორმალობას იცავს და იძულებულია მიკრომიღწევებისაგან მაკროეფექტი გამოწუროს, სურს მეზობელს ტავი მაგარ ლიდერად მოაჩვენოს. მაგრამ სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამი მოუგვარებელი ეთნოტერიტორიული კონფლიქტი გრძელდება, გეოეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას მთელი რიგი პრინციპული ფაქტორები განაპირობებს.
სომხეთი ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებას მხოლოდ რისკების დივერსიფიცირებაში აღწევს. მისგან მხოლოდ პრობლემებია მოსალოდნელი. კონფლიქტებისაგან არა მარტო აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც პრესინგს განიცდის. შესაბამისად, ბაქო და თბილისი „განწირულნი“ არიან სინქრონულად იმოქმედონ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეგიონში „სიმშვიდეს არღვევს“. რეალური სიტუაცია ისეთი გეოეკონომიკური კონფიგურაციის შექმნას გვკარნახობს, რომელმაც საფრთხის მომტანი ქვეყნის „მოგუდვის რეჟიმი“ არ უნდა დაარღვიოს.
მაგრამ პრაქტიკაში საქართველო სომხეთთან თამაშს აგრძელებს და რაც ყველაზე სამწუხაროა, თავს მოვალედ არ თვლის, რომ თავისი მოქმედება სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის [ინტერესებითაც] გაზომოს.
როცა თბილისი აქტიურობს და ამ დროს ბაქოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, მაშინ აზერბაიჯანს როგორც სამხრეთ კავკასიის საკვანძო მოთამაშეს და იმავდროულად აშკარა ლიდერს, აქვს უფლება თავისი მოკავშირისაგან [ანგარიში] მოითხოვოს. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ეკონომიკაში ძლიერ რგოლს წარმოადგენს და მის ხელშია ყველა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებათა გასაღები.
თბილისს და ერევანს რამდენადაც უნდათ იმდენად გაზარდონ ორმხრივი ვაჭრობა. როგორც სურთ, ისეთი საფუძველი ჩაუყარონ ორმხრივ თანამშრომლობას, მაგრამ... აქვს თუ არა საქართველოს საერთოდ მორალური უფლება - ვინმე მიუშვას იმ რესურსულ ბაზასთან, რომელიც აზერბაიჯანმა დააფინასა და მისი ძალისხმევით შეიქმნა? როცა საქმე ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რომლის შესახებაც აზერბაიჯანს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ მიუშვებს ახლოს სომხეთს ამ სატრანსპორტო კომუნიკაციასთან, რატომ არ ესმით ქართველებს, რატომაა ეს გაუგებარი საქართველოს ხელმძღვანელებისათვის?
როცა სერჟ სარგსიანი შეპარვით მიანიშნებს ორ მეზობელს შორის არსებულ მოქმედ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მას მზერა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე აქვს მიპყრობილი. უცნაურია ქართული მხარის პოზიტიური რეაქცია, რომელიც თითქმის ტაშს უკრავს სტუმარს და ვერ ხვდება, რომ ერევანი ბაქოს მიერ გამოცხადებული სანქციებისაგან თავის დაძვრენას ცდილობს.
სხვათა შორის, თბილისში ყოფნისას სერჟ სარგსიანმა კიდევ ერთ სფეროზე გააკეთა აქცენტი, რომლის შესახებაც ბაქოს უფლება აქვს თბილისს პასუხი მოსთხოვოს: საქმე ეხება ენერგეტიკას, რომელშიც აზერბაიჯანს ქართულ ბაზარზე „ან“-იდან „ჰოე“-მდე თითქმის ყველაფერი აქვს გაკეთებული, თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანმა მოაწყო. გავიხსენოთ არცთუ ისე შორეული წარსული, როცა მოსკოვმა თბილისი ენერგეტიკულ მარწუხებში მოაქცია, როცა „კავკასიის პატარა, მაგრამ ამაყმა ქვეყანამ“ გაყინვა დაიწყო, ბაქომ მას დაუყონებლივ გაუწოდა დახმარების ხელი. არადა, აზერბაიჯანმა მაშინ ძალიან გარისკა, რუსეთმა ასეთი ნაბიჯი არ მოიწონა...
დღეს თბილისი, სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავებისას, 2011 წელს რუსეთთან ხელმოწერილ შეთანხმების ამოქმედებასაც ცდილობს, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებით სარგებლობას ითვალისწინებს. ამის პარალელურად ახდენს იმის ინიცირებასაც, რომ მასში სომხეთი და თურქეთი ჩაერთოს, ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიკაციის მიზნით. არადა, თბილისის ასეთი მცდელობით ყველაზე მეტად მოგებული სომხეთი დარჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბორდაჟზე მიდის, რომ ყველა კედელი გაანგრიოს და შეუძლებელი შეძლოს. რადგან სერჟ სარგსიანი თბილისიდან ტრანზიტის გაფართოებაზე განცხადებებს აკეთებს, ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მან საქართველოსთან ურთიერთგაგებას მიაღწია.
და უკვე ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხურ-ქართული სატრანზიტო შესაძლებლობები ახალ, უფრო მაღალ დონეზე ადის და მასში საკვანძო მომენტად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზიით სარგებლობა ფიგურირებს. და როგორც ჩანს, სულ მალე დადგება დრო, როცა ბაქო იძულებული გახდება თავისი მოკავშირის - საქართველოს წინააღმდეგ „რბილი ძალა“ გამოიყენოს, რომელიც ძალიან გაერთო სახიფათო თამაშებით. სამწუხაროდ, ზოგჯერ საჭირო ხდება არა მხოლოდ აგრესორის მოთოკვა. ამასთან, არ იქნება სასურველი ასეთი რამ ქართულ მხარეზეც გავრცელდეს, რომელიც „წესებს გარეშე“ თამაშს იწყებს.

















