„საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის განვითარება სომხეთის საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტი ყოველთვის იყო. რასაკვირველია, ორი მეზობელი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულება მეგობრულია და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობენ ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას. მაგალითად, დავა ეკლესიების კუთვნილების თაობაზე, პრინციპული უთანხმოება რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხში და ა.შ. საქართველო უკმაყოფილოა რუსეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობით, ჩვენ კი ასევე უკმაყოფილონი ვართ იმით, რომ სულ უფრო მტკიცდება საქართველოს ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და რაც ყველაზე მიუღებელია ჩვენთვის - სამხედრო სფეროშიც. სხვათა შორის, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთნდობის ერთგვარი ინდიკატორი შესაძლოა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც გახდეს“, - წერს პოპულარული სომხური გამოცემა «Первый Армянский Информационный».
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ არამ სარგსიანის ავტორობიტ გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თბილისური ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებზეცაა საუბარი.
ავტორი ესაუბრება ქართველ პოლიტოლოგს ვაჟა ბერიძეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და სომხეთის საგარეოპოლიტიკური კურსის განსხვავებაზე: სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, საქართველოსი კი - აშშ. ეს ფაქტორი მეტ-ნაკლებად ნეგატიურ გავლენას ახდენს თბილის-ერევნის ურთიერთობაზე, თუმცა ორივე მხარის ნების შემთხვევაში შეიძლება მოიძებნოს ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც ურთიერთხელსაყრელი იქნება. „ამ მხრივ მნიშვნელოვანია სომხეთ-ევროკავშირის ახლახან გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის ჩარჩოებში საქართველოს და სომხეთს თანამშრომლობა შეუძლიათ“, - ამბობს ქართველი ექსპერტი. იგი ასევე აღნიშნავს რუსეთის ფაქტორის ნეგატიურ მნიშვნელობაზე, თუმცა მიუთითებს, რომ რუსეთი ერევან-თბილისის ერთმანეთთან დაახლოებას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, რომ მოსკოვი მიესალმა სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციას.
რაც შეეხება სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ უთანხმოებას სხვადასხვა საკითხების, ვთქვათ, კონფლიქტების მოგვარების მიმართ, ვაჟა ბერიძის თქმით, „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: არის თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძი, არის ასევე სომხეთ-რუსეთის ალიანსი. მაგრამ თუ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო ადექვატურად ფიქრს არ დაიწყებენ, ვერცერთი საკითხი ვერ მოგვარდება, მათ შორის, ვერ იმუშავებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც. ამიტომაც ჩვენ აქცენტი ამ პრობლემების გამწვავებაზე კი არ უნდა გადავიტანოთ, არამედ უნდა შევქმნათ წინამძღვრები მათ მოსაგვარებლად. სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები სხვაგან ვერ გადასახლდებიან, მათ ბედმა ერთმანეთთან თანაცხოვრება არგუნათ, მათ აქვთ უფლება ნორმალურად, ადამიანურად იცხოვრონ. თუ ასეთი მიდგომა არ იქნება, მაშინ ლიდერთა შეხვედრა-მოლაპარაკება პრაქტიკულ შედეგებს ვერ მოიტანს. ეს ეხება სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტსაც საქართველოში“.

















