ევროკავშირის საინფორმაციო ტელეარხ EuroNews-ის (შტაბ-ბინა ლიონი, საფრანგეთი)
პროგრამა Focus-ში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელშიც, რუსი ტურისტების მოგზაურობის შთაბეჭდილებებია ასახული.
სიუჟეტი იწყება პიატიგორსკელი (ჩრდ.კავკასია) ულიანა კუზნეცოვასა და მისი მეგობრის ვალენტინას თბილისური გოგირდის აბანოებში ყოფნით, რომლითაც მოხიბლული იყვნენ ალექსანდრე დიუმა და ალექსანდრე პუშკინი. რუსი ტურისტებს თბილისის ისტორიას აცნობს ექსკურსიამძღოლი (გიდი) დიმიტრი ოსიტაშვილი.
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე სწრაფად მატულობს. მიმდინარე წელს სამხრეთ კავკასიის ამ ეგზოტიკურ ქვეყანას დაახლოებით 7 მილიონამდე უცხოელი ტურისტი ეწვია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ანუ საქართველომ საკუთარ მოსახლეობაზე ორჯერ მეტი რაოდენობის ტურისტი მიიღო. აქ 12 ათასზე მეტი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტია, თუმცა ასეთი ტურისტული „ბუმის“ მიზეზს მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები არ წარმოადგენს: „ჩვენ მზად ვართ ტურისტები წლის განმავლობაში მივიღოთ. ზამთრობით უცხოელ სტუმრებს ვიზიდავთ სამთო-სათხილამურო კურორტებით - ჩვენთან ევროპაში თოვლის საუკეთესო ტრასებია, ზაფხულობით - შავი ზღვის პლაჟები, შემოდგომით - ყურძნის მოსავლის აღების, რთველის სეზონია, შეიძლება კახური ღვინის დაგემოვნებაც“, - ამბობს ინტერვიუში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
„ევრონიუსის“ ტელეგადამღები ჯგუფი კახეთში იმყოფება, ერთ-ერთ ახლადგახსნილ ღვინის ცენტრ „მოსმიერში“ და მის მფლობელს, გერმანელ იორგ მატისს ესაუბრება. მისი ქართველი პარტნიორი მსოფლიოს ამ ნაწილის ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეა - დავით მაისურაძე. ორივე დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო კავკასიის ნამდვილ განძს წარმოადგენს. „საქართველოში ვაზის 500-მდე ჯიშია. მეღვინეობის განვითარებას ხელს უწყობს იდეალური კლიმატი და ნიადაგი, რაც ღვინის უნიკალურობას განაპირობებს“, - ამბობს დავით მაისურაძე. „საქართველოში იშვიათი ვაზის ჯიშები ხარობს, რომლებსაც მსოფლიოს ვერცერთ კუთხეში ვერ ნახავთ - რქაწითელი, საფერავი, მწვანე... მათ არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვთ“, - კვერს უკრავს იორგ მატისი თავის პარტნიორს.
უფრო მეტიც - საქართველო ღვინის სამშობლოა. დღეს აქ პოულობენ საუკუნეების წინ მიწაში დამარხულ ქვევრებს - ღვინის ჭურჭლებს. მეცნიერებმა ზუსტად დაადგინეს, რომ ღვინის დამზადების უძველესი ტექნოლოგია სწორედ ამ მიწაზე შემუშავდა.
„არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ღვინოს ჯერ კიდევ 8 ათასი წლის წინ აყენებდა. საქართველოში დღესაც ამზადებენ ქვევრებს - თიხის უზარმაზარ ჭურჭლებს ღვინის შესანახად, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, - ამბობს ინტერვიუში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
„ევრონიუსის“ ტელეჟურნალისტები ყვარლის მიწისქვეშა ღვინის საცავში (გვირაბში) იმყოფებიან, რომელსაც კომპანია „ხარება“ ფლობს. ყვარლის გვირაბის სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. აქ ტემპერატურა წლის განმავლობაში არ იცვლება - 14 გრადუსი ცელსიუსით. აქ ინახება რამდენიმე ათასი ბოთლი სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დასაგემოვნებლად ღვინის მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. „აქაური ღვინო ძალიან კარგია. მას მსოფლიოში აქებენ და აფასებენ. უეჭველია, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - ამბობს არქიმანდრიტი მაქსიმი ნიუ-იორკის წმინდა დიონისეს მონასტრიდან.
ულიანამ და ვალენტინამ საქართველოში ყოფნისას კიდევ ერთი განძი „აღმოაჩინეს“ - ქართული სამზარეულო და თბილისის რესტორან „ტაბლაში“ აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლეს. გემო ისეთი აქვს, თითებს ჩაიკვნეტ! „საქართველოში მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდებით“, - გვეუბნება ულიანა კუზნეცოვა.
დიახ, საქართველოს პოპულარობის კიდევ ერთი საიდუმლო იმაშია, რომ ეს ქვეყანა იშვიათი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა: „სტუმარი ღვთისაა“, - ამბობენ ქართველები.

















