წლის ყველაზე გრძელ ღამეს, 22 დეკემბერს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე მდებარე ჩოპის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში საქართველოს საპატიო კონსული მივიდა.
მხოლოდ მისი ნებართვით შეძლეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის ტვირთის შემოწმება, რომლის მძღოლი მანქანაში ჩაიკეტა და კატეგორიულ უარს აცხადებდა კონსულის მისვლამდე - კარს არ გაგიღებთო. საქმე იმაშია, რომ მძღოლს დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, რაც იმუნიტეტს (ხელშეუხებლობას) ითვალისწინებს.
საეჭვო მიკროავტობუსი მესაზღვრეებმა ჯერ კიდევ 20 დეკემბერს შენიშნეს, საღამოს შვიდი საათისათვის. შავი „მერსედესი“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შევიდა და მესაზღვრეებს დიპლომატიური პასპორტი აჩვენა. ისე ჩანდა, რომ რაიმე გაუგებრობა არ უნდა მომხდარიყო, რადგან მსგავსი დოკუმენტის მქონე „მნიშვნელოვან ამხანაგებს“ მესაზღვრეები არ ამოწმებენ და მხოლოდ საზღვრის გადაკვეთას აფიქსირებენ. ტვირთის შემოწმებაც არ შეიძლება. თუმცა არის ერთი „მაგრამ“, ანუ როცა ეჭვი ჩნდება, რომ საქმე კონტრაბანდას ეხება, უკვე იწყება მისი ტვირთის გასინჯვა, საელჩოს ან საკონსულოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
ყველაფერი კი ოთხფეხა „მესაზღვრის“ - კეთილი ადამიანების ერთგული მეგობრისა და კონტრაბანდისტების მტრის - ძაღლის დახმარებით მოხდა: გაწრთვნილმა ცუგრიამ აკრძალული ნივთების არსებობა იგრძნო, კმაყოფილმა შეჰყეფა და მიკროავტობუსის გვერდით წამოწვა. მესაზღვრეები მიხვდნენ, რომ დიპლომატიურ ტვირთში რაღაც ისეთი იმალებოდა, რომლის გადატანა საზღვარზე არ უნდა მომხდარიყო. რადგანაც მძღოლი სატვირთოს კარის გაღებას არ ჩქარობდა და შიგნით ჩაიკეტა, ავტომანქანა სარეზერვო ბოქსში გადაათრიეს, ყარაული დაუყენეს და კონსულის მისვლას დაელოდნენ. მოგვიანებით, მძღოლს გაქცევა არ უცდია, რადგან მიხვდა, რომ მესაზღვრეებს ვერსად წაუვიდოდა.
როცა საქართველოს საპატიო კონსულთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ადვოკატიც მივიდა, მძღოლმა ავტოფურგონის კარი გააღო და ჰოი, საკვირველებავ! - მესაზღვრეების თვალწინ სიგარეტებით სავსე 21 ჩანთა და 45 ყუთი აღმოჩნდა! და რაც ყველაზე საინტერესოა, კონტრაბანდისტი უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი თანამშრომლის ქმარი აღმოჩნდა! აქვე განვმარტავთ, რომ დიპლომატების მეუღლეებს დიპლომატიური პასპორტი და სტატუსი აქვთ და ყველა პრივილიგიებით სარგებლობენ.
წინასწარი შეფასებით, სიგარეტების საერთო ფასი 540 ათასი გრივნას შეადგენს, მისი რეალიზებით კი, თუ ათყუთიანი ბლოკი 240 გრივნად გაიყიდება, კონტრაბანდისტი 3 მლნ-ზე მეტ გრივნას მიიღებდა მოგების სახით.
კანონდამრღვევს ჯარიმა ემუქრება, თუმცა რამდენი, ამ ეტაპზე უცნობია - ჯერ-ჯერობით დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს.
წყარო: "КП в Украине"

















