„შესაძლოა, მე ვარ პირველი ქვეყნის ყოფილ მეთაურებს შორის ჰაბსბურგის შემდეგ, რომელიც მოქალაქეობის გარეშე
დარჩა. წარსულში მე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტერს მიწოდებდნენ. და მაინც, სულ ახლახანს სამი დღე გავატარე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა დამაკავა, რომელმაც, სხვა ბრალდებებთან ერთად, ისიც კი დამაბრალა, რომ მე რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი ვარ“-ასე იწყება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა «The New York Times»-მა გამოაქვეყნა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ წერილის ქართულენოვან ვერსიას:
მიხეილ სააკაშვილი: როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც ჩემი სამშობლო სამყაროს ნომერ პირველი რეფორმატორ ქვეყნად გადავაქციე (რაც 2007 წელს მსოფლიო ბანკმაც დაადასტურა), აშშ-ში წავედი და იქ ლექციებს ვკითხულობდი.
თუმცა, 2013 წლის ნოემბერში უკრაინაში, იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი ადრეული წლები გავატარე, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, საპროტესტო ტალღა დაიწყო ყაჩაღი, პრორუსული პრეზიდენტის თავიდან მოსაშორებლად. მას შემდეგ, რაც სტუდენტები სცემეს კიევის ცენტრალურ მოედანზე, მე მივხვდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. მე წავედი უკრაინაში, რომ შევერთებოდი იქ მიმდინარე დემონსტრაციებს.
საწყის ეტაპზე, პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, სიტუაცია უკრაინაში დამაიმედებელი იყო. მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა. იმავე წლის ნოემბრისთვის, ჩემს ყოფილ ქართველ კოლეგებთან ერთად, უკრაინელებს ეროვნული პოლიციის შექმნაში დავეხმარე. გარდა ამისა, ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის კორუფციული გზები, რომლითაც ხდებოდა სახელმწიფო უწყებებში დასაქმება და დავეხმარეთ მათ, რომ შექმნილიყო უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, როგორც „მოდარაჯე ძაღლი“.
იმ დროისთვის ბატონი პეტრო პოროშენკო მიესალმებოდა ჩვენს დახმარებას. იგი „უკრაინის დიდ მეგობარს“ მიწოდებდა და მე, სხვა ქართველ რეფორმატორებთან ერთად, უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა. რამდენიმე ჩვენგანი უკრაინის მთავრობაში სამუშაოდ მიგვიწვიეს. ერთი ეროვნული პოლიციის მეთაური გახდა, მეორე - ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. კიდევ ერთი ქართველი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ოდესის ოლქის გუბერნატორი, რათა რეგიონი რუსეთის მხრიდან ხელყოფის მცდელობებისგან დამეცვა. დავიწყე რეფორმების გატარებაც. რეფორმებმა მოიზიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკრაინელი, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაც ჰქონდათ. მათში ხალხი პოსტსაბჭოთა ოლიგარქიისგან თავის დახსნის შანსს ხედავდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 2016 წლის მიწურულისთვის ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მცდელობები რეფორმების დანერგვის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ფერხდებოდა. ბატონი პეტრო პოროშენკო - ოლიგარქი, რომელიც ძველი სისტემის საშუალებით გამდიდრდა - და მისი გარემოცვა არა მხოლოდ არ ეხმარებოდა ჩემს გუნდს ოდესაში და სხვა რეფორმატორებს, არამედ პირდაპირ დაიწყო ძირის გამოთხრა ჩვენი მიღწევებისთვის. მჯერა, რომ ეს ძირითადად პირადი ინტერესის გამო მოხდა - საჯარო უწყებების მეტი გამჭვირვალობა ნაკლებ ადგილს უტოვებდა ფულის მკეთებელ საქმოსნებს. უფრო მეტიც, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ახლო პარტნიორების საქმეების გამოძიება და მათი სამართლებრივი დევნა დაიწყო.
2016 წლის ნოემბერში მე გუბერნატორობიდან გადავდექი და ოპოზიციური პარტია დავაარსე. ხელისუფლება ცდილობდა, ხელი შეეშალა მისი შექმნისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ, სანამ ქვეყნის გარეთ ვიყავი, მე უკრაინის მოქალაქეობა ჩამომერთვა (გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, ოფიციალურად მოქალაქეობის გარეშე დავრჩი). მიუხედავად იმისა, რომ მე ვიღებდი პირდაპირ მუქარას, რომ არ დავბრუნებულიყავი უკრაინაში, მე დაბრუნება მოვახერხე - ოფიციალურად მოქალაქეობის არმქონემ, მაგრამ უფრო მეტად მიზანდასახულმა, ვიდრე ოდესმე. ამასთან, დავიწყე მშვიდობიანი მობილიზება ცვლილებებისთვის, ჩამოვაყალიბე კოალიცია ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების მოწყობის მიზნით.
იმავდროულად ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო - მას შემდეგ, რაც ამ ორგანომ სამხედრო საქმეებში პრეზიდენტის კორუფციული გარიგებები ამხილა - მძლავრი წნეხის ქვეშ მოექცა. ბიუროს გამომძიებლები პროკურატურამ დაკითხა, ფარული აგენტები კი გამჟღავნებულნი იქნენ.
სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მეტწილად სწორედ კორუფციის გამო გადააყენა. ისინი არ შეეგუებიან იმის ნახვას, რომ მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
ასე რომ, გასულ კვირას ჩემმა პარტიამ, „ახალი ძალების მოძრაობამ“, მაიდანის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია მოაწყო კორუფციისა და ანტიკორუფციულ ბიუროზე თავდასხმის წინააღმდეგ. ორი დღის შემდეგ ჩემს სახლში, რომელიც მაიდანთან ახლოს მდებარეობს, სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ჩემს დაკავებას შეეცადნენ ისე, რომ დაკავების ორდერიც კი არ უჩვენებიათ. ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები ჩაერივნენ და გამათავისუფლეს სამართალდამცავების მინივენიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამაკავეს ბრალდებით „კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“ - ანუ თითქოსდა მე კავშირები მქონდა რუსეთში გაქცეულ უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის თანამზრახველებთან. გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ მე რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტი ვარ და ჩემი მიზანი უკრაინის დესტაბილიზაციაა.
რუსეთი მართლაც ახდენს უკრაინის დესტაბილიზებას. ისიც სინამდვილეა, რომ რუსეთს ჰყავს დიდი ძალაუფლების მქონე მოკავშირეები ამ დესტაბილიზაციაში - უკრაინის ადგილობრივი, ხარბი და კორუმპირებული ელიტა, რომელმაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცია.
მე მჯერა უკრაინის დიდებული მომავლისა. მჯერა, რომ როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, ასევე მისი წარმატებაც იმ ტენდენციის ცვლილებაშია, რომლის მიხედვითაც ოლიგარქები, რომლებმაც ისწავლეს, როგორ იმანიპულირონ არჩევნებზე, იმარჯვებენ. იმედი მაქვს, რომ ცოცხალი ვიქნები არც ისე შორეული მომავლის იმ დღეს, როცა ამ გამარჯვებას ყველა უკრანელთან და სხვა პოსტსაბჭოთა ერებთან ერთად გავიზიარებ.
ადგილობრივმა მოსამართლემ ლარისა ცოკოლმა, „ზემოდან“ დიდი ზეწოლის მიუხედავად, პატიმრობიდან გამათავისუფლა. ახლა მე ვიდავებ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულად გავმართლდები. მოსამართლე ლარისა ცოკოლი მამაცი უკრაინელების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ისინი არიან ამ ქვეყნის იმედი და მომავალი.
წყარო: «The New York Times» (აშშ)

















