„დააღწია რა თავი დაპატიმრებას, მიხეილ სააკაშვილი გრანდიოზულ გეგმებს აწყობს თავისი როლის შესახებ უკრაინის
ისტორიაში. „ხმაურით ვაჭრობის გენიალური ოსტატი“ - ასე მონათლეს მიხო მასმედიაში. მან უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხზე ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ აქვს გეგმა - „70 დღეში უკრაინას სრულ რეფორმირებას მოვახდენო“. ამ გეგმის ნაწილს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მალე გააჟღერებს. მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს, რადგან „მეორედ ასეთ რუტინულ სამსახურში აღარ იმუშავებს“-ამის შესახებ უკრაინული გამოცემა «КП в Украине» წერს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ელენე გალაჯის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„მე უკეთესობისაკენ გარღვევები მსურს. თუ კარგი პრემიერ-მინისტრი ვიქნები, შემდეგ მშვიდად დავბრუნდები ოდესაში, ქალაქის მერად. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ოდესას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუ ქვეყანაში თამაშის წესები შეიცვლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ასეთი განცხადების შემდეგ კაცს, ალბათ, წარმატება უნდა ვუსურვოთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის კარიერის ანალიზი სულ სხვა შედეგს მოწმობს... აბა, რატომ გაირიყა მეჩეჩზე მისი ქართული ხომალდი? მიხეილ სააკაშვილი ვერც რეფორმატორ გუბერნატორად ვერ იქცა. მან ოლქის მმართველობა სკანდალურად დატოვა ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისათვის არ მიუღწევია. მიხომ ადგილი ვერ დაიმკვიდრა პოლიტიკის უმაღლეს დივიზიონშიც, ვერ მოახერხა მასობრივი საპროტესტო აქციებიც ორგანიზებაც. რატომ?
საქართველოს ექს-პრეზიდენტი საკუთარ წარუმატებლობაში მუდმივად პეტრო პოროშენკოს ადანაშაულებს: „საბოტაჟს მიწყობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანო“. ექსპერტები კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში და უკრაინაში სხვადასხვა სასტარტო შესაძლებლობა ჰქონდა.
„საქართველოში მას რეფორმების რეალიზებისათვის სრული ძალაუფლება გააჩნდა. ჰყავდა თავისი გუნდი. ამასთან, კორუფციასთან ბრძოლაში იგი ხშირად არღვევდა დემოკრატიის პრინციპებს. რაც შეეხება უკრაინაში მის საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ გუბერნატორის უფლებამოსილება რეფორმების გატარების საკითხში შეზღუდულია, მაგრამ მაინც დათანხმდა შეთავაზებას. ოდესაში გამოვლინდა მისი მუშაობის სტილი: რეკლამა, პიარი, მოჩვენებითობა. ერთბაშად თითქოსდა ბევრ საქმეს შეეჭიდა, ნაპოლეონის მსგავსად გრანდიოზული გეგმები დასახა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი გააკეთა“, - ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმერ ბონდარენკო.
ოპოზიციურ საქმიანობაშიც, ბაქი-ბუქის მიუხედავად, რეალური შედეგი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ახალი მაიდნის მოწყობა არ შეუძლია. აქციებს კი ატარებს, მაგრამ ეს აქციები მცირერიცხოვანია. ბოლო მიტინგიც ასეთივე იყო: კი წაიტრაბახეს, 50 ათასი კაცი გამოვიყვანეთო, მაგრამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართულ მსვლელობაში მხოლოდ 10-15 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, „მილიონიანი მარში“ არ გამოუვიდა.
„ჯერ ერთი, რომ უკრაინელთა უმეტესობას ახალი რევოლუცია აპრიორულად არ სურს, რადგან ხელისუფლების მორიგი ცვლილება ქვეყანაში სიტუაციას უფრო დაამძიმებს. მეორე - მიხეილ სააკაშვილის გადაჭარბებული აგრესიულობა საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აჩენს. იგი ისეთი ადამიანია, რომელიც ხის სახლში ცეცხლს ეთამაშება“, - ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო, - „და საერთოდ, ბევრისთვის იგი უკრაინულ პოლიტიკაში უცხო სხეულად რჩება“.
მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ აღტკინებას დაბლა სწევს უკრაინელთა ტოტალური უნდობლობა პოლიტიკოსებისადმი. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ მოქალაქეთა ორი მესამედი არ ენდობა არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, ანუ მოსახლეობა მზად არ არის პროტესტებისათვის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ინტერესების სასარგებლოდ. „დღეს საპროტესტო განწყობა უკრაინაში კრიტიკული არ არის. მართალია, მოსახლეობა ნეგატიურად აფასებს რეფორმების შედეგებს, მაგრამ მხოლოდ 25% უშვებს პროტესტებში მონაწილეობის შესაძლებლობას“, - ამბობს პოლიტოლოგი ანდრეი სუხარინი.
მიხეილ სააკაშვილის „ფრთების გაშლაში“ ხელს უშლის ფინანსების უკმარისობაც. მართალია, გენპროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ მიხო ფულს რუსეთიდან, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან იღებსო, მაგრამ პრესაში წერენ, რომ ექს-გუბერნატორს აქციებისთვის ფულს იგორ კოლომოისკი აძლევს. მაგრამ ეს ფული იმდენი არ არის, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მაიდანი მოაწყოს და იქ ხალხი დიდი ხნით გააჩეროს.

















