საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ უკრაინულ თავგადასავლებს ამერიკული გამოცემა
«The National Interest»-ი, ჟურნალისტ ტედ კარპენტერის სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
ზესახელმწიფოსათვის, რომელსაც ბევრი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე ჰყავს, ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი, „წყალქვეშა კლდე“, არის ის, რომ მისი მოკავშირეები ერთმანეთის მიმართ მტრობას ამჟღავნებენ. ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები - სერიოზული და მოჩვენებითიც - არაერთხელ მომხდარა. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: პერიოდული დავები სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის, კუნძულ ტაკეშიმას კუთვნილებასთან დაკავშირებით; დაპირისპირება თურქეთის ხელისუფლებას და ქურთების სამხედრო დაჯგუფებას შორის: ქურთები აშშ-ის მოკავშირეები არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თურქეთი კი, რომელიც ასევე აშშ-ის მოკავშირეა (ნატოს ჩარჩოებში), ქურთებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მთავარ მტრად მიიჩნევს.
აშშ-ის მოკავშირეებს (შეიძლება ითქვას - კლიენტებს) შორის გვხვდება ისეთი დაპირისპირებებიც, რომლებიც უფრო ფარსს მოგვაგონებს და მაინცდამაინც სერიოზული საფრთხის მომტანი არაა. ამის მაგალითია ის კომიკური კონფრონტაცია, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შორის მიმდინარეობს. მისი კულმინაცია გახდა პეტრო პოროშენკოს მცდელობა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზნით, კორუფციისა და საზღვრის დარღვევის ბრალდებით. თავის მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა დაპატიმრებას და თვითმკვლელობითაც კი დაიმუქრა, შენობის სახურავიდან გადმოხტომით. მიხეილ სააკაშვილის ამგვარი ქცევა მისი ფსიქიური სტაბილურობის შესახებ ეჭვებს ბადებს.
აშშ-ის ადმინისტრაცია ორივეს დიდი ხანია თვლის დემოკრატიული კაპიტალიზმის მხარდამჭერად, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამგვარ რეპუტაციას არცერთი არ იმსახურებს .
მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციას“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი დაამხო. ჯორჯ ბუშ-უმცროსი და აშშ-ის მაშინდელი სხვა ხელმძღვანელები საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ გადატრიალებას და მის არქიტექტორს ენთუზიაზმით შეხვდნენ. ჯორჯ ბუშმა, რომელიც თბილისში 2005 წლის მაისში იმყოფებოდა, თავის გამოსვლაში საქართველოს „თავისუფლების შუქურა“ უწოდა, მიესალმა თვითმარქვია დემოკრატებს და მხარი დაუჭირა მსოფლიოში მსგავს რევოლუციებს. „საქართველო დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, სადაც უმცირესობის უფლებები დაცულია, ყვავის თავისუფალი პრესა, უზრუნველყოფილია ოპოზიციის აქტიურობა და ერთიანობა მშვიდობიანი გზებით მიიღწევა“, - ამბობდა ჯორჯ ბუში. უფრო შორს წავიდნენ ჰილარი კლინტონი და ჯონ მაკკეინი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.
მოგვიანებით ჯორჯ ბუში საქართველოს, ნატოში მიღების მიზნით, ლობირებასაც გაუწევს, მაგრამ წარუმატებლად. ქართველი ლიდერის დაუფიქრებელი ნაბიჯები 2008 წელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან ომამდე მიიყვანა, იმის დემონსტრაციაა, თუ რამდენად საშიშია მსგავსი ქვეყნის ალიანსში მიღება და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა აშშ-ის მხრიდან.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ გატარებულმა საშინაო პოლიტიკამაც ასევე აჩვენა, რომ აშშ-ის ენთუზიაზმი ე.წ. დემოკრატ-რეფორმატორის მიმართ უსაფუძვლო იყო. 2007 წლის დეკემბერში ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ჩადენილ რეპრესიებზე და დამოუკიდებელი პრესის დევნის შესახებ. მომდევნო წლებში ხელისუფლების ასეთი ბოროტად გამოყენება გრძელდებოდა, გაღრმავდა კორუფციაც. 2012 წელს ქართველ ამომრჩეველს, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში ყოფნა და მის პარტიას ხმა აღარ მისცა. როცა ახალმა მთავრობამ კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა.

















