უკრაინული გამოცემა «Зеркало недели», საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ მოღვაწეობას ერთგვარ შემაჯამებელ სტატიას
უძღვნის.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ გამოცემის რედაქტორის მოადგილის, რომან რახმანინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
2015 წლის მოღუშული თებერვალი იდგა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეს-ესაა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად და რეფორმების საკითხში საერთაშორისო სათათათბირო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. კომპეტენტური წყაროები მარწმუნებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკვე გარანტირებული აქვსო. გამოცდილი მძიმეწონიანი პოლიტიკოსი სამამულო პოლიტიკაში სრული სვლით ერთვებოდა... ჩემს თბილისელ ნაცნობს დავურეკე და ვეკითხები:
- როგორ დაახასიათებ მიხეილ სააკაშვილს მოკლედ?
- (მცირე პაუზის შემდეგ): ხმაურის გენიალური გამყიდველი.
შეფასებაში არანაირი დაცინვა თუ იუმორი არ იგრძნობოდა. ეს იყო დახასიათება იმ ადამიანისაგან, რომელიც მიხოს სახელისუფლო გუნდში მუშაობდა, კატეგორიულად არ იზიარებდა ყოფილი პატრონის მუშაობის ზოგიერთ მეთოდს და იმავდროულად აღიარებდა მის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯის სარგებლიანობას. „არა, ისინი ერთმანეთთან ვერ იქნებიან“, - გავიფიქრე მაშინ, როცა პეტრო ალექსეევიჩის და მიხეილ ნიკოლოზოვიჩის თანამშრომლობის პროგნოზირებას ვცდილობდი: იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტი იმ დროისათვის უკვე „სიჩუმის გენიალურ გამყიდველად“ ჩამოყალიბდა. იგი მოსახლეობას მშვიდად, ხმაურის გარეშე პირდებოდა სტაბილურობას და ყველას მოუწოდებდა ხელი არ შეეშალათ მისი გუნდის მშვიდი, ჩუმი „შემოქმედებითი“ მუშაობისათვის.
ისე ჩანდა, რომ ხალხის „იმედების“ ამ ორი „დილერისთვის“ უკრაინის ბაზარი ვიწრო იქნებოდა. მართალია, პეტრო და მიხო სრულიად სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობდნენ - ერთი „ძილის მომგვრელით“, მეორე კი „გამოსაფხიზლებლით“, ორივე საკუთარ საქონელს ეფექტურად მიიჩნევდა. მხოლოდ ვინმე მიამიტს თუ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ერთს, რომელიც „სახურავის ამხდელად“ იყო დაბადებული, მეორესთვის - „დამხურავისთვის“ დაეჯერებინა. მათ შორის კონფლიქტის დაწყება მხოლოდ დროის საკითხი იყო.
ჩაშლილი მეგობრობა და „გადახდილი სახურავი“
არადა, ამ დუეტში მიამიტი არცერთი არ იყო. აბა, განა შეეძლო მიხეილ სააკაშვილს სერიოზულად დაეჯერებინა, რომ ავადმყოფურად ეჭვიანი პეტრო პოროშენკო მას უკრაინაში სერიოზული მუშაობის გაშლის შესაძლებლობას მისცემდა? და განა პეტრო პოროშენკო ასევე სერიოზულად ფიქრობდა, რომ ამბიციური მიხეილ ნიკოლოზოვიჩი მეორე როლში ყოფნას დასჯერდებოდა და მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შემსრულებელი იქნებოდა?
იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც არა მხოლოდ მათ შორის გადებული მყიფე ხიდის ჩატეხვას მოასწავებდა, არამედ ეპიკურ „ხოლივარსაც“ - ომს, რომლის მონაწილენი საკუთარი მოქმედების ჭეშმარიტებაში აბსოლუტურად არიან დარწმუნებულნი. უკრაინის სახელმწიფო სამსახურში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ფორმალურ პატრონს პეტრო პოროშენკოს მიიჩნევდა არა როგორც თანასწორ პიროვნებად (უკეთეს შემთხვევაში), არამედ როგორც დაბლა მდგომად, ანუ მიხოს პეტროსადმი ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონდა. პრინციპში, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი: როცა პეტრო ალექსეევიჩი ვიღაცეების ზურგს უკან ჩრდილში იდგა, იმ დროს მიხეილ ნიკოლოზოვიჩი „ამა სოფლის ძლიერებთან“ ტრიალებდა. და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი თავის გეოპოლიტიკურ როლს გადაჭარბებულად აფასებდა, მისი ბეკგრაუნდი, პეტროსთან შედარებით, მაინც უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი „მეგობრობა“ სხვებს რომ წინსვლის საფუძველი ეგონათ, სინამდვილეში ნელი მოქმედების ნაღმი აღმოჩნდა.
რაც შეეხება პრორუსული ოლიგარქის სერგეი კურჩენკოს მხრიდან ფულის მიღების ფაქტს. როგორც ჩანს, სატელეფონო ჩანაწერი უკრაინას რუსულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს. კრემლმა კიევს სატყუარა შესთავაზა, კიევმაც გადაყლაპა. „თევზაობა“ გარანტირებულ შედეგს იძლეოდა: როგორც არ უნდა გამოეყენებინა უკრაინის სამართალდამცველებს გადაცემული მასალები, როგორ რეაქციაც არ უნდა გამოეხატა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა - საბაბი არასტაბილური სიტუაციისათვის ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო. მართლაც ასე მოხდა, თანაც უფრო აქტიურად, ვიდრე ელოდნენ. ვლადიმერ პუტინს კი მხოლოდ ისღა დარჩენია თვალი ადევნოს, თუ როგორ შეეტაკა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ მისი ორი მტერი ქვეყნის დაფხავებულ პოლიტიკურ სახურავზე... ქვემოთ კი საბურავებს უკვე ცეცხლს უკიდებენ.

















