„უკრაინის უშიშროების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები 5 დეკემბერს, დილით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის
დასაპატიმრებლად მივიდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მათი დავთრები აურია - გეგმები ისე ვერ შესრულდა, როგორც უშიშროებას სურდა“-წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემის «The Washington Post»-ის მიმომხილველი დევიდ სტერნი.
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
კიეველები საოცარი ფაქტის მხილველები აღმოჩნდნენ: შენობის სახურავზე მიხეილ სააკაშვილი იდგა, პეტრო პოროშენკოს ხმამაღლა აკრიტიკებდა და მოსახლეობას დასახმარებლად მოუხმობდა. შემდეგ სახურავზე სპეცსაზმელები გამოჩნდნენ: მათ მიხეილ სააკაშვილს ხელი მოჰკიდეს, ნელ-ნელა დაბლა ჩამოიყვანეს - სახურავი ნარჩენი თოვლისაგან მოლიპული იყო - და პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს, თუმცა მხარდამჭერებმა ფურგონის მინა ჩაამსხვრიეს და იგი გამოიყვანეს. უნდა გენახათ მისი გახარებული სახე და მაღლა აწეული ბორკილებიანი ხელები... იგი ხუთი წლის წინ წამოვიდა საქართველოდან, როცა პრეზიდენტობის ვადა დაასრულა, მერე კი უკრაინაში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, როგორც რეფორმატორი. პეტრო პოროშენკო მისთვის ჯერ მეგობარი და მოკავშირე იყო, შემდეგ კი მტერი და მეტოქე გახდა, განსაკუთრებით მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო.
კიევში 5 დეკემბერს მომხდარი ამბები პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარე დაპირისპირების მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს, იმავდროულად კი მოწმობს ქართველის მიერ დემონტრირებულ ოსტატობას პოლიტიკური თეატრში.
მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი გახდა როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, რომელიც 2003 წლის შემოდგომაზე პარლამენტში შტურმით შეიჭრა და პრეზიდენტი ედუარდ შევარდანაძე ხელისუფლებას ჩამოაშორა. მოგვიანებით იგი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული, თუმცა თანამდებობის დატოვების დრო რომ მოვიდა, მისი ოფისის თავზე ღრუბლები შეიკრიბა: მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო, თვითონ პრეზიდენტს კი მწვავე კრიტიკა დაუწყეს 2008 წელს რუსეთთან ომში ჩაბმის გამო.
პოლიტიკურმა მოვლენებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩაიყვანა, სადაც 2014 წლის რევოლუციის შედეგად პრეზიდენტი მისი თანაუნივერსიტეტელი პეტრო პოროშენკო გახდა. მან მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა, კორუფციასტან და უკანონობასთან საბრძოლველად. მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა გუბერნატორის პოსტი დატოვა და მოქმედ პრეზიდენტს კრიტიკა დაუწყო, „რეფორმების განხორციელებაში ხელს მიშლიდაო“. პეტრო პოროშენკომ ბრალდებები უარყო, თუმცა საპასუხო ნაბიჯებიც გადადგა: თავის ყოფილ მეგობარს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და რადგან მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაც არ ჰქონდა (სხვათა შორის, მის მიმართ სამშობლოში სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული), იგი უპასპორტოდ დარჩა.

















