უკრაინის ხელისუფლებამ საშინელი დამცირება განიცადა: მისი მცდელობა დაეპატიმრებინა ერთ-ერთი ყველაზე
გაბედული ოპოზიციონერი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მარცხით დასრულდა. უკვე მერამდენედ დადასტურდა ის ჭეშმარიტება, რომ უკრაინის სახელმწიფო სუსტი და უსუსურია, - აღნიშნულია ფრანგული გამოცემის, «Le Monde»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ბენუა ვიტკინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
უკრაინის ხელისუფლების პირველი შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილი კიევის საცხოვრებელ ბინაში დაეპატიმრებინათ „დღის შუქზე“, რამაც საშუალება მისცა ასობით ადამიანს შემთხვევის ადგილზე მისულიყვნენ და კამერით გადაეღოთ მიმდინარე ამბები. მეორე შეცდომა ისაა, რომ პოლიციამ შესაძლებლობა მისცა ექს-გუბერნატორის მომხრეებს ავტოფურგონი ალყაში მოექციათ. ფურგონმა მხოლოდ რამდენიმე მეტრი გაიარა, შემდეგ კი გაჩერდა..
სიურეალისტური შეტაკების შედეგად, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა შეძლეს მისი ფურგონიდან გამოყვანა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ხელში მეგაფონი აიღო და განაცხადა, რომ მზადაა თავი უკრაინას შესწიროს. მიტინგი ვერხოვნა რადასთან გაგრძელდა.
ოპოზიციონერის დაპატიმრების ესოდენ უბადრუკი მცდელობა არა მარტო გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უკრაინის ხელისუფლების იმიჯს, არამედ მის ციებ-ცხელებური მდგომარეობის დემონსტრირებასაც ახდენს. გარდა ამისა, ისმება კითხვა - რამდენად არღვევს ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს და ძალოვან სტრუქტურებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მწვავე კრიტიკოსი გახდა. გარდა ამისა, იგი შესაძლოა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის მეტოქე იყოს. „მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი ადამიანია ოპოზიციიდან, რომელსაც შეუძლია რადიკალებისა და ლიბერალების გაერთიანება“, - თვლის პოლიტოლოგი მიხეილ მინაკოვი, - „ბოლო მოვლების გამო იგი ხელისუფლებისათვის კიდევ უფრო საშიშ პიროვნებად იქცა“. პოლიტოლოგის თქმით, პეტრო პოროშენკო ყველაფერს გააკეთებს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის. მას შეუძლია გააძლიეროს ზეწოლა თავის მოწინააღმდეგეებზე, გაამკაცროს კონტროლი გუბერნატორებზე და ძალოვან სტრუქტურებზე, აგრეთვე წინა პლანზე წამოსწიოს ნაციონალისტური და პოპულისტური საკითხები“.

















