რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ამბები - სპეცოპერაცია თბილისში, ხანძარი
ბათუმში და იარაღის ამოღება ქობულეთში.
„თითქოსდა ამ სამ ფაქტს ერთმანეთთან რაიმე კავშირი არ აქვს, მაგრამ ექსპერტები უარყოფას არ ჩქარობენ“, - ნათქვამია მასალაში. (ავტორი - იური როქსი). ბუნებრივია, პუბლიკაციაში, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ, ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა თბილისში უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ სპეციალურ ოპერაციას.
ჯერ-ჯერობით, საქართველოს პროკურატურა არ ასახელებს არც სპეცოპერაციის დროს მოკლულებს (სავარაუდო ტერორისტებს) და არც ცოცხლად დარჩენილ ტერორიზმში ეჭვმიტანილ და დაპატიმრებულ პიროვნებას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა ამ საინფორმაციო ვაკუუმს ჟურნალისტები ავსებენ. ქართული მედია თავის წყაროებს იმოწმებს და აღნიშნავს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია აჰმედ ჩატაევის, იგივე „ცალხელა აჰმედის“ წინააღმდეგ განხორციელდა. სპეცრაზმის მიერ მოკლულია მისი პირადი მცველები, ხოლო თვითონ აჰმედ ჩატაევმა თითქოსდა თავი აიფეთქა. რაც შეეხება დაკავებულს, მასმედიის მტკიცებით, იგი „ცალხელას“ ერთ-ერთი პირადი მცველია - სუხო დუდაევი. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვარაუდებია, თანაც მოკლულთა იდენტიფიცირება დროს მოითხოვს.
ვრცელდება ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩენთა ჯგუფისაგან თითქოსდა რაღაც გაფრთხილება მიუღია, რომლის თანახმად, სპეცოპერაციის გამო, შურისძიების მიზნით, ისინი საქართველოში ისეთ რაღაცას მოაწყობენ, რომ ქვეყანამ ტურიზმი უნდა დაივიწყოსო. თუ ბუნებაში ასეთი მიმართვა მართლაც არსებობს, მაშინ საქართველოს სამართალდამცველმა უწყებებმა დასვენების დღეებზე უარი უნდა თქვან და 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. გასათვალისწინებელია, რომ იწყება ზამთრის ტურისტული სეზონი და სასწორზე საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია დევს.
ექსპერტებს სხვადასხვა აზრი აქვთ მომხდარი ამბების თაობაზე. ერთნი თვლიან, რომ თბილისის სპეცოპერაცია, ბათუმის სასტუმროს ხანძარი და ქობულეთის იარაღის არსენალი ერთი ჯაჭვის რგოლებად უნდა იქნეს განხილული. მეორენი სკეპტიკურად უყურებენ ასეთ თვალსაზრისს და ამბობენ, რომ „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძარი სრულიად განყენებული მოვლენაა: სასტუმრო, მართალია, ხუთვარსკვლავიანია, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო წესები უხეშად იყო დარღვეული. რაც შეეხება ქობულეთის იარაღს, არც ეს ფაქტია უცნაური, რადგან მსგავსი სამალავები საქართველოში ადრეც ბევრი უპოვიათ.
სტატიაში საუბარია ერთ-ერთ გამოცემაში - JAM-news-ში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომლის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი გოგუაძე. იგი წერს, რომ საქართველოში ახალი რეალობააა - „თუ ჩვენ ადრე ტერორისტებთან ბრძოლას შორიდან ვუყურებდით, ახლა საკუთარი თვალით ვხედავთ ამ ყველაფერს. ჩვენ ვერ შევძელით შიშისა და პანიკისადმი გამკლავება, რადგანაც შესაბამისი საკომუნიკაციო სტრუქტურები საჭირო დონეზე ვერ მუშაობდნენ და მოსახლეობას საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებდნენ. შესაბამისად, მათ ფუნქციებს მასმედია ასრულებდა და წარმოქმნილ საინფორმაციო ვაკუუმს თავისებურად ავსებდა. ასეთი ვითარებით შეუძლია ისარგებლონ საქართველოში გააქტიურებულმა ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა, რომელთა მტკიცებით, ქვეყნის უშიშროებისათვის მთავარ საფრთხეს უცხოელების მასობრივი მიგრაცია წარმოადგენს“. თუმცა, ავტორის მტკიცებით, უფრო უარესი იქნება საქართველოსთვის, თუ მომხდარით რუსეთი ისარგებლებს: „აშკარაა, რომ რუსეთი მიხვდა, თუ რამდენად ადვილია საქართველოში შიშისა და პანიკის დათესვა“.
ექსპერტის აზრით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მოსახლეობას ინფორმაცია დოზირებულად უნდა მიეწოდოს, ამ შემთხვევაში მავნეა: „გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ სიმართლე იცოდნენ, მსოფლიოსაც უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რისთვის ემზადებოდნენ სავარაუდო ტერორისტები - საქართველოში სამოქმედოდ, სხვა ქვეყანაში წასასვლელად თუ „ფსკერზე დასაწოლად“ (ჩუმად ყოფნისთვის). სიმართლის ცოდნა ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ დაასუსტებს, არამედ უფრო განამტკიცებს“.

















