უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ფონზე ადვილია ძველი, მაგრამ დღემდე მოუგვარებელი
კონფლიქტების დავიწყება. მაგალითად, უკვე 25 წელი გავიდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დაწყებიდან, მაგრამ საკვანძო საკითხი - აფხაზეთის სტატუსის პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია. გაისად ათი წელი შესრულდება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან, რომლის შედეგად რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ფაქტის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების შანსი კიდევ უფრო შემცირდა.
კარგია, რომ დაპირისპირების ძალადობრივი, სისხლიანი ფაზა დიდი ხნის წინ დასრულდა. დღეს კონფლიქტის სიმწვავე ისე მკვეთრად აღარ იგრძნობა, როგორც, ვთქვათ, 1990-იან წლებში. კარგია, რომ მხარეები ერთმანეთს განადგურებით არ ემუქრებიან. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, რომ ეს კონფლიქტი „გაყინულად“ ჩავთვალოთ, როგორც ამას ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს და ყურადღება მოვადუნოთ. იქ პერმანენტულად არის აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოხუმი და თბილისი ერთმანეთს უყურებენ და ელოდებიან, რომელი „მოეგება გონს“ ან ვინ ვის დაასწრებს საპირისპირო ნაბიჯის გადადგმას. თბილისს ჰგონია, რომ ახალი საქართველო, ევროპის გზაზე მდგარი, იმდენად მიმზიდველი გახდება აფხაზეთისათვის, რომ სოხუმი მიერთებაზე ფიქრს დაიწყებს, სოხუმი კი თვლის, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ნორმალურად ცხოვრობს და დადგება დრო, როცა თბილისს მოუწევს საბოლოოდ შეურიგდეს რეალობას.
ერთი თვის წინათ პირადად გავხდი მომსწრე იმისა, თუ რას სთავაზობს საქართველო აფხაზეთს: სოფელ რუხში, რომელიც ენგურის ხიდიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, იქვე შენდება ახალი საავადმყოფო, სოფელ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროიც შენდება. „ეს პროექტები აფხაზებს ახალ შესაძლებლობებს აძლევსო“, - ამბობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლონდონის „ჩეთემ-ჰასუსი“ გამოსვლისას 24 ოქტომბერს. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ „გზააბნეულ აფხაზებს“ თბილისი მშვენიერ გარიგებას სთავაზობს, თუ, რასაკვირველია, საქართველოს მთავრობის წინადადებას დათანხმდებიან. კი, მართლაც საკმაოდ ბევრმა აფხაზმა ისარგებლა ჯანდაცვის სისტემის შეღავათებით, რომელიც ქართული პოლიტიკის მთავარ წარმატებას წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი „რბილი ძალა“, რომლის მიზანი აფხაზეთის გადაბირებაა. მაგრამ ასეთ მოქმედებას მაშინ აქვს კარგი შედეგი, როცა საქმე ბუნებრივად, „თავსმოხვევის“ გარეშე კეთდება. ადგილობრივი მცხოვრებლები, ვისაც ვესაუბრე, მიიჩნევენ, რომ ახალი საავადმყოფოს ამუშავების შემდეგ იქ სამკურნალოდ გადმოსული აფხაზების რაოდენობა არ მოიმატებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ძალიან დემონსტრაციული ნაბიჯია, ზედმეტად ღია სიგნალი - აფხაზებო, მოდით, აქ იმკურნალეთო. ვფიქრობ, აფხაზთა უმრავლესობა კარნახის გარეშეც კარგად გაერკვევა, სად რომელი სამედიცინო დაწესებულებით ისარგებლონ.
რით პასუხობს აფხაზეთის მთავრობა საქართველოს თამაშს? სოხუმში ყოფნისას იქაურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მითხრა: „ქართველესბ დღემდე ვერ გაუგიათ ერთი მარტივი საკითხი: ჩვენ ისინი არ გვჭირდება. უკვე 25 წელია მათ გარეშე ვცხოვრობთ“.
დღეს აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა, ნორმალურ კავკასიურ ქალაქს დაემსგავსა: მიდის გაცხოველებული ვაჭრობა, გზებზე „საცობებია“... 1992-1993 წლების ომის კვალი თითქმის უკვე მთლიანად წაიშალა. ეს მოხერხდა უპირატესად რუსეთის დაფინანსების შედეგად, რომელიც რესპუბლიკის ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს. აფხაზეთმა ისწავლა ზოგიერთი იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მისი საერთაშორისო არაღიარებითაა გამოწვეული... მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ არასტაბილური რჩება: ისევ იგრძნობა განხეთქილება საზოგადოებაში, რომელიც 2014 წლის მოვლენების შემდეგ გრძელდება - ალექსანდრე ანქვაბი რომ იძულებით გადადგა და მის ნაცვლად პრეზიდენტად რომ რაულ ხაჯიმბა გახდა. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ასეთი რამ მითხრა: „რუსეთის მხრიდან აღიარების შემდეგ აფხაზებმა ახალი ფუფუნება მივიღეთ - როცა მთავარი საგარეო საფრთხე განეიტრალდა, ჩვენ ბრძოლა ერთმანეთს დავუწყეთ“.
აფხაზეთში ამგვარი სიტუაციით ყველაზე მეტად გალის რაიონში მცხოვრები 30 ათასამდე ქართველი იჩაგრება. თავის დროზე კონფლიქტი აფხაზების ჩივილით დაიწყო - „ქართველები გვავიწროვებენო“, ახლა ქართველები თვითონ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში, მათი უფლებები ძალიან იზღუდება, რაც სახიფათო მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. გალის ქართველები თითქოსდა „ჰაერში დაკიდულებივით“ არიან: ისინი აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ცდილობენ ენგურის ხიდის გადაღმა მყოფ ნათესავებთან კავშირები შეინარჩუნონ. აფხაზებმა მათ მდინარეზე არსებული გადასასვლელები დაუხურეს და მხოლოდ ერთი დაუტოვეს. ქართველებს პრობლემები აქვთ შექმნილი განათლების სფეროშიც - გალის სკოლებში სწავლება ქართულად კი არა, რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ამის გამო ბევრი მაცხოვრებელი იძულებულია ბავშვები „საზღვრის“ გადაღმა, ზუგდიდში გაგზავნოს.
ამასთან, აშკარად შეიმჩნევა, რომ აფხაზეთში რუსეთის გავლენა მატულობს. სოხუმში რუსეთის საელჩოს უზარმაზარი საელჩო გაიხსნა, რომელიც თითქოსდა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი აფხაზეთის შეუცვლელი პარტნიორია. რუსეთის გავლენით, აფხაზეთში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა იზღუდება. არაა გამორიცხული, რომ რუსეთის მსგავსად, აფხაზეთში მიიღონ კანონი „საზღვარგარეთის აგენტების შესახებ“...
აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაცია დიდი ხნის პრობლემაა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - თბილისის შიში, რომ შესაძლოა აფხაზეთმა ისეთი საერთაშორისო აქტიურობა დაიწყოს, რომელსაც შემდეგ საქართველო ვერ გააკონტროლებს; მეორე - რუსეთს არ სურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად ჩაერიოს აფხაზეთის ცხოვრებაში (მხოლოდ დოზირებულად და მოსკოვის ნებართვით) და მესამე - „ევროპის დაღლა აფხაზეთისგან“, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ განვითარდა. გასაგებია, რომ ყველა მხარეს თავისი „არგუმენტები“ აქვს, მაგრამ იზოლაციის შენარჩუნება კარგს არაფერს მოიტანს.
ევროკავშირი, აფხაზეთში ჩადებული ფულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს ვერანაირად ვერ შეედრება: 2008 წლიდან ევროკავშირმა აფხაზეთისთვის მხოლოდ 50 მილიონი ევრო გამოყო, რუსეთმა კი ათჯერ და უფრო მეტად ბევრი. აქ აუცილებელია საერთაშორისო ჩარევა - განსაკუთრებით იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იზოლაციისაგან იჩაგრებიან და რომლებსაც ევროპული „ნოუ-ჰაუ“ ჭირდებათ.
--------
თომას დე ვაალი - ბრიტანელი ჟურნალისტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, გამოკვლევების ავტორი თანამედროვე კავკასიის შესახებ.
იბეჭდება მცირე შემოკლებით. წყარო: «Carnegie Europe» (ბელგია)

















