რუსული გამოცემა «Новая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება თბილისში საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ განხორციელებულ
სპეცოპერაციას ტერორისტების დაკავების მიზნით.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ირინე გორდიენკოს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აჰმედ ჩატაევს, ცნობილ ტერორისტს, რომელსაც, სხვა დანაშაულებებთან ერთად, წაყენებული აქვს სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ბრალდებაც. ქართული მასმედია, იმოწმებს რა უშიშროების საბჭოდან წყაროებს, აცხადებს, რომ თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სწორედ აჰმედ ჩატაევი იქნა მოკლული. სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მისი ბიოგრაფია და ტერორისტული გზა (დაიბადა ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში 1980 წელს, მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, რომელის დროსაც მარჯვენა ხელი დაკარგა და მას ამიტომ „ცალხელა“ შეარქვეს. 2000-იანი წლების დასაწყისში გაიქცა საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად. რუსეთმა ინტერპოლის ხაზით მასზე ძებნა გამოაცხადა, მაგრამ აჰმედ ჩატაევმა როგორღაც ავსტრიის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ. ბოლო წლებში იგი ევროპის ქვეყნებში დოკუ უმაროვის წარმომადგენლის სახელით დადიოდა).
აჰმედ ჩატაევის ბედზე შეიძლება წიგნები დაიწეროს და ფილმები იქნეს გადაღებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ხუთჯერ დაიჭირეს - რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, შვედეთში და საქართველოში - იარაღის უკანონო შენახვისა და ტერორისტებთან კავშირის გამო. საოცარია, რომ მან ხუთჯერვე შეძლო პატიმრობიდან თავის დაღწევა - სასამართლო აჰმედ ჩატაევს „ბრალის დაუდასტურებლობის“ გამო ათავისუფლებდა. ამ დროს ყოველთვის ჩნდებოდა რომელიღაც ორგანიზაცია თუ გავლენიანი პოლიტიკოსი, რომლებიც აჰმედ ჩატაევს თავდებით უდგებოდა - რას ერჩით ამ კაცს, იგი ხომ პოლიტიკური დევნილია, მას რუსეთის ხელისუფლება დევნისო.
2012 წლის აგვისტოში მისი გვარი საქართველოში, ლაფანყურთან განხორციელებული სკანდალური სპეცოპერაციის დროს ამოტივტივდა. საქართველოს შსს-ის მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტნიდან საქართველოში კარგად შეიარაღებულმა ოცკაციანმა ჯგუფმა შეაღწია, რომლის მიზანი „ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა“ იყო (იმ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო), თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვერსია ყალბი აღმოჩნდა. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული იქნა თერთმეტი შეიარაღებული ადამიანი, ისინი ყველა პანკისელი ქისტები აღმოჩნდნენ. ზოგიერთი ცნობით, „ბოევიკები“ პანკისის ხეობაში სწორედ აჰმედ ჩატაევის ხელმძღვანელობით იწრთვნებოდნენ. განზრახული იყო ჯგუფის გადასროლა რუსეთში, „კავკასიის იმარატის“ გასაძლიერებლად.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევი დაიჭრა და იგი საქართველოს ხელისუფლებას ჩაბარდა. აჰმედ ჩატაევი დააპატიმრეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლა, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ამასთან, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, აჰმედ ჩატაევი იმიტომ აღმოჩნდა ლაფანყურში, რომ იგი თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ახლოს მდგომმა ძალოვანებმა მიიწვიეს, მოლაპარაკებაში შუამავლის როლის შესრულების მიზნით.
ამნისტიის შემდეგ აჰმედ ჩატაევი თურქეთში გადავიდა. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იგი სირიაში წავიდა და „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურს ალ-ბაღდადის ერთგულება შეჰფიცა. აჰმედ ჩატაევმა „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა და თავის ძველ ნაცნობს და ცნობილ პანკისელ ქისტს თარხან ბათირაშვილს დაუახლოვდა, რომელიც იმ დროს ე.წ. „ომის მინისტრი“ იყო.
აჰმედ ჩატაევი ბატალიონ „იარმუკის“ მეთაური გახდა. ეს ქვედანაყოფი ჩეჩნებისაგან შედგებოდა. აჰმედი საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებდა, რადგან ჩეჩნეთის პირველ ომში დაკარგულ ხელს ლაფანყურთან დაკარგული ფეხიც დაემატა. მოგვიანებით მას „ომის სამინისტროში“ ოპერაციების დაგეგმვა და ფინანსების კონტროლი დაევალა. თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ, არცთუ ისე იშვიათად, აჰმედ ჩატაევი მის ფუნქციებსაც ასრულებდა. 2015 წლის ოქტომბერში ამერიკამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტთა სიაში შეიტანა.
მანამდე კი, 2015 წლის ოქტომბერში, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მსხვილი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმემ დღის შემდეგ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია. 2015 წლის ბოლოს აჰმედ ჩატაევი სირიიდან საქართველოს დაემუქრა. ხელისუფლების მისამართით გაგზავნილ აუდიოჩანაწერში იგი პანკისელი იმამის აიუბ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც ქართულმა უშიშროებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო დააკავა. წინააღმდეგ შემთხვევაში აჰმედ ჩატაევი ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ამჟამად აიუბ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
დღემდე არავინ იცის, თუ როგორ მოხვდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული სამართალდამცველი უწყებებიდან „ნოვაია გაზეტა“-სათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალოვანები აჰემდ ჩატაევს (და მის ხალხს) საკმაო ხნის განმავლობაში „მწყემსავდნენ“ და სპეცოპერაციის დროსაც კი ცდილობდნენ მის ცოცხლად აყვანას, მოლაპარაკების გზით...
ამ დრომდე მოკლულების ვინაობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
-----------
აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე მასალები გამოქვეყნებულია თურქულ პრესაშიც, მაგალითად, გაზეთ Hürriyet Daily News-ში სათაურით „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკი, რომელმაც სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი დაგეგმა, საქართველოში მოკლეს“, ასევე გაზეთ «Daily Sabah»-ში - „ათა-თურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი საქართველოში გაანადგურეს“.
წყაროები: http://www.hurriyetdailynews.com/isil-militant-who-planned-istanbul-airport-attack-killed-in-georgia-122933; https://www.dailysabah.com/war-on-terror/2017/11/23/ataturk-airport-suspect-killed-in-georgia-anti-terror-op-targeting-daesh

















