იტალიელმა ჟურნალისტებმა კიევის მაიდანზე მომხდარი დახვრეტების გამოძიებისას „ქართული კვალი“ აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი მედიაჰოლდინგის - Mediaset-ის ტელეარხ Matrix-ის ეთერში გადაიცა 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“, რომელშიც გაზეთ Il Giornale-ს სამხედრო კორესპონდენტი ჯანი მიკალესინი ამტკიცებდა, რომ კიევის მაიდანზე, როცა წესრიგის დამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ორივე მხარეს პროფესიონალი სნაიპერები ესროდნენ. მათ ზურგს უკან იდგა არა უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რამედ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იტალიელმა ჟურნალისტმა სამი სნაიპერის გვარიც დაასახელა: ზალოგი კვარაცხელია, ალექსანდრე რევაზიშვილი და კობა ნერგაძე. ისინი კიევში თურმე მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გაიგზავნენ. საინტერესოა, რომ იტალიელ ჟურნალისტთან საუბარში სნაიპერები თვითონვე აღიარებენ მაიდანზე ჩადენილ დანაშაულს.
ამის შესახებ რუსული რადიოსადგური «Радио КоммерсантЪ FM» იუწყება.
იტალიელების მომზადებულ ფილმში გამოყენებულია აგრეთვე ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ურმას პაეტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის ქეთრინ ეშტონის სატელეფონო საუბარი, რომელშიც გადმოცემულია ექიმების თვალსაზრისი, რომ პოლიციელები და აქციის მონაწილეები სნაიპერების მიერ იყვნენ მოკლულები. ეს სატელეფონო საუბარი ცნობილი ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე გახდა. დაახლოებით იმ ხანებშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სნაიპერებს შორის შესაძლოა ქართველებიც იყვნენ. ამის შესახებ განაცხადა ქართველმა ოფიცერმა ტრისტან წითელაშვილმა. თუმცა, როგორც კიეველი პოლიტოლოგი ალექსანდრე სოლონტაი აცხადებს, იტალიელი ჟურნალისტის ვერსია მცდარია და არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან: „მე მაშინ, როცა დახვრეტა მოხდა, მაიდანზე ვიყავი, სასტუმრო „უკრაინასთან“, რომელიც ფილმშია ნახსენები. ვხედავდი, რომ ისროდნენ არა სასტუმროდან, არამედ „ოქტომბრის სასახლიდან“. ისინი „ბერკუტელები“ იყვნენ. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცება აბსურდულია“.
საინტერესოა, რომ ჰოლდინგი Mediaset იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სუილვიო ბერლუსკონის საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას „პერსონა ნონ-გრატად“ ჰყავს გამოცხადებული.
„ძალიან უცნაურია, რომ იტალიის ტელევიზიით ქართველი სნაიპერების შესახებ მასალა სწორედ ახლა გავრცელდა, ანუ იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა“, - ამბობს პოლიტტექნოლოგი დიმიტრი ტულჩინსკი: „მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინის მთავრობის კარის წინ დგას და დღე-დღეზე იქ უნდა შევიდეს, ამ დროს კი ასეთი მასალა ვრცელდება. შესაბამისად, ჩნდება აზრი, რომ ეს კარგად მოფიქრებული ფალსიფიცირებაა [მიხეილ სააკაშვილის] დისკრედიტირების მიზნით. ადრეც ბევრი ვერსია იყო, რომ სნაიპერები ვითომ რუსები იყვნენ, ვითომ ქართველები, მაგრამ არცერთი არ დადასტურებულა. საჭიროა სერიოზული მტკიცებულებები იმ ადამიანებისაგან (უკრაინელი ისტებლიშმენტისაგან), ვინც ნდობას იმსახურებს“.

















