logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნაურუს პრეზიდენტმა აფხაზეთში შავი ნაბადი მოირგო
ნაურუს პრეზიდენტმა აფხაზეთში შავი ნაბადი მოირგო
11:50 20.11.2017
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ნაურუ არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას“ - ამის შესახებ ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტისას ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესი ვაქამ განაცხადა და საჩუქრად აფხაზური შავი ნაბადი მიიღო.

ნაურუს რვაკაციანი დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთლიანად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. პრეზიდენტი ვაქა თავდაპირველად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ჩავიდა და 12 ნოემბერს, ქალაქ სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

იმავე დღეს, ნაურუს ოფიციალურმა დელეგაციამ, რომელშიც პრეზიდენტის გარდა, პირველი ლედი ლუიზა ვაქა, განათლების, შინაგან საქმეთა და მიწათმოწყობის მინისტრი ჩარმინ სკოტი, გაეროში მუდმივი წარმომადგენელი მარლენ მოზესი და პარლამენტარი მილტთონ დიუბი შედიოდნენ, ფსოუს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გადაკვეთა.

სეპარატისტების ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ვაქამ, რომელიც პარალელურად, ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობის, პოლიციის, საგანგებო სიტუაციების, კლიმატის ცვლილების და სახელმწიფო სამსახურის მინისტრია, კერძოდ ბრძანა: „აფხაზეთის აღიარების გამო ჩვენ რეალური ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით, პირველ რიგში, აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. ეს სიტუაცია შანტაჟის მსგავსია. მაგრამ, ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზიდან, დიდი გული გვაქვს და როგორც თქვენ, ჩვენც ისე ვაგრძელებთ ბრძოლას.“

ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ 2009 წლის დეკემბერში სცნო, მას შემდეგ, რაც ნაურუს მაშინდელი პრეზიდენტი კირენ კეკე, მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა და რუსეთისგან 50 მილიონი დოლარი საჩუქრად მიიღო.
„აღიარება და მხარდაჭერა ფულის სანაცვლოდ“ - ოკეანეთის სხვა ქვეყნების მსაგვსად, ნაურუს სახელმწიფო შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამის მკაფიო მაგალითია ნაურუ-ტაივანის ურთიერთობა. ნაურუმ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ტაივანის დამოუკიდებლობა 1980 წელს აღიარა, თუმცა 2002 წელს, ჩინეთისგან 130 მილიონი დოლარი მიიღო და ტაივანის აღიარება „გააუქმა“. 2005 წელს ჯუჯა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება - პეკინში საელჩო დახურა და ახალი ქრთამის მირების სანაცვლოდ ტაივანი „ხელახლა“ აღიარა.

Wikileaks-ის მონაცემებით, ტაივანი ყოველთვიურად ქრთამს უხდის ნაურუს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, ეს ფული ხან „სტიპენდიის“, ხან კი „სამედიცინო დახმარების“ სახელით ფორმდება. ასევე გულუხვად აფინანსებს კუნძულელი პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებს.

1981 წელს, ნაურუმ ფულის სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტზე, „საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობაც აღიარა, თუმცა 2000 წელს, ფინანსური დახმარება უკვე მაროკოსგან მიიღო და „საჰარის დამოუკიდებლობის აქტი“ გააუქმა.
მსგავს დახმარებას იღებს ნაურუ ისრაელის სახელმწიფოსგანაც, პალესტინის დამოუკიდებლობის არაღიარების სანაცვლოდ. იგივე, ფინანსური ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

კრემლმა ბოლოს ნაურუს ხმა EXPO-2020-ის მასპინძლობის მოსაგებად იყიდა, რომლის გამართვაც ეკატერინებურგში სურდა. რუსეთის ქალაქის მხადასაჭერად ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაქა სპეციალურად სვერდლოვსკის ოლქშიც კი ჩავიდა, ფულთან ერთან, რუსეთთან უვიზო რეჟიმიც მიიღო, თუმცა, საბოლოოდ ეკატერინებურგი კენჭისყრაში დუბაისთან დამარცხდა.

ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტის შემდეგ, ნაურუს პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც გუშინ ოსი სეპარატისტების ლიდერს შეხვდა. „გაცნობითი შეხვედრის“ შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი პარტნიორების, იგივე ნაურუს დახმარებით ბევრი მუშაობა. ამ მიზნით, გავეცი ბრძანება, რომ ჩვენი და ახალი ზელანდიის მოქალაქე თეიმურაზ ბითიევი ნაურუში სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს“.

საქართველოდან 12 725 კილომეტრით დაშორებული ნაურუ, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძულის ფართობი სულ 21,3 კვ.კმ-ია,სადაც 11 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა (94%) ნაურუელია. ნაურუს მთავრობა, პრეზიდენტის ჩათვლით, ექვსი მინისტრისგან შედგება, პარლამენტში 13 დეპუტატია.
ნაურუ, რომელმაც დამოუკიდებლობა 1968 წელს მოიპოვა, დღეისათვის წყნარი ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და იზოლირებული ქვეყანაა. იქ აკრძალულია სოციალური ქსელები, მათ შორის Facebook, ხოლო უცხოელი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესასვლელი ვიზა - 8000 აშშ დოლარი ღირს.

2017 წლის მაისში, მას შემდეგ რაც აშშ-ს კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriations Act, 2017), პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ, გაჩნდა სპეციალური ჩანაწერი, რომ აშშ-ს „გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს“ იყო მოლოდინი, რომ ნაურუ (ვანუატუს და ტუვალუს მსგავსად) აღიარებას გააუქმებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ახალი ზელანდიის რადიოს ცნობით, აკრძალვის მიუხედავად, ნაურუსთან თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank) განაგრძობს, რომელსაც კუნძულზე 14 მილიონი დოლარის ბიუჯეტის რამდენიმე პროგრამა აქვს ჩაშვებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა