ინდური გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელიც გამიზნულია ტურიზმისა და მოგზაურობის
მოყვარულებისთვის, გადმოცემულია საქართველოს მდგომარეობა, ზოგადი ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემები, ეთნიკური შემადგენლობა, სახელმწიფო ენა, რელიგია, კლიმატი და ა.შ.
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ კუნალ ჯეინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
.
პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა ტრადიციებს, დღესასწაულებს, ღირსშესანიშნაობებს, სამზარეულოს. რასაკვირველია, მასში მოხსენიებულია ლეგენდაც, თუ რატომ უბოძა ღმერთმა ქართველებს ასეთი სამოთხისმაგვარი კუთხე.
სტატიაში საუბარია საქართველოში მცხოვრებ ინდოელებზეც: „საქართველოში ინდური სათვისტომო ძირითადად შედგება სტუდენტებისაგან, ბიზნესმენებისაგან, სასოფლო-სამეურნეო ფერმერებისაგან და სხვა სპეციალისტებისაგან. ინდოელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2012 წლიდან და დღეს მათი რაოდენობა თითქმის ორი ათასს აღწევს. თბილისის უმაღლესა სასწავლებლებში თითქმის 700-მდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს (ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტში). ასევე 200-მდე სპეციალისტი მუშაობს საქართველოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
რას შეეხება ეკონომიკას: ინდოეთს საქართველოსთან ვაჭრობაში დადებითი სალდო აქვს. 2015-2016 წლებში ინდოეთმა საქართველოში გაიტანა 82,7 მლნ. დოლარის ოდენობის პროდუქცია, შემოიტანა - 24,7 მილიონისა. ინდური ინვესტიციები ძირითადად ჩადებულია მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა დარგებში. საქართველოში ინდივიდუალური ინვესტორები ძირითადად პენჯაბელები არიან (დაახლოებით 150 ფერმერი), რომლებმაც მიწა შეიძინეს და მოსავალი მოჰყავთ. ბოლო წლებში გააქტიურდა თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკისა და სამედიცინო პრეპერატების წარმოების სფეროშიც.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ინდოელ მკითხველს აცნობს საქართველოსთან სავიზო რეჟიმს (ელექტრონული ვიზის მიღების წესს), საქართველოში გამგზავრებისათვის აუცილებელ მარშრუტს და იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ინდოეთის აეროპორტებიდან, დუბაისა და სტამბოლის გავლით, თბილისში დაფრინავენ. იქვე ჩამოთვლილია თბილისის და საქართველოს ღირსშესანიშნაობები, რომლებიც, ავტორის აზრით, საინტერესო იქნება ინდოელი ტურისტებისათვის: ნარიყალა, მცხეთა, ყაზბეგი, გერგეთის სამება, უფლისციხე, ბათუმი და ა.შ.
---------
ინდური გაზეთის შეცდომა
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო ხანებში ინდურ პრესაში ანტიქართული სტატიები ზედიზედ გამოქვეყნდა, მათ ფონზე The Statesman-ის პუბლიკაცია ზოგადად ნორმალურად გამოიყურება. დიახ, ზოგადად ნორმალურად, მაგრამ... თუ გამოცემის მე-13 გვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს (Georgia-ს) კონტურს დავაკვირდებით, იქ ამერიკული „ჯორჯიის“ რუკის კონტურია ნაჩვენები...
ინდოელებმა დასანანი შეცდომა დაუშვეს... ამიტომაც მიზანშეწონილია, რომ ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს სახელწოდება უცხო ენაზეც ქართულ-ეროვნულად ჟღერდეს - SAQARTWELO. ასე თუ გაკეთდება, უცხოელებს აღარ აერევათ კავკასიური უძველესი საქართველო ამერიკულ "ჯორჯია"-ში. (რედ.)

















