გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში
მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის უძველეს ისტორიაზე. მასში აღნიშნულია, რომ „ევროპასა და აზიას შორის მდებარე კავკასიის მთების სამხრეთ კალთებზე, ნაყოფიერ ვაკეზე გაშლილი საქართველო, როგორც ჩანს, იმ ადამიანების სამშობლოა, რომლებმაც მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს ვენახის გაშენება, ღვინის დამზადება და ამით დასაბამი მისცეს შარდონეს, კაბერნეს და სხვა ცნობილი ვაზის ჯიშების ღვინოებს, რომელსაც დღეს სიამოვნებით მივირთმევთ“ (ავტორი - ნიკოლას სენტ-ფლერი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში მიმოხილულია აშშ-ის სამეცნიერო წრეების მიერ მომზადებული გამოკვლევა: საქართველოში, თბილისთან ახლოს მდებარე ორ ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ თიხის ჭურჭლის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მის კედლებზე იმ ღვინის ნალექია შემორჩენილი, რომელიც მასში 8 ათასი წლის წინ იყო ჩასხმული.
სტატიის ავტორი მიუთითებს პატრიკ მაკგოვერნის (პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-არქეოლოგის), ენდრიუ უოტერჰაუსის (კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიკოსის), დავით ლორთქიფანიძის (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის), რობერტ დესალის (მოლეკულურ ბიოლოგს), სტივენ ბეტიუკის (ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარის) და სხვების დასკვნა-შეფასებებზე, რომელთა მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოს წარმოადგენს.
-------
ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე გაზეთ „ვაშინგტონ პოსტშიც“ სათაურით „ღვინის წარმოების ყველაზე ადრეულ ფაქტს 8-ათასწლოვანი თიხის ჭურჭლები ადასტურებს“ (წყარო: https://www.washingtonpost.com/news/speaking-of-science/wp/2017/11/13/earliest-evidence-of-wine-found-in-giant-8000-year-old-jars/?utm_term=.4ddcf6c82809).

















