ამერიკული რადიოსადგურის «Radio Voice of America»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს
მთავრობაში გატარებული სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამჟამად მოქმედი 16 სამინისტროდან 13 დარჩება.
პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების უწყების ბედზე, რომელსაც აწ უკვე ყოფილი მინისტრი გიგლა აგულაშვილი ხელმძღვანელობდა.
„გარემოს დამცველები მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას, რომლის ბუნებრივი რესურსების ნაწილი - ეკონომიკის, ხოლო გარემოს დაცვის ნაწილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შეერწყმება.
ხათუნა გოგალაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი გარემოს დაცვის მინისტრი (და ერთადერთი, რომელსაც შესაბამისი განათლება ჰქონდა) წერს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა:
„ამ ცვლილებას სწორედ, რომ გაუქმება ჰქვია, რადგან გარემოს დაცვის ფუნქციების გადანაწილებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში, წარმოუდგენელია ამ უწყებების მიერ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ნუგეშის მომცემი არც ის არის, რომ ახალ სტრუქტურას „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ერქმევა, რადგან გარემოს დაცვა ვერანაირად ვერ გახდება პოლიტიკის წარმმართველი ამ სამინისტროს ქვეშ, რადგან მასში სოფლის მეურნეობა უფრო პრიორიტეტულია. ეს დიდი პრობლემაა, რადგან არ შეიძლება გარემოსდაცვით ნებართვას კონკრეტულ საქმიანობაზე გასცემდეს სტრუქტურა, რომელიც თვითონ არის ამ საქმიანობის ინიციატორი. პრობლემაა, რადგან არ შეიძლება ტყეების ბედს ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო განაგებდეს, რადგან ჩვენი ტყეების 98% მთიანია და ძირითადად დამცველობითი ფუნქციები აქვთ და არა კომერციული. პრობლემაა, რადგან დაცული ტერიტორიები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ტურიზმის სფერო. ეს დაცული ტერიტორიების მხოლოდ დამატებითი ღირებულებაა. მთავარი კი ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვაა. პრობლემაა, რადგან ამ ყველაფრით მხოლოდ დასუსტდება და განადგურდება ეს სფერო. და განადგურებული გარემო ისევ ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, განვითარებას უშლის ხელს“, - ამბობს ხათუნა გოგალაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიუროკრატიის შემცირებისკენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, თუმცა, მისი აზრით, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება ბევრ კითხვას ბადებს: „როცა სამყაროში გარემოსდაცვითი პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ ვითარებაში ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ინტერესეთა კონფლიქტის გამო, კითხვებს ბადებს. გარემოსდაცვითი და ეკომონიკური ინტერესები ერთამანეთთან წინააღმდეგობაშია. გამომდინარე იქედან, რომ გარემოს დაცვის კომპონენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა - ეს ურთიერთქმედებაში როგორ იმუშავებს რთული სათქმელია“.
(...)
"ქართული ოცნებას“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში გარემოსდაცვითი სფერო, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჰქონდა გამოცხადებული: „სახელმწიფოს მიერ ამ დარგისათვის გაღებული ფინანსური რესურსები არის არა დანახარჯი, არამედ ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, აგრეთვე სახელმწიფოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“ - წერია საარჩევნო პროგრამაში, ამ მიზნის მიღწევას კი ბიძინა ივანიშვილის პარტია „გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილების და შესაძლებ-ლობების გაძლიერებით“ აპირებდა.
2012 წელს ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროს ჩამოართვეს და გარემოს დაცვის სამინისტროს გადასცეს, თუმცა 2012-2014 წლებში ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორის ლობთან მოჭიდავე ხათუნა გოგალაძის წინააღმდეგობრივი მინისტრობის შემდეგ, გარემოს დაცვა „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ პრიორი-ტეტადაც აღარ დარჩა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2014 წელს ხათუნა გოგალაძე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრით ელგუჯა ხოკრიშვილით შეცვალეს, 2015 წელს კი მისი ადგილი ყოფილმა რესპუბლიკელმა და ყოფილმა პროკურორმა გიგლა აგულაშვილმა დაიკავა.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრები (1991-2017 წლები)
შოთა ადამია - 1991-1995; ნინო ჩხობაძე - 1995-2004; თამარ ლებანიძე - 2004-2005; დავით ტყეშელაშვილი - 2006-2007; დავით ჩანტლაძე - 2007-2008; ზაალ გამცემლიძე - 2008; ირაკლი ღვალაძე - 2008; გიორგი ხაჩიძე - 2008-2012; გიორგი ზედგინიძე - 2012; ხათუნა გოგალაძე - 2012-2014; ელგუჯა ხოკრიშვილი - 2014-2015; გიგლა აგულაშვილი 2015-2017.

















