ესტონურ გამოცემა «Postimees»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში მცხოვრებ
ესტონელთა მდგომარეობა, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან:
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იანუს პიირსალუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ზუსტად 25 წლის წინათ ესტონეთი, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დიდი დრო არ იყო გასული, აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დაეხმარა და ომით მოცულ რეგიონში სამი სამგზავრო თვითმფრინავი გაგზავნა, ისტორიულ სამშობლოში ესტონელების დასაბრუნებლად. იმ დროს ესტონეთი შედარებით სუსტი იყო და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, დღეს კი, შედარებით მდიდარმა ესტონეთმა აფხაზეთში ჯერ კიდევ დაჩენილი თავისი თანამემამულეები სრულიად დაივიწყა. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 250-300-ს აღწევს, მათ ესტონური ენა არ დავიწყნიათ და ახსოვთ ტრადიციებიც.
„ჩვენ აქ მიტოვებულები ვართ, არავის აღარ ვახსოვართ. სამშობლო ჩვენს მიმართ გულგრილობას იჩენს... უბედურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. როცა ჩვენს წუხილს გამოვხატავთ, გვეუბნებიან - ხომ იცით, ეს პოლიტიკური საკითხია“, - ასე ამბობენ «Postimees»-ს კორესპონდენტთან საუბარში აფხაზეთში დარჩენილი ესტონელები.
„აფხაზი ესტონელების პრობლემა იქიდან იწყება, რომ აფხაზეთი - მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისა და მათ შორის ესტონეთის პოზიციის თანახმად, საქართველოს ნაწილად ითვლება, თუმცა 1993 წლიდან, ომის შემდეგ, თბილისი აფხაზეთს ვეღარ აკონტროლებს. დე-ფაქტოდ აფხაზეთი უკვე 24 წელია დამოუკიდებელია, 2008 წელს კი მისი სუვერენიტეტი მსოფლიოს ოთხმა სახელმწიფომ აღიარა“, - აღნიშნულია სტატიაში.
„აფხაზეთში რომ იცხოვრონ, ესტონელებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯერ აფხაზური, შემდეგ რუსული პასპორტი. არადა, რუსული პასპორტის ქონა, თავის მხრივ, ესტონელ სახელმწიფო ჩინოვნიკებს ძალიან აღიზიანებთ, რომელთა აზრით, აფხაზ ესტონელებს რომ ქართული დოკუმენტები ჰქონდეთ, მაშინ მათი პრობლემა შედარებით იოლად მოგვარდებოდა. უფრო მეტიც - დღეს საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რაც ესტონელ ჩინოვნიკებს იოლი ჰგონიათ, აფხაზეთში მყოფი ესტონელებისათვის ძალიან ცუდი იქნება: ქართული პასპორტების აღება მათთვის სრულ იზოლირებას ნიშნავს, მათ ყოველდღიური პრობლემები გაუჩნდებოდათ აფხაზეთის ხელისუფლებასთან. რუსული პასპორტის ქონა კი ესტონელებს საშუალებას აძლევს რუსული პენსია მიიღონ, რაც სიცოცხლისათვის ესოდენ აუცილებელია (აფხაზური პენსია ყველაზე მცირეა მსოფლიოში - 500 რუბლი ანუ 7,5 ევრო თვეში, რუსული პენსია კი 10 ათას რუბლამდეა, ანუ 150 ევრომდე). აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელთა უდიდესი ნაწილი კი მოხუცები არიან, მათ რუსული პენსია ძალიან წაადგებათ.
ესტონეთში რომ დაბრუნდეს (ან დროებით ეწვიოს), „აფხაზმა ესტონელმა“ ჯერ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი უნდა გადაკვეთოს, შემდეგ კი (სოჭიდან თვითმფრინავით ან მატარებლით) - რუსეთ-ესტონეთის საზღვარი. თუ პირველს აფხაზური პასპორტით გადაკვეთ, მეორეს გადასაკვეთად უკვე რუსული ან უფრო ხშირად ესტონური პასპორტი გჭირდება. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ესტონელებს აქვთ. რაც შეეხება ესტონეთში წასასვლელი ვიზის აღებას, ეს ისეთი პრობლემაა, რომ მასზე შეიძლება საათობით ილაპარაკო... ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სავიზო ცენტრების შექმნის თაობაზე „აფხაზ ესტონელთა“ მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კრასნოდარში არსებულ სავიზო ცენტრში ვიზის აღება ოთუზბირი ღირს, იკარგება თანხა, დრო...
კორესპონდენტი ესაუბრება სოფელ დოპუკიტში (ახლა ასე ჰქვია ყოფილ ესტონკას) მცხოვრებ ოსკარ ტრუმანს, 80 წლის ესტონელს, რომელიც ბოლო დროს ესტონეთში ექვსი წლის იყო უმცროსი და-ძმის სანახავად. „ვიზის ვადები ამოიწურა, ვეღარ მივდივარ’, - ამბობს ოსკარი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ხშირად ჩადიოდა სამშობლოში - იგი „ტუ-134“-ის პილოტი იყო და სოხუმიდან ტალინში ყოველ კვირას დაფრინავდა. სულ ბოლოს 1989 წელს იფრინა, სოხუმის აეროპორტი ოსკარის სახლიდან ათ კილომეტრში მდებარეობს.
სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს „აფხაზი ესტონელების“ მდგომარეობა ვიზების იოლად მიღების თვალსაზრისით - ისე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით არ გაუარესდეს ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობა: ეს შეიძლება მოხდეს რუსეთ-ესტონეთის 1920 წლის ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დღესაც ძალაშია...
p.s. სათაური არ წარმოადგენს ორიგინალს და ის ინტერპრეტირებულია

















