თურქულ გამოცემა «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პოლიტიკურ-ეკონომიკური
მნიშვნელობა, რომლის ექსპლოატაცია 31 ოქტომბრიდან დაიწყო და რომლის მარშრუტი სამი ერთმანეთის მეზობელი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიებზე გადის.
საინფორნმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ჯემილ ერთემის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება უმთავრესად ეთმობა აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო ინტეგრაციას, რომლის ერთ-ერთ რგოლს სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი წარმოადგენს (მილსადენებთან ერთად). „რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლით თანდათან პრაქტიკულ კონტურებს იძენს აბრეშუმის ახალი გზის პერსპექტივა, ანუ აზია-წყნარი ოკეანისა და ევროპის ინტეგრირებაც, რომელიც ვერ მოხერხდა მე-19 - მე-20 საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის დაშლის გამო. არადა, სწორედ ოსმალეთის იმპერიის სულთანი აბდულ-ჰამიდ II ცდილობდა ევროპა-აზიას შორის ენერგეტიკული და სავაჭრო ხიდების გადებას, მაგრამ რუსეთმა მას ხელი შეუშალა, პირველ მსოფლიო ომში ჩარევით.
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ცივი ომის პერიოდში, რასაკვირველია, თურქეთი ვერ გამოავლენდა ინტერესს კასპიის ზღვის ენერგეტიკული პოტენციალისადმი, ამის თაობაზე ანკარა არც ფიქრობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა თურქეთი რეგიონის ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, მან მზერა მიმართა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ანკარამ მტკიცე ნაბიჯები გადადგა, რომლებიც ხელს უწყობს მისი გავლენის გაძლიერებას, თავისუფალი ბაზრის განვითარების თურქული მოდელის დანერგვა-გაფართოებას.

















