„მიხეილ სააკაშვილის განცხადება - უკრაინის გენერალური პროკურატურა ჩემს დასაპატიმრებლად და თბილისში ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებსო,
საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა - „მიხეილ სააკაშვილი ექტრადირების შემთხვევაში საგამოძიებო იზოლატორში იქნება მოთავსებულიო“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ქართველ პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომლის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ექსტრადირებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, ანუ მისი გადმოცემის რისკი მატულობს. „თუმცა, ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა არ აწყობს, რადგან ამით პრობლემები გაუჩნდება: მიშას მომხრეები, ცხადია, მიტინგებს მოაწყობენ და საპყრობილის დაბლოკვას შეეცდებიან. რასაკვირველია, ეს მთვარობისთვის არასასიამოვნო იქნება“.
ამასობაში ხელისუფლება სიტუაციის რადიკალური განვითარებისათვის ემზადება; «КоммерсантЪ»-ის ხელთ არსებული მონაცემებით, მატროსოვის ქუჩაზე მდებარე თბილისის საპყრობილეში, სადაც ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამომწყვდეულები, კიდევ ერთ კომფორტულ „ელიტურ საკანს“ ამზადებენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების შემდეგ იქნება მოთავსებული.
სტატიის ავტორი ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანის შემთხვევაში საპროტესო აქციების გამართვა გამორიცხული არაა: „ქართული საზოგადოება ვერ მოითმენს იმ სამსჯავროს, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მოაწყობს კრემლის კარნახით“, - ამბობს ნუგზარ წიკლაური.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თეორიულად შეუძლია თავისი წინამორბედის შეწყალება, მაგრამ როგორც «КоммерсантЪ»-ს უთხრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, „მსგავსი შესაძლებლობა არ განიხილება“. არსებობს კანონით დადგენილი პროცედურა, მ.სააკაშვილს კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნების ან შეწყალების თაობაზე არ მიუმართავს“.

















