ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დღეს კონფლიქტები შვიდ ადგილზე მიმდინარეობს - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში,
ყირიმში, დონბასში („ლუგანსკ-დონეცკის რესპუბლიკებში“), - წერს ესპანური გაზეთის El Pais-ის ჟურნალისტი პილარ ბონეტი.
სტატიის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ავტორის აზრით, მიზეზი ისაა, რომ „ამ ტერიტორიებმა საერთაშორისო სამართლის კოორდინატთა ბადეში ჰარმონიულად ჩაწერა ვერ შეძლეს“, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „რელსებიდან გადავარდნენ“. ამგვარ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რუსეთს, რომელსაც, თავის მხრივ, პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს მდ.ვოლგაზე მდებარე თათრეთის რესპუბლიკასთან მიმართებით, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, თათრული ენის სავალდებულო სწავლება გაუქმდა.
ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი კონფლიქტებიდან ოთხი (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, გაგანია „პერესტროიკის“ დროს. დანარჩენი სამი (ყირიმი და ლუგანსკ-დონეცკი) კი 2014 წელს, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევით უკრაინის საქმეებში.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდიანრე კონფლიქტების მოქმედი გმირები ცდილობენ რაღაც ანალოგები მოძებნონ და თავიანთი მოქმედება გაამართლონ. ისინი ეძებენ კაზუსებს, რომლებიც მსოფლიოს სხვა ადგილებში ხდება, სადაც რომელიმე რეგიონი გაფართოებულ ავტონომიურ უფლებებს ან დამოუკიდებლობას ითხოვს. ამ მხრივ კატალონია კიევის, თბილისის, სოხუმის, ცხინვალის, ტირასპოლისა და მოსკოვის ყურადღებას იპყრობს. საქართველო და უკრაინა, საკუთარი ტერიტორიუელი მთლიანობის დაცვის სახელით, ესპანეთს სოლიდარობას უცხადებენ და მადრიდის მოკავშირები ხდებიან, თუმცა თავის დროზე, როცა მათ მოსკოვისაგან დამოუკიდებლობა სურდათ, ისინი მხარდაჭერას, ალბათ კატალონიას უფრო გამოუცხადებდნენ.
თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის რღვევის პროცესი სერიოზულ სახეს მიიღებს და ჩვენ „სუვერენიტეტების აღლუმის“ მომსწრენი გავხდებით. ამგვარი სიტუაცია ევროკავშირს მნიშვნელოვნად დაასუსტებს პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით და რუსეთს ხელებს გაუხსნის“, - თვლის უკრაინელი პოლიტოლოგი ალექსეი გოლობუცკი, - „საქმე იმაში კი არაა, რომ ჩვენ კატალონიის ან ესპანეთის მხარეზე ვართ, არამედ იმაში, რომ ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უკრაინის ინტერესებს პასუხობს“.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ერთდროულად ორ კარტს თამაშობს: „2008 წელს რუსეთმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ კოსოვოს აღიარება პრეცედენტი გახდებაო ასეულობით კონფლიქტისათვის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი დაეხმარა სამხრეთ ოსეთს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხედრო შეტევის მოგერიებაში და შემდეგ საქართველოს ორი ყოფილი ავტონომიის დამოუკიდებლობა აღიარა“, - ნათქვამია მასალაში.
კრემლისათვის კოსოვოს პრეცედენტი ისეთი არგუმენტია, რომელიც შეიძლება საწინააღმდეგო სახითაც წარმოადგინო. „მთელი ირონია იმაშია, რომ როცა ვლადიმერ პუტინი კოსოვოზე ლაპარაკობს, ამით ხან ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას იცავს, ხანაც კიდევ ამართლებს საზღვრების ცვლილებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ორივე არ აღიარებს კოსოვოს სწორედ იმიტომ, რომ მისი ანალოგის თავიდან აცილება სურთ“.
პილარ ბონეტი იხსენებს სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ დიმიტრი მედოევის კატალონიაში ყოფნის ფაქტს და წერს, რომ „არაღიარებული“ რესპუბლიკები ახალი კონფლიქტებით სარგებლობენ და თავიანთ იდეებს ავრცელებენ. ამასთან, ავტორი წერს, რომ ბარსელონაში გახსნილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლობებს არ არიან იურიდიული პირები და ისინი კერძო პირის უფლებებით სარგებლობენ. თუმცა ასეთი კერძო წარმომადგენლობები აფხაზეთს უკვე 21 სახელმწიფოში აქვს (მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, იორდანიაში, სირიაში, ტუნისში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ისრაელში...). „ჩვენ გვინდა, რომ ასეთი წარმომადგენლობა მადრიდშიც გვქონდეს, რათა ესპანელებმა უფრო უკეთ გაგვიცნონ და იზოლაციიდან გამოვიდეთ“, - ამბობს ავტორთან ინტერვიუში დაურ კოვე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.
„მოსკოვს შეუძლია კატალონიის რეფერენდუმი თავის არგუმენტად გამოიყენოს დასავლეთთან დავაში ყირიმის გამო, მაგრამ სეპარატიზმთან მიმართებით თამაშები სახიფათოა: რუსეთს ხომ თავის ტერიტორიაზე ბევრი საკუთარი „კატალონია“ აქვს. აქედან გამომდინარე, კატალონიისადმი ღია მხარდაჭერა რუსეთისათვის მომგებიანი არ უნდა იყოს (გავიხსენოთ იგივე თათრეთის რესპუბლიკა).
„სეპარატიზმის პრობლემისადმი ორმაგი მიდგომის გამო მოსკოვი მის ორბიტაზე არსებული ტერიტორიების მიმართ გარკვეულ შიშს განიცდის“, - წერს პილარ ბონეტი, - ალბათ, ამიტომაც კრემლი შავიზღვისპირეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს (აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები და სხვა ნაგებობები რადარებითაა დახუნძლული). ბალტიისპირეთში მოსკოვი ეჭვიანად უყურებს კალინინგრადის (ყოფილი კენიგსბერგის) გერმანიზაციის ტენდენციას, თუმცა მასში საშიში არაფერია, რადგან მხოლოდ კულტურის ელემენტებს შეიცავს... იმავდროულად კრემლი თვალს ხუჭავს და არაფერს ამბობს რუსეთის მოქალაქეების დაუცველობაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ადგილობრივი მბრძანებლისა და თავისებური ლიდერის რამზან კადიროვის ერთგულების სანაცვლოდ“.

















