მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს, მისი სახელი მასმედიის ყოველდღიური ახალი ამბების ნაკადში მუდმივად ფიგურირებს: მიხო რაღაც მოთხოვნებს
აყენებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მიხო ვეჩე-კრებებს მართავს, მიხო კარავში ათევს ღამეს და რა ვიცი... ახლახან გამოქვეყნდა რუსი ჟურნალისტის სერგეი მედვედევის ჩანაწერი სოციალურ ქსელში, რომლის კომპლიმენტარული ტექსტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში თურმე ისეთი სახელმწიფო სისტემა შეუქმნია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, ანუ „სახელმწიფო ხალხისათვის“ და ქართველები თურმე დღემდე მიხოს აშენებულ ქვეყანაში ცხოვრობენ.
„გაგიკვირდება, თუ როგორ შეძლო ერთმა კაცმა წინ აღდგომოდა [დრომოჭმულ] ათასწლოვან ქართულ ტრადიციებს, მთიულურ ფეოდალიზმს, ადგილუფროსობას, კლანობას, ნეპოტიზმს, ქურდობას, ფოლკლორად ქცეულ ქართულ სიზარმაცეს, მექრთამეობას. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის შედეგით უარყო კულტურული დეტერმინიზმის თეორია და დაამტკიცა, რომ ხალხში ღრმად ფესვგადგმული კულტურა შეიძლება შეიცვალოს იმავე ხალხიდან მიღებული მანდატით, პოლიტიკური ნებით და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობით. მართალია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოასწრო ქვეყნის მთლიანი გარდაქმნა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს უახლესი ისტორია დღეს მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად - მიშამდე და მიშას შემდეგ. მიხეილ საკაშვილი უჩინრად, მაგრამ მუდამ იმყოფება ქართულ პოლიტიკასა და ფოლკლორში, სადაც არ უნდა იყოს - პოლონეთში, აშშ-ში, ოდესაში თუ უკრაინის საზღვარზე“, - წერს სერგეი მედვედევი.
მაშ რა მოუვიდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში? რატომ დაზარალდა მისი რეფორმატორობის იმიჯი? რა როლი მიუძღვის უკრაინის ხელისუფლებას?
ალბათ, ყველაფერი იმით დაიწყო, როცა მან და [მისმა მეგობარმა პეტრო პოროშენკომ] ფაქტიურად აბუჩად აიგდეს სახელმწიფოს საბაზო ინსტიტუტი - მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა ძალიან იოლად მიიღო. შემდეგ ასევე ადვილად მიაღებინა უკრაინის პასპორტები თავის „ქართულ გუნდს“ ოდესის ოლქში. იმის მაგივრად, რომ მას ოდესის პრობლემები მოეგვარებინა, ბრძოლა დაიწყო თავის მეგობარ პეტრო პოროშენკოს კონკურენტებთან, ჩერნიგოვსაც კი მისწვდა. ისმება კითხვა: სად ოდესა და სად ჩერნიგოვი? თუმცა რას არ გააკეთებ მეგობრისათვის...
(...)
საინტერესოა, რომ ხელისუფლება, თავისი უგუნური პოლიტიკით, ხელს უწყობს მიხეილ სააკაშვილს. მაგალითად, ახლახან უკრაინიდან გააძევეს მიხოს გუნდის წევრები. გასაგებია, რომ ზოგიერთს, ალბათ, მართლაც ჰქონდა კანონთან პრობლემები, მაგრამ რატომ აგდებ ქვეყნიდან იმ ადამიანს, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა? რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პოლიტიკურ ინტრიგებსა და ბატალიებში? საქმე ეხება უკრაინის ნაცგვარდიის ინსტრუქტორს დავით მაყიშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ორი წლის ჩამოიყვანა. ხელისუფლება მიხოს იმიჯის დაჩრდილვას ცდილობს, სინამდვილეში საკუთარს კი აზიანებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ, თავისი შეცდომების წყალობით, თვითონ დაუკვეთა ვერხოვნა რადას წინ მიმდინარე „კონცერტი“ და ახლა თვითონ ცდილობს მის შეწყვეტას. მიხეილ სააკაშვილიც ამ კონცერტში მონაწილეობს, რითაც ხაზი გადაუსვა თავის „ქართულ ისტორიას“.
დასკვნა: სანამ ჩვენ თვითონ არ ვისწავლით წესიერად ცხოვრებას, ჩვენთან მუდამ შტორმი იქნება.
p.s. ქვეყნდება მცირე შემოკლებით

















