საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციურ მოღვაწეობას უკრაინაში, გავლენიანი გერმანული
გამოცემა «Deutsche Welle» პოლიტიკური მიმომხილველის, სერგეი რუდენტკოს სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება პეტრო პოროშენკოსთან - ეს უბრალო ბრძოლა არაა უკრაინის პრეზიდენტთან. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან, ორივე ვიქტორ იუშენკოს უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, ორივე „ნარინჯოვან რევოლუციაში“ მონაწილეობდა... პეტრო პოროშენკომ პირადად მიიწვია პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში... ამიტომ მიშასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა (თანაც ვისგან - პეტროსაგან!) პირად შეურაცხყოფად აღიქმება.
პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველასთან გაერთიანდეს - „ბატკივშინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოსთან, უშიშროების სამსახურის ექს-უფროს ვალენტინ ნალივაიჩენკოსთან, ლვოვის მერ ანდრეი სადოვოისთან. მიშასათვის ისინი - თანამგზავრები არიან, მათთვის კი მიშა იმ „ტარანის“ როლის შემსრულებელია, რომელსაც პრეზიდენტის კაბინეტის კარის შენგრევა და უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა შეუძლია. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი უკრაინელი პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ მათი „თამაში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დროებითია - მიხეილ სააკაშვილი თვითონ აირჩევს ვისთან იყოს.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ქართული რეფორმების წარმატების გამეორება სურს, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ აქვს და უცნობია, როდის ექნება. თუ იური ლუცენკოს განცხადებებს დავუჯერებთ, შესაძლოა იგი საქართველოში დააბრუნონ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დეკლარირებული ლოზუნგი - „უკრაინა პოროშენკოს გარეშე“ არ იძლევა პასუხს კითხვაზე: კარგი, ვთქვათ, პეტრო პოროშენკო წავიდა, მაგრამ ვინ იქნება მის ნაცვლად? ვისთან ერთად ხედავს იგი უკრაინის მომავალს - იულია ტიმოშენკოსთან, ანდრეი სადოვოისთან, იგორ კოლომოისკისთან თუ მიხეილ სააკაშვილთან ერთად? ჯერ-ჯერობით ეს მნიშვნელოვანი საკითხი გარკვეული არ არის.
კი, უკრაინელები დაიღალნენ ომით და ხელისუფლების კორუმპირებულობით. კი, ყველას სურს სტაბილურობა და მშვიდი ცხოვრება... მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან ქუჩაში გამოსვლისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში (და აქედან გამომდინარე, პეტრო პოროშენკოს მომავალიც) დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სტატუსით იქნება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. ჯერ-ჯერობით ხელისუფლება ფრთხილობს და ითმენს. პეტრო პოროშენკო და მისი თანამოზარეები ელოდებიან, როდის გამოიფიტება პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი, როდის გამოელევა ძალა და „დაიჩუტება“... მაგრამ, ალბათ, ეს მათი ყველაზე დიდი შეცდომაა: საქართველოს ექს-პრეზიდენტი დღეს ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ მას მკაფიოდ გაცხადებული მიზანი აქვს - „უკრაინა პროშენკოს გარეშე“.

















