logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Focus» (გერმანია): უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ექვსი სცენარი მათი მომავალი საერთაშორისო პოზიციებისათვის
«Focus» (გერმანია): უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ექვსი სცენარი მათი მომავალი საერთაშორისო პოზიციებისათვის
14:49 24.10.2017
გერმანულ გამოცემა «Focus»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი ანდრეას უმლანდი, განხილულ-გაანალიზებულია უკრაინის და მასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვას პერსპექტივა საერთაშორისო არენაზე, მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.
------

უსაფრთხოების საერთაშორისო სტრატეგიის ექვსი მიმართულება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასათვის, რომლებიც შეიძლება უახლოეს 5-15 წელიწადში იყოს მნიშვნელოვანი, ანუ დაახლოებით იმ დროის განმავლობაში, რამდენ ხანსაც, სპეციალისტთა აზრით, რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი იარსებებს.

პირველი - დღევანდელი სტატუსის გაგრძელება, ანუ კიევი, კიშინიოვი და თბილისი რუხ ზონაში რჩებიან;

მეორე - უკრაინისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის კოდიფიცირება რუსეთსა და დასავლეთ შორის დადებული მსხვილი გარიგების საფუძველზე;

მესამე - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში;

მეოთხე - უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში;

მეხუთე - უკრაინისა და საქართველოს მიერ ნატოს გარეშე არსებული მთავარი მოკავშირის სტატუსის მიღება (Major Non-NATO-Ally);

მეექვსე - „დროებითი ალიანსის“ ჩამოყალიბება ერთი მხრივ, ნატოს წევრ სხვადასხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და მეორე მხრივ, უკრაინა-საქართველო-მოლდოვას (შესაძლოა, აზერბაიჯანს) შორის.


ცხადია, სიტუაციის განვითარების ზემოთ ჩამოთვლილი ალტერნატიული სცენარების რეალიზების შესაძლებლობა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - საერთაშორისო ვითარებაზე მსოფლიოში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე). ბუნებრივია, იგულისხმება აგრეთვე კიევისა და მისი პარტნიორების დიპლომატიის ცვლილებაც. განვიხილოთ თითოეული სცენარი:

1) დღევანდელი სტატუსის გაგრძელება, ანუ კიევი, კიშინიოვი და თბილისი რუხ ზონაში რჩებიან

როგორც ჩანს, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოების მდგომარეობა უახლოეს წლეში ისეთი სახით შენარჩუნდება, როგორიც დღესაა და შესაბამისად, მათი საერთაშორისო სტატუსიც მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. არ გამოვრიცხავა, რომ სრულიად შესაძლებელია ამ სცენარის სხვადასხვა ვარიაციები და სახე-სხვაობები, მაგრამ ვიმეორებ, სტატუსში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება. ევროპა, რასაკვირველია, ეცდება, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მდგომარეობა გააუმჯობესოს, მაგრამ ისე, რომ ისინი მაინც ამ რუხ ზონაში დარჩებიან. ევროპის ზრუნვა უკრაინელებს, ქართველებს და მოლდაველებს გარკვეულ იმედებს განუმტკიცებს და საკუთარ ძალებში დაარწმუნებს, მაგრამ ყოველგვარი ილუზიების გარეშე.

საქართველოსა და უკრაინაში პოპულარულია ისეთი წარმოდგენები, რომ ორივე ქვეყანა, საკუთარ ძალებს დაყრდნობით თუ იარაღის დახმარებით (ან გარეშე მხარდაჭერით), შესაძლოა ისეთი ძლიერები გახდნენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მათ ექნებათ უნარი თავიდან აიცილონ ან მოიგერიონ რუსეთის მსხვილმასშტაბიანი შეტევა - ტანკების, ავიაციისა და რაკეტების დახმარებით. თუმცა აშკარაა, რომ ასეთი წარმოდგენები მხოლოდ სასურველის სინამდვილედ წარმოსახვის მცდელობაა.

2) რუსეთსა და დასავლეთს შორის მასშტაბური გარიგების საფუძველზე უკრაინისა (და საქართველოსთვის) ნატოსა და ევროკავშირის კარი კვლავ დახურული იქნება

ეს სცენარი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ნაწილობრივ ფინეთიზაციას გულისხმობს. პრინციპში, სამივე ისეთი ქვეყნები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყონ დაინტერესებულნი რუსეთთან სამართლიანი და ყოვლისმომცველი ზავის დადებით. ამასთან, არის საფრთხე, რომ ასეთ გარიგებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის პოლიტიკური სუვერენიტეტის შენარჩუნების უზრუნველყოფა არ შეუძლია მანამ, სანამ რუსეთში დღევანდელი რეჟიმი იქნება. ანუ ვერ დაეხმარება ჩამოთვლილ ქვეყნებს მთავარი პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში.

როგორც ჩანს, მოსკოვი დასავლეთს დათმობებს მოსთხოვს - მაგალითად იმას, რომ რომ საქართველოს და უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირში ნუ მიიღებთო. ამგვარი გარიგების დადების შემთხვევაში რუსეთი, ალბათ, უკრაინას ყირიმს მაინც არ დაუბრუნებს, უარს არ იტყვის დნესტრიპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერაზე, თუმცა გარკვეული პირობების შემთხვევაში კრემლი, ალბათ, დონბასიდან თავის სამხედრო ფორმირებებს გაიყვანს, გაიტანს იარაღს და გაიყოლებს თავის სამხედრო დაქირავებულებსაც. ამასთან, ხაზს ვუსვამ: ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი წინასწარშეთანხმებული პირობების შემთხვევაში.

რამდენად შეიძლება რუსეთისადმი ნდობა? ჩვენ კარგად გვახსოვს რამდენიმე მომენტი: ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმზე ხელმოწერისას (რომლითაც უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას), რუსეთმა ივალდებულა, რომ პატივს სცემდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა ასევე ივალდებულა, რომ სტამბოლის 1999 წლის ეუთოს სამიტის ქარტიის შესაბამისად, მოლდოვადან - დნესტრიპირეთიდან ჯარებს გაიყვანდა. რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან დადებულ საზავო შეთანხმებაში ასევე განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მინსკის 2014-2015 წლის ოქმებისა და ჟენევის დეკლარაციების თანახმად კი, მოსკოვი დონბასის დემილიტარიზებასაც დათანხმა. მაგრამ... არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულება რუსეთს არ შეუსრულებია, თუმცა მოსკოვი თვითონ ღებულობდა მონაწილეობას მათ შემუშავებაში. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი მსგავსი შეთანხმების დადება, ალბათ, იმედგამაცრუებელი შედეგის მომტანი იქნება. თანაც ისე გამოვა, რომ დასავლეთი თავისი მოქმედებით ჩუმად ხელს უწყობს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტის ნგრევას.

არის აზრი დონბასში გაეროს ეგიდით სამშვიდობო ძალების შეყვანის თაობაზე (ანუ დონბასში გაეროს პროტექტორატის განხორციელებაზე). შესაძლოა ამ ნაბიჯმა გარკვეული ლოკალური პოზიტიური შედეგი გამოიღოს, მაგრამ ვერაფერს უშველის ყირიმის საკითხს. ასევე უშედეგო იქნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრიპირეთის მარიონეტული რეჟიმების მიმართაც. გაეროს ძალები ხელს ვერ შეუშლიან რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებას უკრაინის მიმართ... თუმცა, ვიმეორებ, ასეთი მოქმედება დონბასის შემთხვევაში მაინც მეტ-ნაკლებად წინგადადმული ნაბიჯი იქნება.

3) ნატოს დაპირება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე - უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ

იმ ფონზე, როცა ბევრი დასავლელი და რუსი დამკვირვებელი, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკების მიღწევას დასავლეთსა და რუსეთს შორის, კიევი და თბილისი მიიჩნევენ, რომ თავიანთი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების წამალი მხოლოდ ნატოში გაწევრიანებაშია (მოლდოვამ უბლოკო სტატუსი ჯერ კიდევ 1994 წელს გამოაცხადა).

ფაქტია, რომ უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. ამ მიზანს ეთანხმება თბილისელი და კიეველი ექსპერტ-პოლიტოლოგთა უმრავლესობაც. გავიხსენოთ, რომ საქართველომ და უკრაინამ ალიანსში გაწვრიანებისათვის განაცხადი ჯერ კიდევ 2008 წელს წარადგინეს. მართალია, ნატოს სამიტზე, დასკვნით განცხადებაში, მათი ნატოში გაწევრიანების თხოვნა უარყოფილი იქნა, მაგრამ ალიანსი კიევს და თბილისს მაინც დაპირდა, რომ ნატოში ორივე გაწევრიანდებოდა. ამასთან, დაპირება საკმაოდ ბუნდოვანი ჩანდა - არაფერი არ იყო ნათქვამი, თუ როდის და როგორ მოხდებოდა მათი მიღება სამხედრო ბლოკში.

საქართველოსა და უკრაინაში (და ასევე ცენტრალურ ევროპაშიც) პოპულარული ამ სცენარის პრობლემა იმაშია, რომ პროუკრაინულად [და პროქართულად] განწყობილი ნატო ისეთ ზეეროვნულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, რომ უფლება ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისა რომელიმე ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე. ალიანსის წევრებმა ორგანიზაციის ხელშეკრულების გაფართოება ერთად უნდა მიიღონ. პრინციპში, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები და აშშ, ალბათ, მხარს დაუჭერენ საქართველოსა და უკრაინის მიღებას, მაგრამ, რადგანაც ყოველ წევრს აქვს ვეტოს უფლება, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსი ძალიან მცირეა, ან სრულიად არ არსებობს. აშკარაა, რომ ნატოს დასავლეთევროპელი და ალნათ, სხვა წევრებიც უკრაინის და საქართველოს მიღებას ვეტოს დაადებენ. ასეთი სიტუაცია იქნება მანამ, სანამ არ მოგვარდება კონფლიქტი - ერთი მხრივ, კიევსა და თბილისს, მეორე მხრივ კი - რუსეთს შორის.

პარადოქსული და ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ საქართველო და უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწევრიანდებიან ნატოში, როცა ისინი დამოკიდებულნი აღარ იქნებიან დღევანდელ გარემოებებზე, ანუ მანამ, სანამ ისინი რუსეთთან თავიანთ კონფლიქტებს არ მოაგვარებენ. მართალია, ამ სიტუაციაშიც კი ბევრი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი, ექსპერტი და მათი დასავლელი თანამოაზრე ცდილობს გამოსავალი იპოვოს და სურთ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გაწევრიანება, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოა, უფრო ზუსტად კი - კონტრპროდუქტიული: ისინი კიევისა და თბილისის ყურადღებას მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართავენ, მაშინ როცა შესაძლებელია არსებობს ბევრად უფრო რეალური სტრატეგიები. ანუ თუ ამ სტრატეგიების გამოყენებით საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების დონე გაიზრდება, მაშინ მათი ნატოში მიღება უფრო იოლი იქნება.

4) ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და უკრაინისთვის არამხოლოდ მოდერნიზებას, არამედ მათი უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებასაც ნიშნავს


თუ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უახლოეს მომავალში პრობლემატურია პოლიტიკური მიზეზების გამო (რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით), მისგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანება (ან მასთან ღრმა ინტეგრირება) თბილისისა და კიევისათვის საკმაოდ პერსპექტიულია.

ევროკავშირი არ ითვლება უპირატესად თავდაცვით ორგანიზაციად, გარდა ამისა, მასში არ შედის ამერიკის შეერთებული შტატებიც და შესაბამისად, მისი გაფართოება სარისკო საქმე არაა და მის ახსნა რუსეთისათვისაც უფრო იოლი იქნება. მით უმეტეს, რომ სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა უკვე ასიცირებულია ევროკავშირთან. თუ ისინი თავიანთ კანომდებლობას ევროკავშირის სტანდარტებამდე მიიყვანენ, უფრო მეტ მხარდამჭერებს შეიძენენ როგორც აღმოსავლეთ, ისე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში.

ალბათ, გაწევრიანება არცთუ შორეულ მომავალში განხორციელდება, მაგრამ მანამდე, სანამ ამ მიზნით მოლაპარაკებები დაიწყება, სამივე ქვეყანას, როგორც უკვე ვთქვით, დიდი ჯაფა და ეკლიანი გზის გავლა მოუწევს. კიევმა, თბილისმა და კიშინიოვმა მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ ასოცირების ხელშეკრულებებით, რომლებიც თავიანთი მასშტაბითა და შინაარსით საშუალებას აძლევთ მათ დე-ფაქტოდ ევროკავშირის სივრცის ნაწილები იყონ. როგორც კი ამ გიგანტური დოკუმენტების წყალობით უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მნიშვნელოვნად იქნებიან ინკორპორირებულნი ევროკავშირში, მათი დე-იურე გაწევრიანება, ბუნებრივია, უფრო ადვილად განხორციელდება.

დიახ, ევროკავშირი სამხედრო-თავდაცვითი ორგანიზაცია არ არის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ლისაბონის 2007 წლის ხელშეკრულების 42-ე მუხლი ამ ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს უსაფრთხოების იგივე გარანტიებს აძლევს, როგორსაც ნატოს შესახებ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი. და საერთოდ, ევროკავშირის წევრები ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ინტეგრირებული პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ინსიტიტუციურად, რომ ღმერთმა ნუ ქნას და ომის შემთხვევაშიც ისინი ერთმანეთისათვის სამხედრო მოკავშირეებად გამოდიან.. ევროკავშირს უზარმაზარი ეკონომიკური ძლიერება აქვს, რაც უსაფრთხოების დამატებით უზრუნველყოფას იძლევა. ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის რომელიმე წევრთან კონფლიქტს დაიწყებს, დანარჩენი წევრებისაგან მასშტაბურ სანქციებს მიიღებს. ამიტომაც ევროკავშირი ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც ლიტვა-ლატვია-ესტონეთია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, ნატოსთან შედარებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მოკლედ, სავსებით შესაძლებელია, რომ კიევ-თბილის-კიშინიოვისათვის ნატო ევროკავშირმა ჩაანაცვლოს. მაგრამ რადგანაც ევროკავშირთან სრული ინტეგრირების პროცესს საკმაო ხანი დაჭირდება, იბადება კითხვა: რა მოხდება გარდამავალ პერიოდში?

5) Major Non-NATO-Ally სტატუსი უკრაინისა და საქართველოსათვის

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინამ დიდი ატომური მემკვიდრეობა მიიღო (მესამე ადგილი მსოფლიოში): ბირთვული იარაღი კიევს უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს, ერთად აღებულს. ბირთვული ბომბები და რაკეტები უკრაინას შესაძლებლობას მისცემდა ვიღაც-ვიღაცეებზე ზეწოლა მოეხდინა... მაგრამ რადგანაც ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინა ბირთვულ იარაღს გამოემშვიდობა და ახლა, გაჭირვების ჟამს, ფაქტიურად, საფრთხის წინაშე დადგა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თავის დროზე, იგივე ბუდაპეშტის მემორანდუმით, აშშ-მა და საფრანგეთმა (ფორმალურად, მაგრამ მაინც), უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ივალდებულეს. ახლა ვაშინგტონ-პარიზს სიტუაციის რამენაირად გამოსწორება მოუწევთ.

ჩვეულებრივად, აშშ თავის უახლოეს პარტნიორებს მსოფლიოში უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს აძლევს ხოლმე, რაც „ნატოს არაწევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ (Major Non-NATO Ally) სტატუსს ნიშნავს. ამ დროს შესაძლებელია ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დაიდოს. 2014 წელს აშშ-ის კონრესი სერიოზულად იხილავდა უკრაინისთვის „ნატოსგარეშე პარტნიორის“ სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა ამ ნაბიჯზე. 2017 მარტში უკრაინის ვერხოვნა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კიევი აშშ-ს აღნიშნული სტატუსის მინიჭებას სთხოვს. შეიძლება ითქვას, კიევს მეტი შანსი აქვს - ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე.

საქართველოს კი საბჭოთა კავშირისაგან არანაირი ბირთვული იარაღი არ მიუღია მემკვიდრეობით და ამიტომ ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობები მასზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თბილისს ვაშინგტონისაგან Major Non-Nato Ally სტატუსის მიღება გაუჭირდება, რადგან ეს ისევ რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. არადა, პრინციპში, კარგი იქნებოდა, რადგან საქართველოსთვის „ნატოსგარეშე პარტნიორის“ სტატუსი რუსეთს ასე თუ ისე მაინც შეაკავებდა. ამერიკული და ბრიტანული გარანტიები უკრაინის [და საქართველოს] მიმართ მსოფლიოს დაანახვებდა, რომ სუსტი სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლით არიან დაცულნი.

6) „დროებითი ალიანსის“ ჩამოყალიბება ერთი მხრივ, ნატოს წევრ სხვადასხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და მეორე მხრივ, უკრაინა-საქართველო-მოლდოვას შორის

კიევის, თბილისისა დ კიშინიოვის თანამედროვე გეოპოლიტიკური მდგომარეობა აბსტრაქტულად შეიძლება შევადაროთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სიტუაციას, როცა ევროპული იმპერიების დაშლის ჟამს ბევრი ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა. ისევე როგორც პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის წინ (ანუ ომთაშორისო პერიოდში, როცა გავლენის ზონები მტკიცედ არ იყო გარკვეული), დღეს უკრაინა-საქართველო-მოლდოვა იმყოფებიან მსგავს გეოპოლიტიკურ ტერიტორიაზე. მათ სუვერენიტეტს რევიზიონისტური სახელმწიფო - რუსეთი ემუქრება. მოსკოვმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე სამი სახელმწიფო „შეუმდგარ სახელმწიფოებად“ აქცია, თანაც მათში წარმოქმნა სეპარატიზმიც (ან ხელი შეუწყო მის წარმოაქმნას). მოსკოვი იმავდროულად მასშტაბურად ეხმარება ფსევდოსახელმწიფოებს - დნესტრისპირეთს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებს. გარდა ამისა, რუსეთი ირიბად ხელს უწყობს აზერბაიჯანის დაყოფას და მხარს უჭერს სომხეთის მცდელობას ყარაბაღის შენარჩუნების საკითხში, რომელიც, საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანს ეკუთვნის.

ჯერ კიდევ 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ და აზერბაიჯანმა, რომლებთაც ერთნაირი პრობლემები ჰქონდათ, სუამ-ის შექმნა და მასში გაერთიანება გადაწყვიტეს. მოგვიანებით სუამ-ი (უზბეკეთის გამოკლებით) „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების“ ორგანიზაციად გადაიქცა. ამ ორგანიზაციას აქვს გარკვეული კავშირები იმ პროექტტან, რომელიც ამ რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე მსოფლიომ ომამდე არსებობდა - „ზღვათაშორისო“ („მეჟდუმორიე“) პროექტთან, ანუ იგულისხმება ის სივრცე, რომელიც ბალტიის, შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის არეალში მდებარეობს.

„მეჟდუმორიეს“ პროექტის მთავარი მიზანი იყო სუსტი სახელმწიფოების ერთმანეთისადმი დახმარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთ (სსრკ) - გერმანიიას შორის არსებულ ბუფერულ ზონაში, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა: გარდა იმისა, რომ 1920 წელს პოლონეთ-უკრაინის ხელშეკრულება დაიდო, მეტი მნიშვნელოვანი ფაქტი პროექტის ჩარჩოებში არ მომხდარა. თავისთავად ცხადია, რომ „მეჟდუმორიემ“ ხელი ვერ შეუწყო მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილებასაც. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ბოლო ხანს ყოველნაირად ცდილობს „მეჟდუმორიეს“ პროექტისათვის „მეორედ სულის შთაბერვას“, პოლონეთ-უკრაინა-ლიტვის ერთობლივი ბრიგადის შექმნის ინიციატივის გარდა, მაინც არაფერი გამოდის.

„მეჟდუმორიეს“ პროექტისაგან გასხვავებით, შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ სუამ-ს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს. სინამდვილეში ეს გაერთიანება ძალიან სუსტია იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა აღკვეთოს რუხ ზონაში მდებარე სახელმწიფოების მიმართ.

მიზეზი, თუ რატომ ვერ იქნა წარმატება მიღწეული „მეჟდუმორიეს“ პროექტში, ალბათ ისაა, რომ დასავლეთევროპელებს აღმოსავლეთევროპელების მოქმედებაში ეჭვი შეაქვთ - ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ანტიკრემლური კოალიციით კარგი არაფერი იქნება. უფრო მეტიც - ზოგიერთი დასავლელის მიერ „მეჟდუმორიე“ ნატოს ერთიანობის და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ პროექტად განიხილება. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? „არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო“, ნათქვამია. მით უმეტეს, არის იმის პრეცედენტი, თუ როგორ დაარღვია ერთმა აღმოსავლელმა სახელმწიფომ (თანაც ნატოს წევრმა) „წითელი ხაზი“, რომელიც მესამე სახელმწიფოსთან თავდაცვითი პაქტის დადებას უკავშირდება: 2010 წელს ნატოს წევრმა თურქეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, ანუ იმ ქვეყანასთან, რომელიც ნატოს წევრი არ იყო, მაგრამ საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა რუსეთის მოკავშირე სომხეთთან (მთიანი ყარაბაღის გამო). აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლი სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაში.

რასაკვირველია, დღევანდელი თურქეთი, რეჯეფ ერდორანის პრეზიდენტობის დროს, ალბათ, არც არის დაინტერესებული „მეჟდუმორიეს“ პროექტით (რუსეთთან პოზიტიური დამოკიდებულების გამო), თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოზიტიური დამოკიდებულება ერთ აზრს არ ნიშნავს - მოსკოვს და ანკარას რიგი საკითხების მიმართ სხვადასხვა პოზიცია აქვთ (სირია, ყარაბაღი, ყირიმი...). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოსკოვთან იგივე პოზიტიური ურთიერთობის გამო ანკარა, ალბათ, სრულად ვერ შეასრულებს 2010 წლის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს აზერბაიჯანის წინაშე.

მაგრამ თურქეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულება მაინც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოსავლეთ ევროპისათვის მოდელად იქცეს ახალი ალიანსის შექმნაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, ერთი მხრივ, ნატოს ქვეყნები, მეორე მხრივ - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ცხადია, ეს სცენარი რომ რეალიზდეს, საჭიროა ვარსავისა და ბუქარესტის ძალისხმევა, ბრიუსელ-ვაშინგტონ-ბერლინის მოწონებით.

---------

პრინციპში, ამ ეტაპისათვის ვერცერთ ზემოთ განხილულ სცენარს „გამამხნევებელს“ ვერ ვუწოდებთ, ისინი უფრო გრძელ ვადებზეა გათვლილი.

მაშ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? აი, რამდენიმე ნაბიჯი:

- კონკრეტული და მტკიცე გაფრთხილება რუსეთს აშშ-სა და ევროკავშირისაგან ახალი ესკალაციის შემთხვევაში;

- დასავლეთისა და რუსეთის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმისა და დასაშვები საზღვრების ნათელი ჩამოყალიბება;

- საქართველოსა და უკრაინისათვის მაღალტექნოლოგიური ლეტალური (სასიკვდილო) იარაღის მიწოდება;

- საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მასშტაბური მომზადების გაფართოება;

- აქტიური დახმარებს გაწევა კიევისა და თბილისის მიმართ - რუსეთის მხრიდან ყოველგვარი არასამხედრო მოქმედების შემთხვევაში (მაგალითად, ჰიბრიდული ომის დროს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული);


- დამატებითი დაზღვევის შემოღება იმ საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ეკონომიკაში უნდა ჩაიდოს. ეს აუცილებელია ინვესტორების დაცვის მიზნით პოლიტიკური რისკებისაგან.

მსგავსი ზომების მიღებით აღმოსავლეთ ევროპის „რუხი ზონა“ შეიძლება უფრო ნათელი გავხადოთ ახალი მასშტაბური ხელშეკრულების დადების გარეშეც“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა