„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ერეოდა საქართველოში მოქმედი თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში,
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალური არჩევნები წააგო - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ფაქტიურად ყველა მსხვილ ქალაქში, თბილისის ჩათვლით, ასევე პარტიული სიებისა და მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
„მიხეილ სააკაშვილისათვის, როგორც ჩანს, ყველაზე მტკივნეული ამბავი გახდა მისი თანაპარტიელის ზაალ უდუმაშვილის მშრალი დამარცხება თბილისის მერის არჩევნებში. მან მეორე ადგილიც კი ვერ დაიკავა, ხმების მხოლოდ 16,53% მოაგროვა და წინ დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გაუშვა (ხმების 17,49%-ით). რაც შეეხება თვით მერს, ის პირველივე ტურში უკვე ცნობილია - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ენერგეტიკის ექს-მინისტრი და ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე (ხმების 51,13%-ით).
„ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს მოწინააღმდეგეებზე საქართველოს ყველა „თვითმმართველ ქალაქში“. მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება, თუმცა იქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი [გიორგი ჭიღვარია] ბევრად წინ უსწრებს თავის მეტოქეს, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მოსახლეობას იმ სკანდალით დაამახსოვრდა, რომ მინისტრის პოსტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა და რუსულ პასპორტზე მხოლოდ 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ თქვა უარი.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალურ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, თბილისის საკრებულოს ჩათვლით. ექსპერტების აზრით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ასეთი გამანადგურებელი დამარცხების მიზეზი მისივე მხარდამჭერების იმედგაცრუებაა. „ხალხი დაიღალა და აღარ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთნაირად იბრძვის როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც“, - განუცხადა „კომერსანტს“ ანალიტიკოსმა დავით ავალიშვილმა.

















