„საქართველოში დღეს მუნიციპალური არჩევნები ტარდება, რომლის მთვარი ინტრიგა შემდეგში გამოიხატება: შეძლებს
თუ არა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეალური კონკურენცია გაუწიოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“? არჩევნებში პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაცია - „პატრიოტთა ალიანსიც“ მონაწილეობს, რომელიც „მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის“ მხარდამჭერად გამოდის, თუმცა „პატრიოტებს“ რაიმე სერიოზული შედეგის მიღების იმედი არ აქვთ“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა „КоммерсантЪ“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც განხილულია არჩევნების წინ შექმნილი პოლიტიკურ ძალთა განლაგება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ორივე მხარემ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მნიშვნელოვანი სამობილიზაციო ძალისხმევა გასწია. გამოკითხვები გამარჯვებას მმართველ პარტიას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ოპოზიცია წარმატების იმედს არ კარგავს, განსაკუთრებით აქტიურობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ სანამ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ, „ნაციონალებმა“ თავიანთ განაყოფზე, ანუ პარტია „ევროპულ საქართველოზე“ უნდა მოიპოვონ გამარჯვება.
„ევროპული საქართველო“ შარშან იმ „ნაციონალმა“ ლიდერებმა შექმნეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა - როცა ექს-პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა. „მას ძალიან უნდოდა ოდესის ოლქის გუბერნატორობა, მოწყენილი იყო ხელისუფლების გარეშე და თანამდებობას საქართველოს მოქალაქეობა შესწირა“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი უგულავა. მისი თქმით, ოდესაში მიშა ფაქტიურად მხოლოდ მეხანძრეებს ხელმძღვანელობდა, თავის თავს კი პრეზიდენტობის აურას უქმნიდა“.
თვითონ მიხეილ სააკაშვილისათვის კი ფსონი ძალიან მნიშვნელოვანია: თუ იგი წააგებს „ქართულ ოცნებასთან“, მაშინ იგი წააგებს თავის პარტიას და საკუთარ თავსაც, იგი საბოლოოდ დაკარგავს პოლიტიკურ წონას საქართველოში. თუმცა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი: „იგი თავის მომხრეებისათვის თითქმის რელიგიურ ფიგურად იქცა. ასე რომ, „ევროპელი ქართველები“ „ნაციონალებზე“ წარმატებულად ვერ გამოვლენ“, - ამბობს გია ხუხაშვილი „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში.
არჩევნებში შესამჩნევ მოთამაშედ რჩება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ჟურნალისტის და პარლამენტის დეპუტატის ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების შეცვლაში (2012 წელს). ამ პარტიის დეპუტატები ხშირად დადიან მოსკოვში და სახელმწიფო სათათბიროელ კოლეგებს ხვდებიან. ირმა ინაშვილი ამომრჩევლებში ამ სლოგანით მოუწოდებს - „დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან“. თუ გავითვალისწინებთ, რომ „პატრიოტებმა“ გასულ არჩევნებში მხოლოდ ხმების 5% მიიღეს, დღევანდელი შედეგებიც დიდი არ იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თბილისი მერის არჩევნებია. „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად თავისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი - ენერგეტიკის ექს-მინისტრი და „მილანის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი მოთამაშე კახაბერ კალაძე წარადგინა. მისი ოპონენტი კი „ნაციონალებიდან“ - პოპულარული ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ისინი „ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანდებიან... თუმცა გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, რომ კახა კალაძე დღევანდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ანუ მეორე ტური საჭირო არ იქნება.

















