რუსეთი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მე-19 მსოფლიო ფესტივალს (WFYS) მასპინძლობს და 150 მონაწილე ქვეყნის
ჩამონათვალში, კრემლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე თვითგამოცხადებული კვაზი-ანკლავების - „ლუგანსკის რესპუბლიკის“, „დონეცკის რესპუბლიკის“, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გვერდით «Солнечная Грузия»-საც შეხდებით.
"საქართველოს ახალგაზრდულ დელეგაციას" სოჭში, რუსეთის მართლმსაჯულების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყაზანში გაზრდილი ნესტან ჩიტაია ხელმძღვანელობს. მამამისი - სოხუმური ფესვების მქონე ზაური ჩიტაია, ამავე ინსტიტუტში კათედრის დოცენტი და თათრეთის რესპუბლიკაში ცნობილი იურისტია. არის რუსეთის მმართველი პარტია „ედიანია რასიას“ წევრი. თავად ნესტანი ბოლო დრომდე „რუსეთის ახალგაზრდობის კავშირის“ თათრეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი იყო და ცხოვრებისეული დევიზიც შესაბამისი ჰქონდა - «Россию строить молодым». თუმცა, შარშან, „ქართულ ფრონტზე“ გადმოისროლეს და ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალისთვის "საქართველოს დელეგაციის" ფორმირება დაავალეს.
ნესტან ჩიტაია ბედნიერია იმით, რომ საქართველოში 300 თანამოაზრე იპოვა და სოჭში 87 ქართველის წაყვანა მოახერხა: „ჩვენ ისეთი დელეგაცია გვყავს, რომ მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვართ განწყობილნი. საქართველოს დელეგაციის წევრობაზე 300 განაცხადი იყო მთელი ქვეყნიდან შემოსული და 87 მონაწილე შეირჩა. ანუ ჩვენებს კარგად ესმით, მათი აქ ყოფნის ფასი“.
სოჭში გამგზავრებამდე „საქართველოს ახალგაზრდობის დელეგაციის“ წევრებმა რუსი ინსტრუქტორების დარიგებები მიიღეს. სპეციალურად ამ მისიით აგვისტოში თბილისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ელენა ერკინა ეწვია, რომელიც პარალელურად „რუსეთის მოხალისეთა კავშირის“ (Союз добровольцев России) მორდოვეთის ფილიალის თანათავმჯდომარეა.
აგვისტოშივე ნესტან ჩიტაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეუძლია რუსეთის ერთწლიანი მულტივიზის აღებაში დახმარება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაჩქარებული წესით, 600 აშშ დოლარი დაუჯდებოდათ.
„საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის“ ფორმირების შემდეგ, „ეროვნულმა საორგანიზაციო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს და კუთხეს წარმოადგენენ“, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, საიდუმლოდ დატოვა, როგორც მათი, ისე, იმ „სპონსორთა“ ვინაობა, რომლებმაც სოჭში 87 ქართველი სტუდენტის ერთ კვირიანი ვოიაჟი დააფინანსეს. ინფორმაციისთვის, რუსეთის ბიუჯეტს WFYS-ის მასპინძლობა 4,5 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მე-19 მსოფლიო ფესტივალი სოჭში კვირას რუსეთის პრეზიდენტმა გახსნა და 20 000 მონაწილეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შექმენით თქვენი მომავალი, შეეცადეთ შეცვალოთ ეს სამყარო, გახადოთ ის უკეთესი. ყველაფერი თქვენს ძალაშია. მთავარია, ჯიუტად მხოლოდ წინ იაროთ.“
სოჭის ყინულის დარბაზ „ბოლშოიში“ პრეზიდენტ პუტინის ამ სიტყვებს „საქართველოს“ და „აფხაზეთის“ „ახალგაზრდობის დელეგაციები“ გვერდიგვერდ მჯდომნი უსმენდნენ და დროშებს აფრიალებდნენ. იქვე იყო დელეგაცია „სამხრეთ ოსეთიდანაც“.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ერთ-ერთი ოსი სტუდენტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „სამხრეთ ოსეთის“ ჩრდილეოთ ოსეთთან გაერთიანება, WFYS-ის გახსნაზე მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს ძირძველი ქართული მიწის ისტორიის „ახალი“ „რუსული ვერსია“ გააცნო: „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ოსეთი ერთიანი იყო, შემდეგ გადაწყვიტეს და ოსეთი ორად გაყვეს. მაშინ ასეთი ფორმით ბევრი მიწა გადასცეს სხვა რესპუბლიკებს. ყირიმის მაგალითიც კმარა. მე ახლა გამოვდივარ იქედან, რომ დღეს სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსეთის არმიამ არ დაუშვა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალით გადაეჭრა ტერიტორიული პრობლემა. ჩვენ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ და მომავალშიც დავიცავთ.“
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის იდეა სათავეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იღებს. მის მედროშეებად „ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის“ (Young Communist International) მემკვიდრეები: „დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაცია“ (WFDY) და „სტუდენტთა საერთაშორისო კავშირი“ (IUS) იქცნენ.
საბჭოთა კავშირის ფინანსური და იდეოლოგიური მხარდაჭერით, პირველად მსოფლიო ფესტივალი 1947 წელს, პრაღაში გაიმართა და მემარცხენე სტუდენტური ორგანიზაციების მთავარ არენად იქცა. მთავარი ლოზუნგი მაშინ იყო - „გაუმარჯოს ანტიმპერიალისტურ სოლიდარობას, მშვიდობას და მეგობრობას“. 2017 წლის ფესტივალის ლოზუნგი კი ასე ჟღერს: „გაუმარჯოს მშვიდობას, სოლიდარობას და სოციალურ სამართლიანობას! ჩვენ ვიბრძვით იმპერიალიზმის წინააღმდეგ - პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და ვაშენებთ ჩვენს მომავალს!“

















