რამდენად ისარგებლებს სომხეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით? რისი იმედები აქვს ერევანს, როცა აცხადებს, რომ
საქართველო მის ინტერესებს მხედველობაში მიიღებს? ამ კითხვებზეა პასუხი გაცემული სტატიაში, რომელშიც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგების თვალსაზრისია გადმოცემული (ავტორი - ლეილა ტარივერდიევა).
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„არასერიოზული იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ რკინიგზით, რომელიც ფაქტიურად აზერბაიჯანის ფულით აშენდა, ისეთმა ქვეყანამ ისარგებლოს, რომელსაც მისი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რა თქმა უნდა, სომხეთს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების იმედი არ აქვს, სამაგიეროდ ჰგონია, რომ საქართველოს შეუთანხმდება, თან თბილისზე მორალურ ზეწოლას ახორციელებს - „აბა რა, საქართველო ხომ ევროკავშირთანაა ინტეგრირებული, განა თბილისს საკუთარი ნება არ აქვს, რომ ყველაფერზე ბაქოს დაეკითხოს?“. გამოდის, რომ სომხეთი ქართველებს პირდაპირ უცხადებს - „თქვენ უფლება არ გაქვთ უარი გვითხრათ რკინიგზით სარგებლობაზეო“.
როგორც ცნობილია, ამჟამად სომხეთი და საქართველო ერთმანეთს რკინიგზით უკავშირდებიან. სომხური ტვირთები ქართული რკინიგზით გადაიზიდება. მათ ხელს არაფერი უშლით, რამდენიც უნდა გადაზიდონ, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას. აი, რას ამბობს ექსპერტ-პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე:
„საქმე იმაშია, რომ სომხებს „დავთარი აერიათ“, ერევანი ცნებებს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტის განვითარება განისაზღვრება საერთაშორისო დოკუმენტებით - ორმხრივი და სამმხრივი შეთანხმებებით, რომლის სუბიექტები არიან აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. სწორედ ამ დოკუმენტებით იქნება რეგულირებული რკინიგზის შემადგენლობის მოძრაობა, ტარიფები, ტვირთების ტრანზიტი, გაფორმება და ა.შ. რასაკვირველია, ამ მარშრუტის ცალკეული მონაკვეთებით სარგებლობა ჩვეულებრივი წესით მოხდება, მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბაქო-განჯის ან საქართველოს ტერიტორიაზე - სადახლო-ბათუმის მონაკვეთები. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს სომხეთის რკინიგზის მიერთებას „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტზე. სომხეთი რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტს „მიუერთდეს“, ანუ მის მთელ სიგრძეზე რომ სომხური ტვირთები იქნას გადატანილი და მგზავრებიც გადაყვანილი, ამისათვის ერევანმა აზერბაიჯანისა და თურქეთის თანხმობა უნდა მიიღოს. ამასთან, ერევანს შეუძლია საქართველოს რკინიგზის სხვა მონაკვეთებით სარგებლობა ჩვეულებრივი წესით.
რაც შეეხება იმას, აუკრძალავს თუ არა საქართველოს სომხეთს ახალი რკინიგზით სარგებლობას, ეს ჯერ ნაადრევია. ვფიქრობ, პრიორიტეტი ექნება იმ ტვირთებს, რომლებიც ბაქოდან ყარსის მიმართულებით უნდა იქნეს გადაზიდული და პირიქით. ასე რომ, თუ სომხეთიც მიიღებს რკინიგზის ექსპლოატაციაში მონაწილეობას, მაშინ ერევანმა ფეხი უნდა აუწყოს სატრანზიტო მატარებლების მოძრაობას“.

















