„საქართველოში შაბათს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მიმდინარე წელს მათ საკმაოდ არაჩვეულებრივი კანდიდატი ჰყავთ - იგი წარმოშობით დიდი
ბრიტანეთიდანაა, ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობს. დღეს იგი, ველოსიპედზე მჯდარი, აგიტაციას ეწევა და ამომრჩევლებს ცვლილებებს პირდება"-ამის შესახებ ბრიტანული «BBC News» იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რეიჰან დემიტრის ავტორობით გამოქვეყნებულისტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ჯოზეფ სმიტი 32 წლისაა, იგი პირველი ბრიტანელია, რომელიც კენჭს ქალაქ თბილისის საკრებულოში იყრის. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა ყოფილი ლონდონელი ბიბლიოთეკარის კარიერაში, რომელიც დღეს საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.
ჯოზეფ სმიტი საქართველოში მას შემდეგ ჩავიდა, როცა „შემთხვევით აღმოაჩინა ეს უცნაური ქვეყანა, უცნაური დამწერლობით და უჩვეულო საჭმელებით - მაგალითად, ისეთით, როგორიცა პური შიგ ჩადებული ყველით“. როგორც ყველა პირველი ჩამსვლელი, მისტერ სმიტიც საქართველოთი მოხიბლული დარჩა. იგი დღეს თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქში ველოსიპედით დადის და პირადად ეცნობა თავის პოტენციურ მხარდამჭერ ამომრჩევლებს. მათი პირველი რეაქცია: ისინი გაკვირვებულნი არიან, თუ როგორ სრულყოფილად ფლობს ინგლისელი ქართულ ენას, რომელიც, მისივე აღიარებით, „ყველაზე რთული ენაა იმ ენებს შორის, რომლის შესწავლა მოუწია“.
„მოდი, შვილო, მოგეხვიო“, - ამბობს 82 წლის ნანა ყავლაშვილი, როცა მან გაიგო, რომ მისი ბინის ზღურბლზე მდგარი მისტერ ჯოზეფ სმიტი ბრიტანელია, - მართალი გითხრა, ჩემთვის მოულოდნელია, რომ ქართულად ასე კარგად ლაპარაკობ. ძალიან გამაკვირვე“.
მომდევნო ბინის მცხოვრები ჩივის, რომ მას სარკმელი ვერ გაუღია, რადგან ქუჩიდან ავტომობილის გამონაბოლქვი გაზი შედის და სუნთქვა უძნელდება.
მართლაცდა, ჰაერის გაჭუჭყიანება საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. თბილისში ოფიციალურად ქვეყნის მოსახლეობის (3,7 მილიონი) ერთი მესამედი - 30% ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ არაოფიციალურად - მათი რაოდენობა 40%-ზე მეტია. „ერთ-ერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებ, სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლებაა. გარდა ამისა, მე წინააღმდეგი ვარ იმისაც, რომ სარკმლის გაღებისას თბილისელები მხოლოდ ახლადაშენებული შენობის ბეტონის კედლებს ხედავენ“, - ამბობს მისტერ ჯოზეფ სმიტი. მას კავშირი აქვს ადგილობრივ აქტივისტებთან, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების პროექტებს. „ჩვენ დავინტერესდით თბილისი საკრებულოს მუშაობით ამ მიმართულებით და საშინელი სურათი დავინახეთ“, - ამბობს დეპუტატობის კანდიდატი, - ამგვარ კომპანიებს არაფრად უღირთ ქალაქის სახის დამახინჯება, ისტორიული ადგილების თანამედროვე შენობებით განაშენიანება, ქალაქის ცენტრში მიწის პრივატიზება“.
ქალაქში, სადაც მშენებლობის ბუმი მიმდინარეობს, სადაც ახალი სახლები სოკოსავით მრავლდება, მისტერ ჯოზეფ სმიტის პროგრამას მიესალმებიან.
მაგრამ როგორც თბილისის პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, ეს ყველაფერი დეპუტატად ასარჩევად შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის და ჩვენში უკვე ევროპიზაციის პროცესი დაწყებულია, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის ასეთი კანდიდატის არჩევისათვის. თბილისელებისათვის ეს ახალი და უჩვეულო მოვლენაა“. და მართლაც იმდენად უჩვეულო, რომ ზოგიერთებმა საკრებულოს კანდიდატში, ბრიტანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეში უცხოელი ჯაშუში დაინახეს: ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარში ჯოზეფ სმიტის მისამართით ნათქვამია: „თქვენ ან რუსები გაფინანსებენ დიდი ბრიტანეთიდან, ან სომხების მხარეზე ხართ“.
ამასთან, კორნელი კაკაჩიას თქმით, ქართული საზოგადოება დაიღალა ძველი სახეებით, მუდმივი მოთამაშეებით, ქართველ ამომრჩეველს ახალი სახეები სურთ. შესაბამისად, მისტერ ჯოზეფ სმიტს შეიძლება გარკვეული შანსიც კი ჰქონდეს.
21 ოქტომბრის არჩევნებში მთავარი კონკურსი ქალაქის მერის პოსტის დასაკავებლად გაიმართება, რომელზეც პრეტენზია 13 კანდიდატს აქვს, მათ შორის ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს კახა კალაძეს, რომელსაც მხარს მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი უჭერს. როგორც ჯოზეფ სმიტი ამბობს, იგი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და ეს გარემოება მას ძალასა და რწმენას მატებს. კანდიდატს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უბრალო ადამიანების ხმა ხელისუფლებამ გაიგონოს: „მოსახლეობისათვის საინტერესოა უცხოელის (ბრიტანელის) და იმავდროულად საქართველოს მოქალაქის, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ჩემს უცხოელობას სწრაფად ხვდებიან, როგორც კი გვარს გაიგებენ. ამასთან, ვცდილობ, ყურადღება არ გავამახვილო ჩემს ეთნიკურ წარმომავლობაზე, რადგან მე აქ მოხეტიალე-მოგზაური ცირკის წარმომადგენელი კი არ ვარ, არამედ კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ნამდვილად სურს ქალაქში ცვლილებების განხორციელება“.

















