logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კუმურდოს ტაძარი: სომხური ეკლესიის ტაქტიკური უკან დახევა
კუმურდოს ტაძარი: სომხური ეკლესიის ტაქტიკური უკან დახევა
15:23 18.10.2017
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ მე-10 საუკუნის უმშვენიერესი ტაძარი - კუმურდო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და სომხეთის ეკლესიას მასზე პრეტენზია არ აქვს, საქართველოს სომხურ თემში, საკუთრივ სომხეთში და რუსეთში ჯავახეთის დიასპორაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამცხე-ჯავახეთში, ბოლო წლების ყველაზე საშიში ინციდენტის შემდეგ გადადგა.
30 სექტემბერს, კუმურდოს ტაძართან, სადაც 2016 წლიდან რესტავრატორები მუშაობენ, სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სახიფათო შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს ექვსი პოლიციელი და სოფელ კუმურდოს ექვსი მკვიდრი დაშავდა.
მწვავე კონფლიქტი კუმურდოს მცხოვრებთა ნაწილის მცდელობას მოჰყვა, რესტავრაციის დროს ნანახი ადამიანთა ძვლები, ისევ კუმურდოს ტაძრის ეზოში დაემარხათ და ზედ სომხური ხაჩქარი - ქვა ჯვარი აღემართათ. სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი ეს განზრახვა შსს-ის სპეციალურ რაზმთან დაპირისპირებით, ქვების სროლით, პოლიციისა და სასულიერო პირების ავტომობილების დალეწვით დასრულდა.
სომხური ისტორიოგრაფია ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდა, რომ კუმურდო ცალსახად სომხური ძეგლია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდა „სომხური არქიტექტურის შესწავლის ფონდის“ ერევნის ფილიალის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი.
სამველ კარაპეტიანი რამდენიმე ნაშრომის ავტორია, რომლებიც ქართველ მეცნიერთა აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს. ოფიციალურმა თბილისმა სომეხი ისტორიკოსის მოღვაწეობაში „რელიგიური და ეთნიკური შუღლის“ გაღვივების მცდელობაც დაინახა და 2015 წლიდან მას საქართველოში შემოსვლა აუკრძალა. ამის მიუხედავად, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ოფიციალურ ვებ-საიტზე, ბოლო დრომდე, კუმურდოს ტაძარი სომხურ ძეგლად, სწორედ სამველ კარაპეტიანის ნაშრომებზე დაყრდნობით იყო გამოცხადებული. 30 სექტემბრის ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, სომეხთა ეკლესიამ საკუთარი საიტიდან ეს ინფორმაცია მოხსნა (ინგლისურ და რუსულ ენებზე ინფორმაცია ინტერნეტში მაინც იძებნება - ზ.წ.).
ვაზგენ მირზაჰანიანმა, რომელიც უკვე 15 წელია სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარია, გუშინ სომხურ გამოცემა hetq-ს განუცხადა, რომ „ისტორიულად დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კუმურდო ქართული ტაძარია და არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის სომხურია“.
ვაზგენ მირზაჰანიანს არ განუმარტავს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე, წლების მანძილზე, კუმურდო რატომ მოიხსენიებოდა სომეხი ქალკედონიტების ძეგლად, რომელთა სამეტყველო ენად მე-10-13 საუკუნეებში, ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი ქართულ ენას მიიჩნევს და სწორედ ამით „ხსნის,“ კუმურდოს (ასევე ახტალას, ქობაირის, ჰუჯაბის, კირანცის, სედვის, ოსკიპარის, თეჟარუქის და შაჰნაზირის) ტაძარზე ქართული ლაპიდარული წარწერების არსებობას.
„ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსის“ ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი 2012 წელს, სწორედ კარაპეტიანის ნაშრომების საპასუხოდ გამოსცა, ამბობს:
„ცნობილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კუმურდოში ტაძარი გაცილებით ადრეც ყოფილა, ვიდრე 964 წელს. ქართველი ხუროთმოძღვარი საკოცარი ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ბრძანებით იქ საძირკველს დადებდა. მაგრამ ადრინდელი ტაძარი, როგორც ჩანს დაინგრა და კუმურდოს საეპისკოპოსო კათედრალს, მე-10 საუკუნის 50-60-იან წლებში ახალი საყდარი აუგეს. საინტერესოა, რომ კუმურდოს 964 წლის წარწერების ჯგუფში, იოანე ეპისკოპოსზე წარწერაც ერთიანდება, რომელსაც სამველ კარაპეტიანი რატომღაც სომხური მონოფიზიტური ეკლესიის ეპისკოპოსად მიიჩნევს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მოსაზრება კრიტიკას ვერ უძლებს, რამდენადაც დასავლეთ საქართველოში ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ზეობის დროს მაშინ, როცა კუმურდო საეპისკოპოსო საყდარს წარმოადგენს, შეუძლებელია კუმურდოელ ეპისკოპოსად მონოფიზიტი მჯდარიყო და მით უმეტეს, ამ ტაძრის ამშენებელი ყოფილიყო, ეს არის გამორიცხული.“
კუმურდოს - შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის ჰარმონიულობას, მხატვრულ გააზრებას, პროპორციებს, ჩუქურთმებს, სიმბოლოებს, რელიეფურ ქანდაკებებსა და მოვარდისფრო ქვაზე ამოკვეთილ ეპიგრაფიკას მნახველი დღემდე აღტაცებაში მოჰყვას. ეს იმის მიუხედავად, რომ საუკუნეების მანძილზე მივიწყებული კათედრალი უმძიმეს მდგომარეობაშია, მთლიანად ჩამოქცეულია გუმბათი, სტოა, ძლიერ დაზიანებულია და უხეშად არის აღდგენილი დასავლეთის მკლავი. კუმურდოს ბოლო გადაუდებელი რესტავრაცია 1975 წელს დაიწყო და გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში კუმურდოს უკვე „სადავო ტაძრის“ სტატუსი „ჰქონდა“. ეს ერთის მხრივ, სამცხე-ჯავახეთში სომხური თემის გაძლიერებამ (1828 წლიდან, ოსმალეთის იმპერიიდან სომეხთა მასობრივმა გადმოსახლებამ - ზ.წ), საბჭოთა სომხეთის ისტორიოგრაფიის „ჯავახკის მიმართულებამ“ და მეორეს მხრივ, ქართველი კომუნისტების დაუდევრობამ და ახალქალაქის რაიონის ჩაკეტილობამ გამოიწვია. თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში, საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებული სასაზღვრო რეჟიმი მოქმედებდა და იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი.
1980-იანი წლების ბოლოდან, სომხურ ისტორიოგრაფიაზე აღზრდილი არაერთი თაობა, როგორც ჯავახეთში, ისე კონკრეტულად კუმურდოში, ქართველი მეცნიერების, არქეოლოგების, სტუდენტების და სასულიერო პირების ყველა მცდელობას შეესწავლათ ან მოელოცათ კუმურდო ხაზგასმული აგრესიით ხვდებოდა. 2001 წელს, კუმურდოს მონახულება ვერც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო, რომელსაც ფოკაში ქვები დაუშინეს.
2015 წლიდან ვითარება შედარებით დათბა, კუმურდოს ტაძრის გადარჩენაზე შეთანხმება მოხერხდა. 2016 წლიდან ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. 2017 წლის აპრილში, სოფელ კუმურდოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ახალი ტაძარი „სუბრ ხაჩიც“ კი ეკუთხრა, თუმცა 30 სექტემბერს, მე-10 საუკუნის კუმურდოში ქვის სროლის მორიგი, საშიში ეპიზოდი ისევ განმეორდა.
დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აცხადებს, რომ კუმურდო ქართული ძეგლია და მასზე პრეტენზია არ აქვს. "ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია - დაუშვებელი" - ვკითხულობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკვე გააკრიტიკეს „საქართველოს სომეხთა სათვისტომომ," ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ რუსეთში.
რაც შეეხება სამველ კარაპეტიანს, მან, კერძოდ თქვა: „განსაკუთრებით გაურკვეველია საქართველოს სომხური თემის ქცევა, რომელიც ფაქტობრივად უარს ამბობს სომხურ სოფელში მდებარე ეკლესიაზე, რომელიც როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია, იმ სოფლის მრევლს საუკუნეები ემსახურებოდა და თავისთავად სომხური ეკლესიის ისტორიის ნაწილია“.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია არ მალავს, რომ კუმურდოს ტაძრის კუთვნილების საკითხში უკან დახევა ვითარების განმუხტვასთან ერთად, ტაქტიკური ნაბიჯია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სხვა სადავო ეკლესიებზე შეთანხმების მიზნით.
სომეხთა ეკლესია საქართველოს ტერიტორიაზე 442 ეკლესიისა და ნაეკლესიარის დაბრუნებას ითხოვს. მათ შორის არის თბილისში მდებარე - „სურბ ნორაშენ ასტვაწაწინი,“ „სურბ ნშანი,“ „მუღნეცოც სურბ გევორგი,“ „ერევანცოც სურბ მინასი,“ „შამხორეცოც კარმირ ავეტარანი“ და ახალციხის „სურბ ნშანი.“ აქედან უმძიმეს მდგომარეობაშია, შამქორიდან 19-ე საუკუნეში გადმოსახლებული სომხების მიერ ავლაბარში აშენებული „შამქორეცის ეკლესია“.

თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებზე აქვს პრეტენზია, რომელთა შორის გამორჩეულია - ახტალის მონასტერი, ქობაირი, ძელი ჭეშმარიტისა (ჰნევანქი) და ჰუჯაბი.

საეკლესიო დავების დარეგულირება, წესით, ორი ქვეყნის დიპლომატებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა მეხუთე თვეა ამ მიმართულებითაც პრობლემებია. საქართველო სომხეთის ახლად დანიშნულ ელჩს სერგეი მინასიანს აგრემანს და აკრედიტაციას არ აძლევს. ეს საკითხიც ჯავახეთთან არის კავშირში, ვინაიდან მინასიანს ჯავახური წარმოშობა აქვს და ერევნის საექსპერტო კლუბ „კავკასიის ინსტიტუტში“ მოღვაწობისას, ჯავახეთისთვის ფართო ავტონომიის მოთხოვნით გამოდიოდა.



წყარო: «Radio Voice of America»

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა