„კახა კალაძეს ბევრჯერ გაუმარჯვია ისეთ საფეხბურთო ლეგენდებთან ერთად, როგორებიცაა პაოლო მალდინი, ფრანჩესკო
ტოტი, ანდრეი შევჩენკო, რივალდო და სხვები. მისი კაბინეტი სავსეა ტურნირებში მოპოვებული მედლებით“, - ნათქვამია გავლენიან ამერიკულ გამოცემა «Forbes»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ენდრიუ ქეივის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის რეზიუმეს:
მასალაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კახა კალაძის მიღწევებს სპორტულ კარიერაში, განსაკუთრებით იტალიის საფეხბურთო გუნდ „მილანში“ თამაშის დროს. „გასულ თვეში მან თავისი დიდი სპორტული ავტორიტეტი ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდაც გამოიყენა და ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი ფეხბურთელები თბილისში საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად მიიწვია“, - აღნიშნულია მასალაში, - ახლა კი კახა კალაძე თავის საბრძოლო განწყობას პოლიტიკაშიც იყენებს: იგი თბილისის მერობისათვის დაწყებულ რბოლაში ჩაერთო, მმართველი პარტია „ქართული ოცნებისაგან“. მანამდე კი კახა კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. თბილისის მერის არჩევნები 21 ოქტომბერსაა დანიშნული. კახა კალაძის წინააღმდეგ 8 კანდიდატი გამოდის, მაგრამ იგი ყველაზე მეტად პოპულარულია, რასაც ქალაქის ქუჩებში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს.
სტატიაში გადმოცემულია კახა კალაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები - სამტრედიაში გატარებული ბავშვობა, სპორტით გატაცება, თამაშები თბილისისა და კიევის „დინამოში“, იტალიის „მილანში“, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნება და პოლიტიკურ ცხხოვრებაში ჩაბმა.
„ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იოლი არ ყოფილა“, - მითხრა კახა კალაძემ ამას წინათ, როცა მისგან ინტერვიუ ავიღე. „ყველა ჩემი წარმატება ფეხბურთს უკავშირდება. მართალია, საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემს სამშობლოსთან, მეგობრებ-ახლობლებთან კავშირს არ ვწყვეტდი, ყველაფერი მაინტერესებდა საქართველოს შესახებ. ყოველთვის მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და ჩემი ხალხისთვის დახმარების გაწევა. ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მე ხომ, ფაქტიურად, ყველაფერი მქონდა, რადგან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სპონტანური არ იყო, ამაზე დიდხანს ვიფიქრე“, - ეს კახა კალაძის სიტყვებია, ინტერვიუში თქმული.
პუბლიკაციის დიდი ნაწილი ეხება კახა კალაძის ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან - „საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან“, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა და საქართველოს 13 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა: „იმ დროს საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. გადავწყვიტე იმ ადამიანების გვერდით ვმდგარიყავი, ვისიც მჯეროდა და რომლებსაც ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება სურდათ“, - ამბობს კახა კალაძე. „ძალიან რთული იყო საქართველოს ძველ რეჟიმთან ბრძოლა. ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად ნეგატიური იყო, იდევნებოდა განსხვავებული აზრი... მაგრამ ჩვენ შევძელით ამ სამწუხარო რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს საქართველოში ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა“, - აცხადებს კახა კალაძე.
პუბლიკაციაში საუბარია კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ძირითად მომენტებზე, რომელიც თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, ყველაზე მთავარი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა: თუ დედაქალაქში პოლიტიკური სიტუაცია მშვიდი იქნება, პარალელურად, ეკონომიკური ზრდის მიღწევაც იოლი გახდება. „თბილისს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად გადაიქცეს... ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ უნარი, რომ ქალაქის ყოველდღიური პრობლემების მოგვარება წარმატებით შეგვიძლია. ბევრი პრობლემაა თბილისის ტრანსპორტის სფეროში, ძველი ქალაქის რესტავრაციის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ქალაქის პრობლემებთან ბრძოლაშიც“.
პუბლიკაციის ავტორი, ეხება რა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, პრობლემებისა და წარმატებების შესახებაც წერს: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თავდაპირველი მატების შემდეგ, მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შენელდა (ნაჩვენებია წარმოების ტემპების სტატისტიკური მაჩვენებლები - ს.კ.), მაგრამ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდამ, კაზინოების სიმრავლემ და მგზავრთა ნაკადის მატებამ შემოსავლების ზრდაც გამოიწვია. შესაბამისად, მოიკლო უმუშევრობის დონემაც, რომელიც დღეს 11%-ია, ანუ ყველაზე ნაკლები 13 წლის განმავლობაში. სტატიაში ნაჩვენებია აგრეთვე თბილისის როლი ქვეყნის ეკონომიკაში: მთლიანი შიდა პროდუქტის 50%, რომლის 88% მომსახურების სფეროზე მოდის.
საქართველოს მდგომარეობაზე საუბრისას, ავტორი აღნიშნავს ქვეყნის მთავრობის წარმატებებს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროში. მნიშვნელოვანი ინოვაციებია დანერგილი და დიდი პოზიტივია მიღწეული სახელმწიფო მომსახურებაშიც - პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და სხვა დოკუმენტების სწრაფად გაცემა-გაფორმების საქმეში.
„ამასთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველო მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება: რუსეთს მისი ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით ეფექტს ახდენს. შესაბამისად, პერსპექტივაში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.
კახა კალაძე თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრისას პარალელს სპორტსა და პოლიტიკას შორის ავლებს: გუნდური თამაშის პრინციპი უკიდურესად აუცილებელია. ერთი კაცი წარმატებას ვერ მიაღწევს, მას კარგი გუნდი ჭირდება. თუმცა არსებობს განსხვავებაც: სპორტში შეიძლება წააგო, მაგრამ როცა ქალაქის მერი ხარ, წაგება არ გეპატიება. აუცილებელია პოლიტიკაში ყოველდღიურად გაიმარჯვო. ეს იქნება გამარჯვება ყველასათვის“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

















