„უკრაინის საშინაოპოლიტიკური ცხოვრება გასულ თვეში კიდევ ერთი უნიკალური მოვლენით გამდიდრდა. მთავარ
ნიუსმეიკერად საზოგადოებას, უკვე მერამდენედ, ისევ მიხეილ სააკაშვილი წარუდგა - საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის ექს-მრჩეველი, რეფორმების საბჭოს ექს-თავმჯდომარე და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი. არაა გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ვიღაც-ვიღაცეები უფრო დიდი რაღაც მასშტაბური მოვლენის შესანიღბავად იყენებენ, რომელიც უკრაინას ელოდება“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის ყოველკვირეულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ირინა ხალტურინა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
საერთოდ, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენის მიზეზები დღემდე ბურუსითაა მოცული. რატომ ჩავიდა კიევში ამერიკიდან „მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ, ვინ დაავალა, რატომ მიიღეს ხელგაშლით, მოქალაქეობა მიანიჭეს, თანამდებობაზე დანიშნეს და შემდეგ აითვალწუნეს, გადადგა (თუ გადააყენეს) გუბერნატორობიდან, მოქალაქეობა ჩამოართვეს და როგორ დადიოდა იგი ძალადაკარგული პასპორტით ევროპაში და ბოლოს, როგორ და რატომ დაბრუნდა ისევ უკრაინაში?
დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ ქვეყანას ცვლილებებს უმზადებს და არანაირად არ შეიძლება სპონტანურად ჩაითვალოს: ჯერ ერთი, რომ როცა ადამიანს პასპორტი არ აქვს, გარე ძალების დახმარებით ამერიკიდან პოლონეთში ჩასვლა უბრალოდ შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მას ამერიკელი პოლიტიკოსები დაეხმარნენ; მეორე - ვისთან ერთად გამოჩნდა ლვოვში მიხეილ სააკაშვილი? იულია ტიმოშენკოსთან, რომელსაც ძალიან სურს პეტრო პოროშენკოს დამხობა, ამ მიზნისთვის კი მიხო ბულდოზერის, ავანგარდის როლს შეასრულებს. თვითონ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობა არ უწერია (კონსტიტუცია ამის უფლებას არ აძლევს), იულია ტიმოშენკოს კი სრული შესაძლებლობა აქვს“, - წერს ავტორი.
პუბლიკაციაში ფართოდაა განხილული უკრაინის პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა, ხელისუფლებაში არსებული ფარული დაპირისპირებები („ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ ვის ბანაკში აღმოჩნდება გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, რომელიც ფარულად უპირისპირდება პეტრო პოროშენკოს, საშინლად სძულს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ახლო ურთიერთობები აქვს მის „დობილ“ იულია ტიმოშენკოსთან და „ძმობილ“ იგორ კოლომოისკისთან“). სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის მიერ გაჟღერებული ვერსია ამერიკულ „ცეერუ“-სთან მიხეილ სააკაშვილის კავშირების თაობაზე.

















