„საქართველო ტურიზმის განვითარების საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. აბა, შეეკითხეთ ჯასპერ ბლეიქსს, რას
გიპასუხებთ. როცა ეს ჰოლანდიელი ტურისტი რამდენიმე თვის წინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, იგი, მისთვის მოულოდნელად, ქვეყნის მეექვსემემილიონე სტუმრად იქცა. ჯასპერს მეფური მიღება მოუწყეს, მას თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადად შეხვდა და რესტორანში ივახშმა“, - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «Forbes»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - სტეფენ რაბიმოვი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ავტორი აღნიშნავს, თუ როგორ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება უცხოელი ტურისტების მიზიდვას, მათთვის საუკეთესო პირობების შექმნას, ახალი ტურისტული მარშრუტების ორგანიზებას. სტატიაში საუბარია როგორც ქართულ ტრადიციულ ეროვნულ სამზარეულოზე, ასევე ღვინის დაყენების წესზე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე და ა.შ.
„საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ტურიზმის განვითარებაში: თუ 2011 წელს ქვეყანას, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს, მხოლოდ 2,8 მილიონი სტუმარი ეწვია, უეცრად, სამიოდე წლის შემდეგ, საქართველომ, თითქოსდა მსოფლიოს ყველა მოგზაურის რადარზე მოხვდაო, 2015 წელს ყველაზე ტურისტული ქვეყნების სიაში 54 ადგილიდან 25-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ქვეყანა ასევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ღვინის მოყვარულებისათვის“, - აღნიშნულია სტატიაში.
ტურისტების „შემოსევა“ ხელს უწყობს ინვესტიციების მიზიდვას და ტურიზმის დარგის განვითარებას. საქართველოს მთთავრობა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან ტურიზმის განვითარების სტრატეგიის საკითხებში, რათა ქვეყანაში სულ უფრო მეტი „ფულიანი და მდიდარი“ ტურისტი შევიდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარეობის სანიმუშო ქვეყანა. ქართველები თბილ ურთიერთობას ავლენენ უცხოელებისადმი, რითაც ადასტურებენ გადმოცემას, რომ მათ ქვეყანა „უფალმა აჩუქა“. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოს შავი ზღვის კურორტები მილიონობით დამსვენებელს იღებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა ნეგატიურმა მადესტაბილიზებელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პროცესებმა თავისი დაღი ტურიზმის სფეროსაც დაამჩნია: დაინგრა ინფრასტრუქტურა, გამეფდა კორუფცია, მკვეტად შემცირდა ტურისტების რაოდენობა...
დღეს საქართველოს თითქმის ყველა პირობა აქვს ტურიზმის განვითარებისათვის: ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში ჩვენ ვხედავთ იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტებს, ალპურ ზონაში მდებარე სოფლებს თავისი შუასაუკუნეობრივი მონასტრებით... ასევე ეროვნულ-ტრადიციულ სამზარეულოს. მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიისათვის, ალბათ, მაინც ქართულ ღვინოს აქვს, ღვინის მარშრუტებს, რომელიც კახეთით იწყება და შემდეგ სხვა რეგიონებშიც გრძელდება. საქართველოში ღვინის დამზადების ჩინებული ტრადიციები არსებობს, მათ 8 ათასი წლის ისტორია აქვს. აქ არიან ქალაქები, რომლებიც იტალიურ ტოსკანას მოგვაგონებენ. აქ არის ვაზისა და ყურძნის ასობით ჯიში, რომლებისგანაც სხვადასხვა არომატისა და ფერის ღვინოს ამზადებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღწერილია კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები, ქვევრში ღვინის დაყენების წესი. საუბარია ამერიკელი ჯონ ვუნდერმანის კომპანიაზე („ხოხბის ცრემლები“), რომელიც ღვინის დამზადება-ჩამოსხმაზეა დასპეციალებული: „ჯონს და მის ქართველ ცოლს ქეთევანს განსაკუთრებული წესი აქვთ შემუშავებული საუკეთესო ღვინის დასაყენებლად. კომპანიის ღვინოებს დანიის რესტორნებშიც შეხვდებით“, - წერს ავტორი.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმატებული საქმიანობა. ამ სამთავრობო სტრუქტურაში ბევრი ისეთი ახალგაზრდა მუშაობს, რომლებმაც განათლება დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს და ახლა თავიანთ ცოდნა-პროფესიონალიზმს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ახმარენ.
ავტორი ყურადღებას უთმობს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მიზიდვას. სტატიაში აღწერილი ერთ-ერთი ასეთი მცირე კომპანიის საქმიანობა, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს.
ტურიზმის ამასწინანდელ ფორუმზე საქართველოს მთავრობამ მონაწილეებს თავისი ამბიციური გეგმები გააცნო, რომელიც ორ წელიწადში 25 ახალი თანამედროვე სასტუმროს აგებასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ გაუმჯობესებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. საქართველოს მიზანია, რომ 2025 წლისათვის ტურიზმისაგან მიღებული შემოსავლები 6,6 მილარდ დოლარამდე გაზარდოს.

















