logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?
«Radio Voice of America» (აშშ): როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?
01:27 28.09.2017
რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, ამერიკელების თქმით, ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი თემაა“. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ატლანტიკურ საბჭოში სამშაბათს გამართულმა ღონისძიებამ - სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დეზინფორმაციის პირველმა ტრანსატლანტიკურმა ფორუმმა - რომელზეც მსმენელების რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ორგანიზატორებმა „ამერიკის ხმას“ უთხრეს, ფორუმისთვის შერჩეული დარბაზი 130 სტუმარზე იყო გათვლილი, მაგრამ ღონისძიებაზე 500-ზე მეტი ადამიანი მოვიდა.
მომხსენებლებს შორის იყვნენ ამერიკელი სენატორები, ნატოს და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, დიპლომატები, დასავლეთის ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების სხვადასხვა სტრატეგიას, ზემოქმედების ბერკეტებს და მეთოდოლოგიას, ასევე ამ გამოწვევებზე დასავლეთის ქვეყნების, თუ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციების რეაქციებს და საპასუხო ქმედებების სისტემაში მოყვანის აუცილებლობას.
კრემლის ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო კამპანიებზე და მათ შედეგებზე. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან რუსეთის უახლოესი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რომელთა შორისაა საქართველოც. რა უნდა იღონოს თბილისმა თავისი მწირი რესურსებით, რომ წინ აღუდგეს რუსულ ჰიბრიდულ ომს? ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ თაჯან ილდემს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში.
„როგორც შესავალ ნაწილში უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობა. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ. ერთ-ერთი მათგანია სტრატეგიული კომუნიკაციები. მხოლოდ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების და წარსულის გაკვეთილების გაზიარებით შევძლებთ საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებული, საჭირო, აუცილებელი ინსტრუმენტებით აღვიჭურვოთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ჩვენი მხრიდან, ნატოსთვის პრიორიტეტად ვთვლით ამ პარტნიორობის განვითარებას, ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო“, - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ.
„შესაძლოა გამოგადგეთ ჩეხეთის გამოცდილებაც, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა“, - გვითხრა იაკობ დიურმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში. „შეგიძლიათ დაიწყოთ ეროვნული უსაფრთხოების აუდიტით და ამ პროცესით გათვალისწინებული ეტაპობრივი აქტივობებით წარმატებას მიაღწიოთ. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა. შეიძლება, თქვენთვის ჩვენი მოდელის გადაღება უნივერსალური აღმოჩნდეს და იგივე, ან სხვა ქვეყნების მსგავსი შედეგები მიიღოთ. ამის გაკეთება ქვეყნის ზომის და რესურსების მიუხედავად, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია“, - თქვა იაკობ დიურმა.
„ამერიკის ხმამ“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა დაეზუსტებინა, თუ რა მოდელზე საუბრობდა ის და კონკრეტულად რა აქტივობებს გულისხმობდა. იაკობ დიურის განმარტებით, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. პირველ რიგში მოხდა იმის გააზრება, რომ საფრთხე რეალურია, ის არსებობს და ასევე არსებობს გზები, რომლითაც შექმნილ პრობლემებს წინ აღვუდგებით - ყვება იაკობ დიური. „თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული სახელმწიფოს მთავრობის სუვერენული უფლებაა ჰიბრიდული ომის საფრთხის გააზრება, პრობლემის მრავალშრიანობის აღქმა და იმის გაცნობიერება, რომ დეზინფორმაცია და სხვა დანარჩენი კამპანიები მისი შემადგენელი ელემენტებია“.
2016 წელს აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომა და მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი. „ამ ორგანიზაციას აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. განსაზღვრულია მათი რეალიზებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯებიც. ეს მუდმივი, პერმანენტული აქტივობების მთელი ციკლია. ამას გარდა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელია დასაქმებული. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი“.
იაკობ დიურის თქმით, ევროპაში ჩატარებული არჩევნების მაგალითზე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ქმედება შეიძლება ვიზუალურად გამოკვეთილი არ იყოს და კიბერ-სივრცეში მომხდარი თავდასხმებივით, ჰაკერების მიერ ანგარიშების გატეხვით და კრემლისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გამოაშკარავებით არ დასრულდეს. შეიძლება ეს არც დეზინფორმაციაში და არც რუსულ პროპაგანდაში გამოიხატებოდეს. სხვადასხვა ფარული მეთოდით, "რუსეთი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, საჯარო განხილვებზე, დებატებზე; ზემოქმედებს პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე... შესაბამისად, ტერორიზმის და ჰიბრიდული იერიშების საფრთხეების წინააღმდეგ შექმნილი ჩვენი ცენტრისთვის ევროპული გამოცდილება ნამდვილი გზამკვლევი და ერთგვარი ხელსაწყოების კომპლექტი გახდა, რომელიც მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა“.
ატლანტიკურ საბჭოში შეკრებილი ექსპერტების აზრით, რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებაში ამ საკითხებისადმი ცნობადობის ამაღლება. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ საკითხი კომპლექსურია და შესაბამისად, მიდგომაც არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოდელი ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური არ გამოდგეს. შექმნილი სიტუაციის მიხედვით, საპასუხო აქტივობა შესაძლოა პერიოდულად ერთი მიმართულებით უფრო გაიზარდოს, მეორე მიმართულებით კი საჭიროებისამებრ შემცირდეს. შექმნილი რეალობიდან ჯერჯერობით ერთი რამ დანამდვილებით იკვეთება: რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მოქმედება ყოველდღიურ, უწყვეტ მუშაობას ითხოვს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა