„ბაქოში ნატოს სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს
კურირებს. სხვათა შორის, ამ კაცმა ჩვენს რეგიონში ჩამოსვლას საკმაოდ მოუხშირა, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიპლომატიურ გააქტიურობაზე მიუთითებს დსთ-ის საზღვრების პერიმეტრზე. ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ დასავლეთის წრეები იარაღის ჟღარუნით და სხვადასხვა წრთვნების მოწყობით კავკასიის რეგიონში ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ. უფრო მეტიც - ამგვარ ქმედებაზე მძაფრ რეაქციას ახდენენ მეზობელი სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთიც“-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებიოთ:
სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, კერძოდ - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ საკითხი ამ დღეებში ჟენევაშიც განიხილეს: გრიგორი კარასინი გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს ანტიტურუნენს და გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ფართოვდება, რეგულარულად იმართება სამხედრო წრთვნები, ეს ყველაფერი კი რუსეთისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ამასთან, თბილისი არასდიდებით არ თანხმდება სოხუმ-ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებაზეო“.
რა უნდა ვთქვათ ამის უარსაყოფად? ვერაფერს ვერ ვიტყვით! საქართველო მართლაც გადაიქცა ნატოს პლაცდარმად ყოველნაირი პროვოკაციული გამოხტომების რეალიზებისათვის. თავის მხრივ, ბრიუსელი შეუსვენებლივ აცხადებს - აღმოსავლეთიდან, კონკრეტულად კი რუსეთიდან საფრთხე გვემუქრებაო, რაც „ცივი ომის“ დროს გვახსენებს - „საბჭოთა სამხედრო საფრთხის“ თაობაზე. თავის დროზე ნატომ საბჭოთა კავშირს პირობა მისცა, რომ არ გაფართოვდებოდა, მაგრამ ახლა ვიღას ახსოვს ეს პირობა? არიქა, რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს დაპყრობით ემუქრებაო და ბევრი, მათ შორის ბალტიისპირელები, ალიანსში მიიღეს. ბალტიისპირელების გაწევრიანებას ვინ ჩივის (ასეა თუ ისე, ისინი რუსეთის მეზობლები არიან და შეიძლება მართლაც ეშინიათ), მაგრამ ჩერნოგორიის ნატოში მიღება რატომ დაჭირდათ, ეს გაუგებარია.
საქართველოც, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ნატოელების აზრით, ალიანსის პოტენციურ წევრს წარმოადგენს. ბრიუსელი აცხადებს, რომ საქართველო ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მის ტერიტორიაზე მიმდინარე ხშირი სამხედრო წრთვნები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო შეიძლება მალე მიიწვიონ ალიანსში.
ისე, უკრაინასაც კი უნდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ აშშ და ევროკავშირი კიევის სურვილს ეწინააღმდეგებიან - ძალიან ნელა ატარებ რეფორმებს და საერთოდ, კორუფციაში ხარ ჩაძირულიო. თუმცა ვინ იცის - ვაშინგტონს და ბრიუსელს არაერთხელ უთქვამთ ტყუილი. გავიხსენოთ იგივე ფიცი-მტკიცი იმაზე, რომ აღმოსავლეთით არ გავფართოვდებითო. ასე რომ, თუ უკრაინის ნატოში მიღება ამერიკას და ევროპას დაჭირდება, კორუფციაში ჩაძირულსაც კარგად მიიღებენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს: აშკარაა, რომ ნატოს ყოფნა კავკასიის რეგიონში ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. უფრო მეტიც, ალიანსის გააქტიურება ხელს შეუშლის მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას. აბა, დავუკვირდეთ: საქართველოში ამასწინათ გამართულ სამხედრო წრთვნებში სომხეთიც მონაწილეობდა, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. თვით ერევნის მონაწილეობის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთს სრულიად აწყობს ყარაბაღის კონფლიქტის დღევანდელი მდგომარეობა. ანუ ეს სტრუქტურა არანაირად არ ანსხვავებს ერთმანეთისაგან აგრესორ სომხეთს მის მსხვერპლ აზერბაიჯანისაგან.
და საერთოდ, აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მთიანი ყარაბაღის პრობლემა არ აინტერესებს. ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ არ ვერევითო. არადა, აზერბაიჯანი რომ ეხმარება ნატოს ავღანეთის ამბებში, ის არაფერია? რითი გვპასუხობს ალიანსი? იმით, რომ აგრესორს სამხედრო წრთვნებში იწვევს.

















