საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებული ამბები
პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს მოსვენებას არ აძლევს. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება სატელევიზიო თოქ-შოუების მთავარი თემაა, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ქართული სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის შესახებ, რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებთან ერთად, უკრაინელებიც საუბრობენ. რუსულ თოქ-შოებში საინტერესო მომენტი შეინიშნება: ორივე მხარის პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მაყურებელს კიდეც აცინებენ და ართობენ.
და მაინც, მართლაც ვინ გაუკვალა გზა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ტრიუმფალურად დასაბრუნებლად? ვერსიები ძალიან ბევრია, მათ შორის დაუჯერებელიც. ასეთი ვერსიები მიშიკოს ისტორიულ სამშობლოში - საქართველოშიც გაისმის. ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ მასმედიას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკული „ცეერუს“ პროექტია. თუმცა ეს კიდევ არაფერი - მან რუსეთი გააფრთხილა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმ მიზნითაა გამოგზავნილი, რომ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშალოს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს მისი ჩატარების უფლება წაართვას.
თვითონ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ „მშვიდობა-ძმობა-სოლიდარობაზე“ ლაპარაკობს, არაფერზე პრეტენზია არ აქვს, იგი პეტრო პოროშენკოსაც პატივს სცემს და მისი დამხობა გულშიც არ გაუვლია. იგი, როგორც უკრაინის ჭეშმარიტი მოქალაქე, მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის, სამართლიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის.
დასაჯერებელია ექს-პრეზიდენტ - ექს-გუბერნატორის „ფიცი-მტკიცი“?
ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე ყველაზე კარგად პასუხობს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მასმედიაში იშვიათად ჩანს ხოლმე. იგი უაპელაციოდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში ხელი შეუწყო და პირობები შეუქმნა პირადად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საღი აზრისა და პოლიტიკური ლოგიკის მიუხედავად. ლეონიდ კრავჩუკისთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოიწონოს ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფოს მმართველ თანამდებობებზე უცხოელების დანიშვნა... მართლაცდა, ძნელია არ დაეთანხმო ლეონიდ კრავჩუკს: გავიხსენოთ, რომ კიევში მიწვეული თითქმის ყველა „უცხოელი სპეციალისტი“ ან თვითონ წავიდა თანამდებობიდან, ან მას წასვლაში „დაეხმარნენ“. არა, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ზოგადად უცხოელი პროფესიონალების ქვეყანაში მოწვევის წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ როცა მათ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს უკვე ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცილდება.
ლეონიდ კრავჩუკის აზრით, უცხოელი სპცეილისტების თანამდებობებზე დანიშვნის ფანტასტიკური იდეის ყველაზე „ნათელ გმირად“ მიხეილ სააკაშვილი წარმოჩინდა: „მას გზა გმირობისათვის თვითონ პეტრო პოროშენკომ გაუკვალა. სწორედ მიხეილ სააკაშვილს მისცა პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონმდებლობისა და მორალურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევით. რატომ ატყუებს ხალხს ხელისუფლება? რატომ იძლევა უსაფუძვლო დაპირებებს? უკრაინელებს არ სურთ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ბრძოლა, მაგრამ მათ არც იმის მოთმენა აღარ შეუძლიათ, თუ როგორ აბუჩად იგდებს მთავრობა ქვეყნის კანონებს... თუ როგორ ახორციელებს შერჩევით სამართალს, საკუთარი სიმპათიით თუ ანტიპათიით. დასკვნა: კანონი უმაღლეს დონეზე ირღვევა, არანაირი ევროპული სტანდარტები უკრაინაში არ არსებობს“, - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.
მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ოპოზიციასაც კარგად აწყობს: ისინი ექს-გუბერნატორს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გვერდით სწორედ პირადი მიზნების გამო არიან და არა მისადმი სიყვარულის ნიშნად. ოპოზიციონერებს მშვენივრად ესმით, რომ ექს-გუბერნატორი ჯერ კიდევ ენერგიულია და მასთან ყოფნა მათივე მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ხომ დადგება მომენტი, როცა მიხეილ სააკაშვილი „გადაიწვება“ და „უკვე გამოყენებულ“ მასალად დარჩება. შეიძლება მას ხელისუფლება იმიტომაც ითმენს, რომ მომენტის დადგომას ელოდება - მოვა დრო და მიშიკოს ენერგია გამოელევა?
ლეონიდ კრავჩუკი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეჩერება საწყის ეტაპზე შეიძლებოდა: „რა თქმა უნდა, მე ყველაფერს პეტრო პოროშენკოს ვერ დავაბრალებ. ალბათ, მას უნდოდა, რომ საქმე კარგად გამოსულიყო, მაგრამ პირიქით გამოვიდა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აწყობილი არ არის, რაც პრეზიდენტისა და მთელი ქვეყნის პრობლემაა. საქმე ეხება ჩვენს პატივს და ღირსებას. სირცხვილია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. სირცხვილია უყურო იმ შოუს, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება“.
ლეონიდ კრავჩუკის სიტყვები ფაქტიურად უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც დაადასტურა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა ყველაზე საჭირბოროტო საკითხს: დაპატიმრება თუ ექსტრადიცია? როგორც აღმოჩნდა, არც ერთი და არც მეორე, მხოლოდ ჯარიმა საზღვრის უკანონოდ გადასვლის გამო. რაც შეეხება კონკრეტულად ექსტრადირების საკითხს, გენერალური პროკურორის ვერდიქტი ასეთია: „მიხეილ სააკაშვილის სტატუსი საქართველოში მის ექსტრადირებას არ ითვალისწინებსო“.
აი, ასეთი სურათი ყალიბდება საქართველოს გაქცეული ექს-პრეზიდენტის ირგვლივ, რომელიც, უპასპორტობისა და მოქალაქეობის არქონის მიუხედავადა, თავს მაინც მშვენივრად გრძნობს და მომხრეებსაც ხშირად ხვდება, თავის მიზნებზე ესაუბრება. ახლა უკრაინაში, ლეონიდ კრავჩუკის აზრით, აღარ დგას საკითხი - „რა ვუქნათ მიხეილ სააკაშვილს“, დღეს სხვა კითხვა ისმება - „რა იქნება შემდეგ?“. ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ იცის, ხელისუფლება კი სიტუაციიდან გამოსავალს გამალებით ეძებს.
იბეჭდება მცირე შემოკლებით
წყარო: «Каспiй»(აზერბაიჯანი)

















