სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე - გადმოცემულია ქართველი დიპლომატის საქმიანობა სომხეთში, საელჩოს მიერ შეტანილი წვლილი ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში, რომელიც ძირითადად კულტურისა და განათლების სფეროს ეხება.
გიორგი საგანელიძემ რწმუნების სიგელი სომხეთის პრეზიდენტს ერთი წლის წინ გადასცა. იგი სიამოვნებით იხსენებს სერჟ სარგსიანთან საუბარს, რომელიც დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად ორჯერ უფრო მეტხანს გაგრძელდა.
ელჩის აზრით, მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ივლისის თვეში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს - 25 წლისთავის აღნიშვნა. ამ საზეიმო ღონისძიებისათვის საქართველოს მთავრობამ სომხურ საზოგადოებას საჩუქარი მოუმზადა: ერევნის ფილარმონიის დარბაზში ქართული ანსამბლის „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა, რასაც მოსახლეობა ძალიან თბილად შეხვდა.
ქართველი დიპლომატი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ურთიერთსტუმრობაზე (ერევნის საგანმანათლებლო კომპლექს „მხითარ სებასტაცის“ ინიციატივით), ახალგაზრდულ ბანაკებზე როგორც საქართველოში (შაორი), ასევე სომხეთში (დილიჯანი). ელჩი საუბრობს ახალქალაქში გამართულ კულტურული ღონისძიებების შესახებ, ასევე ერევანში კომპოზიტორ გია ყანჩელის მონაწილეობით ჩატარებულ ფესტივალის ირგვლივ.
მთლიანობაში ჩვენ ვცდილობთ თანამშრომლობის ახალი გზების ძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსაზღვრული დარგების განვითარებას. ჩვენ ერთმანეთისათვის ბუნებრივი პარტნიორები ვართ. შესაბამისად, ორივე ქვეყნებში მიმდინარე პოზიტიური თუ ნეგატიური პროცესები ადრე თუ გვიან ერთმანეთზე აისახება. ამიტომაც ჩვენ უფრო მეტად პოზიტივზე უნდა ვიმუშაოთ, ერთამანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და შესაძლებლობისდა მიხედვით, ერთმანეთს დავეხმაროთ“, - წერს ქართველი ელჩი და მადლობას უხდის სომხეთის მთავრობას საქართველოში მომხდარი ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისათვის. გიორგი საგანელიძე კიდევ ერთხელ ულოცავს სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს (21 სექტემბერს) და სომეხ ხალხს მშვიდობა და წარმატება უსურვებს.

















