«BBC»-ს უკრაინული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის
საქმის განხილვა „საზღვრის გარღვევის“ შესახებ უკრაინის ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში. სწორედ მის ტერიტორიულ იურისდიქციაში შედის „შეგინის“ საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი, სადაც „გარღვევა“ მოხდა (ავტორი - ვიტალი ჩერვონენკო, „ბი-ბი-სი“ კორესპონდენტი).
„მართალია, ვერდიქტის გამოტანა 22 სექტემბრისათვის გადაიდო, მაგრამ თუ სასამართლოს მიმდინარეობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი სხდომა თავის აქტივში უნდა ჩაიწეროს: მოსამართლე იური ბელოუსი საკმაოდ ლოიალურად მიუდგა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობებს, ყველა დააკმაყოფილა და შენიშვნაც კი არ მიუცია. თემიდის მსახურის ასეთი ლიბერალური მიდგომა საკმაოდ მოულოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ წარდგენილი სარჩელის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ჯარიმა (3400 გრივნა) ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
მოსტისკის რაიონული სასამართლოს შენობასთან, რომელიც ძველია და კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, წესრიგის დამცველ პოლიციელებთან და მომჩივან მესაზღვრეებთან, უკრაინელ და დასავლელ ჟურნალისტებთან ერთად, ექს-პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც არიან შეკრებილნი, რომელთა შორის შეხლა-შემოხლაც ხდება: მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები გაიძახიან: „წავიდეს თავის საქართველოში, ჩვენთან იგი უცხოპლანეტელივითაა“. მომხრეები პასუხობენ: „მხოლოდ მას შეუძლია პეტრო პოროშენკოს დამხობა, რომელმაც ჩვენ მუხლებზე დაგვაჩოქა“. მოკლედ, ამდენი ხალხი და ასეთი ჭრელი საზოგადოება მოსტისკის სასამართლოს კედლებს არასოდეს უნახავს.
სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ლირიკული გადახვევებით ჰყვება, თუ როგორ გადალახა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და როგორ დაბრუნდა მშობლიურ უკრაინაში. თავის გამოსვლაში იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინზე, პეტრო პოროშენკოსა და მათ დამქაშებზე... იხსენებს პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასაც, რომელიც ქართველი ჟურნალისტის დავით ღონღაძის უკრაინიდან გაძევებას მოითხოვდა: „დღეს იგივეს აკეთებს პეტრო პოროშენკო“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და სულ ბოლოს აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა უკრაინაში მის წინააღმდეგ თითქოსდა საქმე იყო აღძრული „უკრაინული ნაციონალიზმის მხარდაჭერის გამო“. მოკლედ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მას საზღვარი არც დაურღვევია და არც გაურღვევია, იგი ხალხმა „ხელში აყვანილი“ დააბრუნა უკრაინაში.
მიხეილ სააკაშვილისადმი მოსამართლისა და თვით მესაზღვრეების მიერ გამოხატულ გადაჭარბებულ ლოიალობიად მოწმობს ერთი მცირე, მაგრამ საკმაოდ მიმანიშნებელი დეტალი: ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში დაბრუნებისას მოსამართლე იური ბელოუსმა სიტყვა მისცა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს, მიხეილ სააკაშვილი კი ამ დროს ფრანგულად ინტერვიუს აძლევდა უცხოელ ჟურნალისტს. არც მოსამართლეს და არც მომჩივანს არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს, არადა, ასეთი რამ სასამართლოში იშვიათად თუ ხდება.
მოსამართლის დადგენილება სხდომის გადადებაზე მიხეილ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა: „ჯარიმა მცირეა, მისი გადახდა არ გამიჭირდება, მაგრამ ეს საქმე პრინციპის საკითხია. ვაცხადებ, რომ საზღვარი არ დაგვირღვევია და ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ეუბნება ექს-პრეზიდენტი ჟურნალისტებს. ერთი ერთი ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ „მოსამართლე ძალიან ლოიალური იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართო“, ადვოკატი პასუხობს, რომ „იური ბელოუსი კანონის მიხედვით მოქმედებდა, რაც ბევრისთვის დავიწყებული და უჩვეულოა“.

















