„ბოლო დროს დასავლურ მასმედიაში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა მასალები ახლო პერსპექტივაში საქართველოსა
და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობისა და თვით იდეის უაზრობის შესახებ. ამ თვალსაზრისს იზიარებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერიც, რომელმაც ქართულ გაზეთ „კვირის პალიტრა“-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას და იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია და მოემზადოს იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს», - აღნიშნა კურტ ვოლკერმა და ხაზი გაუსვა: „შეგახსენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს - 1999 წელს მათ განუცხადეს, რომ შეუძლებელი იყო ნატოში გაწევრება, თუმცა, 2002 წელს ისინი ალიანსში მოიწვიეს. ნატოში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია“.
ფაქტია, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ პროდასავლურ ქვეყნად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი სამი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტაქტიკა ერთმანეთისაგან საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დამყარებული ქვეყნის დასავლური სტრატეგიული კურსი მაინც უცვლელი რჩებოდა. მაგრამ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ ძალზე საკვირველი შედეგი აჩვენა: მოსახლეობის თვალსაზრისი თანდათან იცვლება - უკვე გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. ასეთი რამ საქართვლოში ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო.
საქართველოს ხელისუფლების დაუსრულებელ თხოვნაზე - „ნატო, რა მოგივიდა, „მაპი“ მაინც მოგვეციო“, აშშ-ის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ „საქართველო და მასთან ერთად უკრაინაც ჯერ-ჯერობით ნატოსაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან“. მანამდე კი ნატოს გენერალური მდივნები, დაწყებული ჰავიერ სოლანათი, ამ სახის ფორმულირებებით სარგებლობდნენ: „ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ღია კარამდე მისასვლელად დიდი გზის გავლა გჭირდებათ“. მაგრამ როცა უკვე იმ ქვეყნის წარმომადგენელი აცახდებს, რომელიც ნატოში დომინირებს (ანუ აშშ) - საქართველო ნატოსაკენ მიმავალ გზაზე საერთოდ არ დგასო, მაშინ რისთვის დაიღუპა 29 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი ავღანეთში, ალიანსის სამშვიდობო ოპერაციის მსვლელობის დროს? ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვა თბილისში სულ უფრო ხშირად ისმის.
რაც შეეხება უკრაინას, რასაკვირველია, არავინ ამბობს იმას, რომ ამ ქვეყნისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სამუდამოდ განუხორციელებელია, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი ახლო ათწლეულებში ვერ გადაწყდება, ამას არავინ მალავს. იმავდროულად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გულუბრყვილოდ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ნატოში მიღება მხოლოდ უკრაინის ხალხის სურვილზეა დამოკიდებული და ამ მიზნისათვის მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. რასაკვირველია, ბოლოსდაბოლოს, რეფერენდუმის მოწყობა, მნიშვნელოვან თანხებზე რომ არაფერი ვთქვათ, არცისე ძნელია, მაგრამ განა ვინმეს ჭირდება დასავლეთში ეს რეფერენდუმი? მთელმა უკრაინამ, დიდ-პატარიანად, თანხმობა რომ განაცხადოს ნატოში გაწევრიანებაზე, მათ ალიანსში მაინც არავინ ელოდება. მაქსიმუმი იქნება მსახურის როლში ყოფნა და არა ნატოს სრულუფლებიანი წევრობა. ჰოდა, საერთოდ, რამდენად აუცილებელი იყო ამდენი რევოლუციების მოწყობა და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა? არსებითად, სწორედ დასავლეთის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა განაპირობა ის, რომ უკრაინას დაუსრულებელი პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში კიევი ნატოსა და ევროკავშირის გარეშე რჩება.

















