„რუსები უკრაინის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს ატარებენ. პეტრო პოროშენკომ კიევში მიწვეულ უცხოელ
პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ამ დროს კი ქვეყნის ღრმა ზურგში მართლაც მოხდა საინტერესო და ექსტრაორდინარული შეჭრა“, - აღნიშნულია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის «The Independent»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, რომელშიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შესახებაცაა საუბარი (ავტორი - კიმ სენგუპტა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თავის დროზე მშობლიური საქართველოდან მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო გაიქცა, თავი დასავლეთ უკრაინას შეაფარა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქალაქ ლვოვში პოლონეთიდან გადმოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, საზღვრის დარღვევის გზით. ახლა ყოფილი ქართველი პრეზიდენტი უკრაინელ მოქმედ პრეზიდენტს კიევზე ლაშქრობით ემუქრება.
უკრაინის პოლიტიკისათვის, სადაც სიტუაცია ქაოსურად ვითარდება რევოლუციიდან 4 წლის შემდეგაც კი, მიხეილ სააკაშვილის გეგმები ისტორიის მორიგ სიურპრიზს წარმოადგენს - ქვეყანაში, სადაც კორუფცია ჯერ კიდევ პოპულარულია, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესღაც დასავლეთის საყვარელი ბიჭი იყო, პეტრო პოროშენკოსათვის მნიშვნელოვანი მოკავშირის როლს ასრულებდა. პეტრომ თავის მეგობარს თანამდებობა მისცა და სთხოვა ოდესის ოლქში გამეფებული კორუფცია აღმოეფხვრა. მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად გაიჩინა მტრები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის სახით, რომელიც გავლენიანი პიროვნებაა. მათ შორის საჯარო შეხლა-შემოხლაც კი მოხდა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავის უფროსს - პეტრო პოროშენკოსაც დაუპირისპირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოროშენკოს ხალხმა სააკაშვილის ხალხის შემოწმება დაიწყო. საქართველოს ექს-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა და თავის ყოფილ მეგობარს კრიტიკა დაუწყო - განსაკუთრებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმევის შემდეგ. აბა რა, პრეზიდენტმა ხომ ქართველი ექს-კოლეგა უსამშობლოო პირად აქცია, თან იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მაგრამ ყველასათვის გასაკვირად და მოულოდნელად, ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში დაბრუნება მაინც მოახერხა, ცხადია, მხარდამჭრების დახმარებით.
სამთავრობო ჩინოვნიკებს ადრე არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, ანუ იგი დაპატიმრებული იქნება და საქართველოს გადაეცემაო, მაგრამ ორი დღის წინათ უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ (რომელიც, სხვათა შორის, თვითონაც იჯდა ციხეში სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცებისა და სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების გამო) ყველას „წყალი გადაასხა“ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირ ბრალს არ წაუყენებენ და საქართველოში მისი ექსტრადირებაც არ მოხდება: „ისეთი დოკუმენტები წარმოადგინა, რომ მას საქართველოს ვერ გადავცემთო“. მაინც რა საბუთები აქვს მიხეილ სააკაშვილს, გენპროკურორმა არ გაამხილა, თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლება მას ესოდენ საჭირო იმუნიტეტს აძლევს.
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამჟამად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფება. რასაკვირველია, იგი სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ლანძღვას დაუწყებს და აშშ-ის პრეზიდენტს შემტევითი იარაღის მიწოდებას სთხოვს. გავიხსენოთ: მიხეილ სააკაშვილის ეპოქის „მზის ჩასვენება“ სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მან ცხრა წლის წინ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და თავისი მოქმედებით რუსეთი ომში გამოიწვია. ვლადიმერ პუტინი, რომელსაც აშკარად სძულს ორივე - პეტრო პოროშენკოც და მიხეილ სააკაშვილიც, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, უეჭველია, თვალს სიამოვნებით ადევნებს“.

















