"უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ყოველთვის გამოირჩეოდა არაადექვატური
ნაბიჯებით და მოქმედებით, მაგრამ ამჯერად უკვე საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა - ნამდვილი შოუ მოაწყო ვოდევილის ელემენტებით და უკრაინის საზღვარი იოლად გაარღვია. უფრო ზუსტად, მას „გარღვევა“ არც კი დაჭირდა, იგი „მშვიდობიანმა ადამიანებმა“ ისე „მშვიდობიანად“ გადაიყვანეს, რომ მმესაზღვრეები არც განძრეულან"-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ ჟურნალისტ ალი საიდოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ალბათ, აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ: უკრაინის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ყოველთვის აცხადებდა: მოგვეცით ესა და ეს და ჩვენ მთელ მსოფლიოს გადავაბრუნებთ“. მიხეილ სააკაშვილმა კი თავისებურად გააკეთა: „არაფერი არ მინდა, ვიტყვი და შევასრულებ! თქვა და მართლაც შეასრულა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინის ხელისუფლება საზღვარს ვერ აკონტროლებს.
იბადება კითხვა: თუ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან საქმის გამწვავებაზე წავიდა, მაშინ საჭიროა მისი სასწრაფოდ დაპატიმრება და საქართველოში დეპორტაცია, ექსტრადირების მიზნით. რატომ იყო საჭირო პოლონეთში მატარებლის გაჩერება განცხადებებით - „ვაგონში არასასურველი პირია და ვერ დავიძვრებითო, თან გვარსაც არ ასახელებდნენ. და საერთოდ, როგორ გააჩერა უკრაინის ხელისუფლებამ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს? ან რა საჭირო იყო საზღვარზე „სპეცნაზის“ გადასროლა, თუ კაცის დაჭერის თავი არ გაქვს? მოკლედ, გასაკვირი სიტუაციაა.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოქმედებდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი: ჟურნალისტებთან, მხარდამჭერებთან, ცოლ-შვილთან და... უკრაინის ექს-პრემიერთან ერთად. განა მომხდარი ამბები იმაზე არ მიანიშნებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ერთი ხელის აქნევით უკრაინის საზოგადოება ორად გაჰყო?
კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ერთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია: რაში სჭირდებოდა პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შოუს მოწყობა, რომ ექს-პრეზიდენტმა ანკეტის შევსებისას თითქოსდა დამალაო საქართველოში მისი სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტი? გამოდის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი გაგებაში არ იყო - ჯერ მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა... სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. პეტროს ეგონა, რომ რადგან მიხოს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! მიშა, როგორც ყოველთვის, ყინულმჭრელივით მოქმედებს. მის ირგვლივ უკვე მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა შეიქმნა. არაა გამორიცხული, რომ კიევის მოქმედებამ შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება შეიძლება რუსეთთან გარიგებაზეც კი წავიდეს - არის ამის რისკი.
მოცემულ მომენტში სიტუაცია ასეთია: პეტრო პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია მიხეილ სააკაშვილისა, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან. თავიანთი ბრიყვული მოქმედებით ისინი ექს-პრეზიდენტს ხელოვნურად უზრდიან რეიტინგს უკრაინულ საზოგადოებაში. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი ელემენტარულად გაკეთებულიყო, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ხოლმე: მესაზღვრეები პიროვნებას საბუთებს უმოწმებენ და სხვადასხვა მიზეზის გამო უკან აბრუნებენ. ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერი არ არის. მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა საქმე გააჭიანურეს, იყოყმანეს და მიხეილ სააკაშვილმაც სიტუაციით ისარგებლა, შოუ მოაწყო და უკრაინის ხელისუფლების იმიჯსაც წყალი შეუყენა, თანაც წყალი რუსეთის წისქვილზეც დაასხა - აი, რა უუნარო ხელისუფლება ჰყავს უკრაინასო.
ისმება კითხვები: რას გააკეთებს ოფიციალური კიევი? დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს გადასცემს? თუ მასთან მოლაპარაკებას გამართავს და პროცესებს დაამუხრუჭებს? აშკარაა, რომ ხელისუფლებისთვის არცერთი ვარიანტი უკვე მისაღები არ არის, რადგან ა) დაჭერისათვის დრო ხელიდან გაშვებულია და თუ დაპატიმრებას შეეცდებიან, შეიძლება მაიდანი თუ არა, მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოხდეს; ბ) მოლაპარაკებაზე კიევი არცერთ შემთხვევაში არ წავა, საქმის „დამუხრუჭებაც“ გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილი კი „ცხენზეა ამხედრებული“ და არ გაჩერდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოვლენები სწრაფად განვითარდება.
«Каспiй» - აზერბაიჯანის ყოველდღიური რუსულენოვანი გაზეთი, იბეჭდებოდა ბაქოში 1881-1919 წლებში, აღდგა 1999 წელს. ტირაჟი - 10 ათასი ეგზემპლარი.

















