ირანის რუსული რადიოს ეთერში გადაიცა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის
გადაკვეთის ფაქტს.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სიუჟეტის ქართულენოვან რეზიუმეს:
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა უკრაინაში შესვლა მაინც მოახერხა - ჯერ ავტობუსით ეცადა, მერე მატარებლით, შემდეგ კი ისევ ავტობუსში გადაჯდა და მხარდამჭერების მეშვეობით საზღვარზე მოწყობილი პოლიციის კორდონი გადალახა.
ჩვენს რადიომსმენელებს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ერთ-ერთი -სახელმწიფო საკუთრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით (5 მლნ. დოლარი) მიტაცების გამო. 2013 წელს იგი მართლმსაჯულებას გაექცა და თავი ჯერ ამერიკას, შემდეგ კი უკრაინას შეაფარა, სადაც მან მეორე მოქალაქეობა მიიღო: 2015 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს არა მარტო ქვეყნის ქვეშევრდომობა უბოძა, არამედ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით თავის ახალ პატრონს - პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა და იგი „უკრაინის მოქალაქეების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და ამერიკაში წავიდა. სწორედ ამ მომენტში იდროვა პეტრო პოროშენკომ და მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ანუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პრაქტიკულად მოქალაქეობის გარეშე დარჩა.
საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის სახელი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მომხდარ „ფერად რევოლუციებთან“ ასოცირდება, კერძოდ, საქართველოში 2003 წლის შემოდგომაზე მომხდარ „ვარდების რევოლუციასთან“. იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ახალი ფორმატის პოლიტიკოსად იყო მიჩნეული: მან ხელისუფლებას ჩამოაშორა საბჭოური ბიუროკრატი ედუარდ შევარდნაძე და პრეზიდენტად ორი ვადის განმავლობაში იყო არჩეული.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს „მართვადი დემოკრატიის“ პერიოდად მოიხსენიებენ - ისევე როგორც ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობას უკრაინაში. ორივე ლიდერი დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამგვარმა „მართვადმა დემოკრატიამ“ ნეგატიური შედეგები გამოიღო და საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობისათვის პრაქტიკულად არანაირი მიღწევები არ მოუტანია, პირიქით - მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ პირობებში აღმოჩნდა, სახელმწიფოს კი ტვირთად დააწვა მზარდი საგარეო ვალი.
სწორედ ამიტომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა ძალიან მალე აღმოჩნდა იმედგაცრუებული მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მედასავლეთე პოლიტიკოსებით და „ფერადმა რევოლუციებმაც“ თანდათანობით აქტუალობა დაკარგა.

















