გავლენიან გერმანულ «Deutsche Welle»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარები საქართველოს ექს-პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადასვლასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მაქსიმ დრაბოკის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
„ლიტველი ევროდეპუტატი პიატრას აუშტრივიაჩუსი შოკირებულია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ფაქტით, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ევროდეპუტატის თქმით, იგი წინა დღეებში მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა და ექს-პრეზიდენტმა მას აღუთქვა, რომ საზღვარზე გადასვლისას ძალადობრივი მეთოდით არ ისარგებლებდა. „მე მას ბრალდებულად და ძალადობრივი პოლიტიკის პოლიტიკის მომხრედ არ ვთვლი, მაგრამ ის, რაც საზღვარზე გადასვლისას მოხდა, მიუღებელია: როცა შენ ხალხს მიმართავ და ამ დროს უმართავი ბრბოს ნაწილად იქცევი, სიტუაციის გაკონტროლება ძნელია. პოლიტიკოსისთვის ხალხისადმი აპელირება სახიფათოა, რადგან შემდეგ იგი ბრბოს მიერ ჩადენილი ქმედების მონაწილედ იქცევა. ის, თუ როგორი მეთოდით შევიდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, აუცილებლად აისახება მის პოლიტიკურ კარიერაზე“, - ამბობს ევროდეპუტატი „დოიჩე ველე“-სთან ინეტრვიუში. პიატრას აუშტრივაჩიუსის აზრით, ევროკავშირის პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ასეთი იქნება: „თავი დაგვანებეთ, თქვენს საქმეს თქვენვე მიხედეთ, ამ მოვლენებში ნუ ჩაგვრთავთ. ეს მოვლენა პოლიტიზებულია, ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი ცდილობს მასში ჩართვას. მე პირადად ევროკავშირის ინტერესს ვერ ვხედავ. ჩვენ, ევროკავშირს, მხოლოდ ის გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე სწრაფად და სამართლიანად გადაწყდეს. ახლა სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. უკრაინას აქვს შანსი კანონის უზენაესობა აჩვენოს“.
პოლონელმა ევროდეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საკითხს ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე დააყენებს, თუმცა, როგორც მისი კოლეგა პიატრას აუშტრივიაჩუსი თვლის, საკითხის დაყენება არაფრის მომტანი არ იქნება: „ვიმეორებ - ევროპარლამენტი ამ პოლიტიკური საქმით დაინტერესებული არ არის. ევროპარლამენტს არ სურს მედიატორი იყოს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის მიმდინარე დისპუტში“.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ „საზღვრის გარღვევა“ დასავლეთის დიდ რეაქციას არ გამოიწვევს. მიუხედავად მისი დამსახურებისა საქართველოს რეფორმირების საქმეში, მიხეილ სააკაშვილის ბოლო მოქმედება ძალიან პათოსური და არასერიოზულია“, - ამბობს „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ჯ.მარშალის გერმანული ფონდის ანალიტიკოსი იორგ ფორბრიგი. „მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იყენებს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს პოლიტიკური რეანიმაციისათვის. ამასთან, იგი ერთიანდება იულია ტიმოშენკოსთან, რომლის დემოკრატობა ძალიან საეჭვოა. ამ ორ ადამიანს პოპულისტობა ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი და ბრძოლაში იწვევენ „გაუბედავ რეფორმატორ“ პეტრო პოროშენკოს. ეს ის არაა, რაც დასავლელ პოლიტიკოსებს სურთ. ისინი ამ ე.წ. „ბიზანტიური ისტორიისაგან“ შორს ყოფნას ამჯობინებენ“, - ამბობს ინტერვიუში იორგ ფორბრიგი.
უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი სტივენ პაიფერი „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული სიტუაცია პოლიტიკურ ცირკს წარმოადგენს: „პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თეატრალური სპექტაკლი დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტმაც უკრაინაში დაბრუნება თეატრალური გზით გადაწყვიტა. ორივეს მოტივი საეჭვოდ მიმაჩნია. ამით დასავლეთში უკრაინის იმიჯი ზიანდება“, - დარწმუნებულია ამერიკელი დიპლომატი.

















